კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს ,,ტომოსოლოგია'' I ნაწილი

12 October 2020 21:08
2739
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ,,მთავარი მართმადიდებლობაში'' ხდებოდა თანდათან. ფოტო: СПЖ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ,,მთავარი მართმადიდებლობაში'' ხდებოდა თანდათან. ფოტო: СПЖ

ფანარიონის იდეოლოგია ,,პირველი და ერთადერთი'' უცებ არ წარმოშობილა. ის თანდათან ინერგებოდა კონსტანტინოპოლისგან ადგილობრივ ეკლესიებში.

კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის (კმე) ტომოსები სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ავტოკეფალიის შესახებ - ისტორიისა და ეკლესიოლოგიის ძეგლებს წარმოადგენენ.ტომოსების საშუალებით შეიძლება კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარ თავსა და ავტოკეფალიების, ეკლესიაში ქრისტეს როლის, კანონებისა და კრებების მნიშვნელობის შესახებ სწავლებაში ცვლილებებისთვის თვალის მიდევნება.

როგორც წესი, ახალი დოგმატების დამტკიცებისას მსოფლიო კრებები მხოლოდ აფორმებდნენ საეკლესიო გარდამოცემას სადავო საკითხებში.

კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის (კმე) ტომოსების შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ეკლესიის შესახებ სწავლების შინაარსის ცვლილებასთან. ჩვენ არა მხოლოდ ახალ ფორმულებს ვხედავთ, არამედ ვხედავთ მათ პირდაპირ წინააღმდეგობრიობას როგორც ადრე არსებულ ფორმულებთან, ასევე მსოფლიო კრებების კანონიკურ მემკვიდრეობასთან. შეგვიძლია თვალი მივადევნოთ ეკლესიის შესახებ ახალი სწავლების ფორმირების გენეზისს, რომელიც თავდაპირველად კანონიკურ სამართალში არსებულ  „სიცარიელეს“ ავსებდა, შემდეგ მის გამოდევნებას შეუდგა, საბოლოო ჯამში კი მასთან წინააღმდეგობრიობაში მოვიდა. ამის შემდეგ ეჭვის ქვეშ დააყენა ის ეკლესიოლოგიური დოგმატები, რომლებიც არა მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ იყო დამტკიცებული, არამედ უშუალოდ სახარებაში და წმინდა მოციქულთა ეპისტოლეებში არის გადმოცემული:

ქრისტე თავ არს ეკლესიისა (ეფ. 5:23);

და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა (ეფ. 1:22);

ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ (რომ. 12:4-5).

ტომოსების შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ეკლესიის შესახებ სწავლების შინაარსის ცვლილებასთან. ჩვენ არა მხოლოდ ახალ ფორმულებს ვხედავთ, არამედ ვხედავთ მათ პირდაპირ წინააღმდეგობრიობას როგორც ადრე არსებულ ფორმულებთან, ასევე მსოფლიო კრებების კანონიკურ მემკვიდრეობასთან.

შესაძლებელია, სწორედ „კმე“-ს მიერ სხვადასხვა წლებში გამოცემული ტომოსების ერთმანეთთან აშკარა წინააღმდეგობრიობის გამო 2020 წლიდან მათი ნახვა აღარ არის შესაძლებელი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საიტზე, სადაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ისინი მარტივად იძებნებოდა. „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გამოცემის შემდეგ ამ თემამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

განსხვავებით „კმე“-ს იერარქების, მათ შორის პატრიარქის, სხვადასხვა სტატიებისა და განცხადებებისგან, ტომოსები არ შეიძლება მივიჩნიოთ კერძო თეოლოგიურ აზრად ან კანონების სუბიექტურ გაგებად. ტომოსი წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც გამოხატავს „კმე“-ს „მამების თანხმობას“ და გამოიცემა მისი წმინდა სინოდის მიერ, რომელსაც კონსტანტინეპოლის ტრადიციაში, ფაქტობრივად, რუსეთისა და ზოგიერთ სხვა ეკლესიაში არსებული ანალოგიური საეპისკოპოსო კრების უფლებები გააჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტომოსი წარმოადგენს „კმე“-ს სწავლების ოფიციალურ გამოხატვას თუ არა, მის ოფიციალურ ანარეკლს მაინც.

როგორც ცნობილია, 2019 წლის იანვარში კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ წარმოადგინა ტომოსი ე.წ. „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ („უმე“) ავტოკეფალიის შესახებ, რომელიც მოცემულ დოკუმენტში „უკრაინის უწმინდესი ეკლესიის“ სახელით მოიხსენიება. ამ მოვლენამ მართლმადიდებლური სამყაროს განხეთქილება გამოიწვია, რომელშიც მთავარ მოწინააღმდეგებად იქცნენ კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოები. ზემოხსენებული

მოვლენის ნიადაგზე წარმოქმნილი დავებისა და კონფლიქტების ძირითად თემებად შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

  • დავა თანამედროვე უკრაინის ტერიტორიის კანონიკური კუთვნილების გამო;
  • ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობა განდგომილთათვის და თვითნებური თავშეყრისთვის, რომელიც მოკლებულია სამოციქულო მემკვიდრეობას;
  • კონსტანტინეპოლის კათედრის უფლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ პარაეკლესიური წარმონაქმნების ბედისა და ავტოკეფალიის შესახებ, რომლებიც სხვა ადგილობრივ ეკლესიებს გამოეყვნენ;
  • მართლმადიდებლურ სამყაროში კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველობის უფლება;
  • ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის შინაარსი.

ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მწვავე დავის საგნად იქცა არა მხოლოდ მოსკოვისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოების მომხრეებისთვის, არამედ თავად უკრაინელი სქიზმატიკოსებისთვისაც, რომლებმაც საბოლოო ჯამში დროებითი იძულებითი კომპრომისის სახით მიიღეს ფანარიოს ტომოსი, რადგან დოკუმენტის შინაარსი მათაც არ აწყობდათ. გარდა თვითგამოცხადებული „საპატრიარქოს“ სტატუსის ჩამორთმევისა, „უმე“-ს დაუწესდა სხვადასხვა შეზღუდვები უფლებებსა და სტატუსში. „ავტოკეფალური სტატუსით“ მას ნაკლები უფლებები ენიჭებოდა თვითმმართველობაში, ვიდრე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში ყოფნისას. თუმცა მოცემული საკითხი გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინელი სქიზმატების, არა მხოლოდ კანონიკური „უმე“-ს და არა მხოლოდ მოსკოვისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოების ინტერესებზე. ეს საკითხი ეხება მართლმადიდებლური სამყაროს ზოგად ორგანიზებას, ადგილობრივი ეკლესიების ურთიერთობებსა და შემდეგ დილემას: ვინ არის ქრისტე თავისი ეკლესიისთვის - მისი თავი თუ მხოლოდ რწმენის ობიექტი.

მოდით გავარკვიოთ, თუ რამდენად ატიპიური იყო ფანარიოს მიერ „უმე“- სთვის გადაცემული ტომოსი და როგორია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და მასთან ერთად სხვა ადგილობრივი ეკლესიების „ტომოსოლოგიის“ გენეზისი.

როგორც ცნობილია, დღეისთვის არსებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიებისგან ყველაზე ძველია იერუსალიმის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიები, რომლებიც წმინდა მოციქულებმა დააფუძნეს. მოგვიანებით მათ რიცხვს შეემატა „კმე“, რომლის კათედრა მნიშვნელოვანი გახდა იმპერატორ კონსტანტინეს მიერ 330 წელს რომის იმპერიის ახალი დედაქალაქის - კონსტანტინეპოლის - დაარსების შემდეგ. მისი „რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლი უპირატესობის“ სტატუსი დამტკიცდა 381 წელს II მსოფლიო კრების მე-3 კანონით. კვიპროსის ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან, ის დამტკიცდა III მსოფლიო (ეფესოს) კრების მიერ, საკუთრივ, მისი მე-8 წესით, 431 წელს.

V საუკუნეში ანტიოქიისგან ავტოკეფალია მიიღო საქართველოს ეკლესიამ, მოგვიანებით, რიგი ისტორიული პერიპეტიების შემდეგ, მისი ავტოკეფალია დამტკიცდა ანტიოქიის ადგილობრივ კრებაზე 1057 წელს. ამის შემდეგ წარმოქმნილმა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ავტოკეფალია მიიღეს ან კონსტანტინეპოლის ან რუსეთის ეკლესიებისგან (რაც, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ზემოხსენებულ ეკლესიებს შორის დაუძლეველ დაბრკოლებად იქცა).

რუსული ეკლესია

კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს ,,ტომოსოლოგია'' I ნაწილი фото 1
კონსტანტინეპოლის კრების სიგელი მოსკოვის საპატრიარქოს დაარსების შესახებ

საბაზო შედარებისთვის ავიღოთ 1590 წლის ტომოსი რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ - ეს წარმოადგენს ამ სახის ერთადერთ დოკუმენტს, რომელიც ეხება ამჟამად მოქმედ ადგილობრივ ეკლესიას. მივაქციოთ ყურადღება მოცემული დოკუმენტის საკვანძო პოზიციებს (არ შევუდგებით დოკუმენტების სრული ტექსტის გადმოცემას, რადგან ეს მრავალჯერ გაზრდის მოცემული პუბლიკაციის მოცულობას, ამის ნაცვლად მოვიყვანთ შესადარებლად საჭირო ციტატებსა და ამონარიდებს, სრული ტექსტი კი  ხელმისაწვდომი იქნება მითითებულ ბმულებზე):

„დამტკიცებულია 1590 წელს. იერემია, წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა და ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი...

დავადგინოთ მოსკოვის მთავარეპისკოპოსს ეწოდოს პატრიარქი როგორც ეწოდებათ დანარჩენებსაც; პირველი კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებისგან პატივდებულ იქნა პატრიარქობის ღირსებით ნეტარი და მოციქულთასწორი დიდი იმპერატორი კონსტანტინეს მიერ. შემდეგ ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქებმაც იხილეს რა ჩვენი სიმდაბლე, იხარეს ღმრთისაგან მოცემული ამ მეუფების გავრცელებითა და სიდიადით, რადგან ერთია დედამიწაზე დიდი მართლმადიდებელი მეუფე და უღირსობაა მისი ნების არშესრულება...

...ეს სიგელი ვინებეთ და დავტოვეთ, დაე მიეცეს მთავარეპისკოპოსს მოსკოვისა მეხუთე პატრიარქის ძალაუფლება და პატრიარქის ღირსება და პატივი მოიხსენიებოდეს და პატივიცემებოდეს სხვა პატრიარქებთან ერთად უკუნისამდე, როგორც ეს ადგილზევე გადავწყვიტეთ...

...აზრი და თხოვნა კეთილმორწმუნე მეფისა შეისმინეს რა, სხვა უწმინდესმა პატრიარქებმა - ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის - შეიყვარეს მისი ღირსება და სანაქებო საქმეები, მადლიერად და კურთხეულად მოეჩვენათ ისინი. ჩვენი უმდაბლესობა თვით ამ პატრიარქებთან და მსოფლიო კრებასთან ერთად ერთ აზრად და თანხმობით და სულიწმინდის მადლით ვწერთ და ვაცხადებთ ამის შესახებ კრების სიგელით, უპირველესად სამეუფეო ქალაქ მოსკოვში ვაღიარებთ და ვასრულებთ უფალი იობ პატრიარქად დადგინებას და სახელდებას, ამისთვის კრების ნებით ვწერთ და ვგზავნით საპატრიარქო სიგელს, რათა მომავალში პატრიარქად დადგენილი უფალი იობი პატრიარქად იწოდოს და სხვა პატრიარქებთან ერთად პატივისცემულ იქნეს და ლოცვებში ჰქონდეს რიგი იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ, ხოლო როგორც თავი და საწყისი ჰქონდეს და პატივს სცემდეს  კონსტანტინეპოლის სამოციქულო საყდარს სხვა პატრიარქების მსგავსად...“

ამგვარად, მოცემულ დოკუმენტს გარკვეული თავისებურებები გააჩნია.

  1. ახალი ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლი მოსკოვის მთავარეპისკოპოსი (დოკუმენტის ტერმინოლოგიით) მყისვე ცხადდება პატრიარქად. ჩვენ ვერ ვხედავთ მისი წოდების დაკნინების მცდელობას, როგორც ეს ავტოკეფალიის მინიჭების რიგ სხვა შემთხვევებში შეინიშნებოდა.
  2. გადაწყვეტილება კრებსითი ხასიათისაა, რომელიც მოიწონეს არა მხოლოდ კონსტანტინეპოლის, არამედ ყველა ძველმა პატრიარქმა.
  3. სტატუსით მოსკოვის პატრიარქი სხვა პატრიარქების თანასწორია და არ დგას მათზე დაბლა.
  4. ახალი ავტოკეფალია არ იზღუდება კონსტანტინეპოლის მიერ არც მირონის მოხარშვის, არც საკუთარი საეკლესიო სასამართლოს, არც შიდა სტრუქტურის საკითხებში.

ელადის ეკლესია

კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს ,,ტომოსოლოგია'' I ნაწილი фото 2

260 წლის შემდეგ - 1850 წელს - „კმე“ ანიჭებს ავტოკეფალიას ელადის ეკლესიას, რომელიც თავდაპირველად თვითგამოცხადებულ იქნა 1833 წელს საბერძნეთის პოლიტიკური ხელისუფლების მიერ. ელადის ეკლესიის ტომოსი აცხადებს:

„ქრისტეს შობიდან 1850 წლის ზაფხული, 8 ივნისი, კონსტანტინეპოლის წმინდა სინოდი. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.

... მსოფლიო კრებასთან ერთად თანახმად და ერთობით სული წმიდაში დავადგინეთ, რომ საბერძნეთის სამეფოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წინამძღოლი და თავი, ისევე როგორც მთლიანად კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიისა, უფალი ღმერთი და მაცხოვარი იესო ქრისტეა, ამიერიდან იყოს კანონიერად დამოუკიდებელი; და მის უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებად მიჩნეულ იქნას ეპისკოპოსებისგან შემდგარი მუდმივი სინოდი, რომლებსაც იწვევენ ხელდასხმის უპირატესობის მიხედვით ათენის უნეტარესი მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით. სინოდი განაგებდეს საეკლესიო საქმეებს საღმრთო და წმინდა წესების შესაბამისად და ყოველგვარი საერო ჩარევისგან დამოუკიდებლად. ამგვარად, ამ კრებსითი ქმედებით დადგენილ საბერძნეთის წმინდა სინოდს ვცნობთ და ვაღიარებთ ჩვენ სულიერ ძმად და ვამცნობთ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შვილებს, რათა აღიარონ ის ასეთად და მოიხსენიონ ელინური ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით. გადავცემთ მას ყველა უპირატესობას და განმგებლობის უფლებას, როგორც ეს უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას შეეფერება.

...აგრეთვე მიიღოს ქრისტეს დიდი ეკლესიისგან წმინდა მირონი საჭირო რაოდენობით.

... გარდა ამისა, იმ საეკლესიო საქმეების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებენ ერთობლივად განხილვასა და ურთიერთხელშეწყობას მართლმადიდებელი ეკლესიის უკეთესად მოწყობისა და განმტკიცების მიზნით, ელინელთა წმინდა სინოდმა მიმართოს მსოფლიო პატრიარქს და მასთან არსებულ წმინდა სინოდს. მსოფლიო პატრიარქი კი თავის წმინდა სინოდთან ერთად სიყვარულით გაუწევს მას დახმარებას, ელინური ეკლესიის წმინდა სინოდთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით.

...ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, კონსტანტინეპოლის ქრისტეს დიდი ეკლესია, ეს ოდითგანვე საშოკურთხეული დედა, როგორც უფლის სახლში აღყვავებული ვენახი, კრებსითად სული წმინდაში სცნობს და აცხადებს ელინურ ეკლესიას დამოუკიდებლად, ხოლო მის სინოდს - თავის და ყოველი ადგილობრივი ეკლესიის სულიერ ძმად“.

ამ ტომოსში ავტოკეფალიის პირობებში უკვე შეიმჩნევა მნიშვნელოვანი განსხვავებები რუსეთის ეკლესიის შემთხვევისგან.

  1. ტომოსში არ შეიმჩნევა ისეთი კრებსითობა, როგორიც იყო რუსეთის ავტოკეფალიის სიგელის შემთხვევაში. თუმცა მისი გარკვეული ნიშნები ჯერ კიდევ არსებობს. გარდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის პატრიარქის და წმინდა სინოდის წევრების ხელმოწერებისა, ტომოსი ხელმოწერილია აგრეთვე იერუსალიმის პატრიარქის კირილეს მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სულ მცირე ორი ადგილობრივი ეკლესიის აქტს წარმოადგენდა.
  2. ელადის ეკლესიის წინამძღოლი არ იღებს პატრიარქის სტატუსს.
  3. ტომოსში რეგლამენტირებულია ელადის ეკლესიის სინოდის შემადგენლობის განსაზღვრა.
  4. ტომოსში გაწერილია ელადის ეკლესიის მიერ მირონის მიღება კონსტანტინეპოლის ეკლესიისგან.
  5. ტომოსის დადგენილებით, ზოგადი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ურთიერთქმედება უნდა ხორციელდებოდეს „კმე“-ს მეშვეობით.

უკვე ელადის ეკლესიის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ ერთგვარ „არასრულ ავტოკეფალიას“, რომლის პირობებში ათენი რჩება დამოკიდებული „კმე“-ზე მირონის (რომლის გარეშე შეუძლებელი ეკლესიის მისტიური ცხოვრება), საგარეო ურთიერთობებისა და შიდა მმართველობითი ორგანოების შემადგენლობის დამოუკიდებლად განსაზღვრის საკითხებში.

ამგვარად, უკვე ელადის ეკლესიის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ ერთგვარ „არასრულ ავტოკეფალიას“, რომლის პირობებში ათენი რჩება დამოკიდებული „კმე“-ზე მირონის (რომლის გარეშე შეუძლებელი ეკლესიის მისტიური ცხოვრება), საგარეო ურთიერთობებისა და შიდა მმართველობითი ორგანოების შემადგენლობის დამოუკიდებლად განსაზღვრის საკითხებში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად დოკუმენტის ტექსტში გაწერილი ამ შეზღუდვებისა, ელადის ეკლესია მიჩნეულია კონსტანტინეპოლის ეკლესიისა და „ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესიის“ თანასწორად.

აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სრულიად კათოლიკე ეკლესიის თავად დასახელებულია უფალი იესო ქრისტე. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დოკუმენტის ეს თავისთავად ცხადი თავისებურება XXI საუკუნეში ასეთი „ცხადი“ აღარ არის.

სერბეთის ეკლესია

კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს ,,ტომოსოლოგია'' I ნაწილი фото 3
სერბეთის ეკლესიის ტომოსი

29 წლის შემდეგ, 1879 წელს, კონსტანტინეპოლი ანიჭებს ავტოკეფალიას სერბეთის ეკლესიას, ააღორძინა რა ამით პეჩის საპატრიარქო, რომლის მემკვიდრესაც წარმოადგენდა სერბეთის ეკლესია. ეს მოხდა გათავისუფლებული სერბეთის ხელისუფლების შუამდგომლობის შედეგად. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იოაკიმე III გამოსცა ტომოსი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ.

„...დროთა განმავლობაში ეკლესია გაიყო ადგილობრივ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ (გამოყოფილია ჩემ მიერ - პ.დ.), ეკლესიებად, რომლებსაც გააჩნიათ შიდა თვითმმართველობა, იმართებიან საკუთარი მწყემსების, მოძღვრებისა და ქრისტეს სახარების მსახურთა, ანუ ეპისკოპოსთა ან მთავარეპისკოპოსთა და პატრიარქთა, მიერ.

ამ სახით გაყოფა მოხდა არა მხოლოდ ქალაქებისა და საზღვრების ქრისტიანობისთვის ისტორიული მნიშვნელობის გამო, არამედ ხალხის პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით...იქედან გამომდინარე, რომ ღვთისმოშიშმა და ღვთივდაცულმა სერბეთმა მიიღო დამოუკიდებლობა და რომ ღვთისმოსავმა, ღმრთისაგან დამტკიცებულმა,  მთავარმა მილან მ. ობრენოვიჩ IV და უწმინდესმა ბელგრადის მთავარეპისკოპოსმა და სერბეთის მიტროპოლიტმა ბატონმა მიხაილმა პატიოსანი მრევლისა და ღვთისმოშიში ერის სახელით მოგვმართეს ჩვენ წერილობით და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაბამისად ისურვეს საეკლესიო დამოუკიდებლობაც, ჩვენი უმდაბლესობა უწმინდესი მიტროპოლიტებისგან შემდგარ ჩვენს წმინდა სინოდთან ერთად, სულიწმიდაში ჩვენს ძმასთან და თანამწირველთან ერთად, შევიკრიბეთ...და სულიწმინდის ნებით, გადავწყვიტეთ, რომ მათი თხოვნა მართებულია და შესაბამისობაშია წმინდა წესებთან და საეკლესიო პრაქტიკასთან. ამიტომ დავადგინეთ: დაე, სერბეთის სამთავროს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ბელგრადის მთავარეპისკოპოსისა და სერბეთის მიტროპოლიტის სახით დღემდე იმყოფებოდა კანონიკურ დამოკიდებულებაში კონსტანტინეპოლის ჩვენს წმინდა, სამოციქულო და საპატრიარქო ტახტთან, მასთან მიერთებულ ყველა ეპარქიასთან ერთად, უფრო ზუსტად, მთელი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც იმყოფება სერბეთის გათავისუფლებული სამთავროს პოლიტიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებში, დღეიდან იყოს კანონიკურად დამოუკიდებელი და თვითმმართველი, რომლის თავი, ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისა, არის ღმერთკაცი უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე (გამოყოფილია ჩემ მიერ - პ.დ.) და რომელსაც საეკლესიო საქმეებში ჰყავს და სცნობს თავის წინამძღოლად ბელგრადის მთავარეპისკოპოსსა და სერბეთის მიტროპოლიტს; ეს უკანასნელი კი წესების დაცვით სერბეთის ოლქების ეპისკოპოსებისგან შემდგარ კრებასთან ერთად, მართავს და აწარმოებს სამთავროს საეკლესიო საქმეებს თავისუფლად, სხვებისგან დამოუკიდებლად, როგორც ეს დადგენილია ღვთაებრივი და წმინდა წესებით. ამიტომ ამავე სინოდური აქტით ვცნობთ და ვაცხადებთ სერბეთის ეკლესიას ჩვენს სულიერ დად (გამოყოფილია ჩემ მიერ - პ.დ.), ხოლო ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას ვანდობთ სცნონ ის და მოიხსენიონ როგორც „სერბეთის სამთავროს წმინდა დამოუკიდებელი ეკლესია“. აგრეთვე ვაძლევთ მას სრულ ძალაუფლებას და ყველა უფლებას, რომელიც ეკუთვნის დამოუკიდებელ საეკლესიო ხელისუფლებას...წმინდა მირონს იღებს კონსტანტინეპოლის ქრისტეს დიდი დედა-ეკლესიისგან... რაც შეეხება შიდა საეკლესიო მმართველობას, ის [წინამძღოლი] თავის სინოდთან ერთად ზის, წყვეტს და განსაზღვრავს სახარებისეული სწავლების, წმინდა გარდამოცემისა და წმინდა ეკლესიის განსაზღვრებების შესაბამისად“ (გამოყოფილია ჩემ მიერ. - პ.დ.).

დროთა განმავლობაში ეკლესია გაიყო ადგილობრივ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ (გამოყოფილია ჩემ მიერ - პ.დ.), ეკლესიებად, რომლებსაც გააჩნიათ შიდა თვითმმართველობა, იმართებიან საკუთარი მწყემსების, მოძღვრებისა და ქრისტეს სახარების მსახურთა, ანუ ეპისკოპოსთა ან მთავარეპისკოპოსთა და პატრიარქთა, მიერ.

  1. ელადის ეკლესიის შემთხვევის მსგავსად, ახალი ავტოკეფალიის წინამძღოლი აქაც არ იღებს პატრიარქის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ პეჩის ეკლესიის წინამძღოლს, რომლის მემკვიდრეც გახდა სერბეთის ეკლესია, ეს სტატუსი ისტორიულად გააჩნდა. „სმე“-მ ეს სტატუსი შეიძინა მხოლოდ 1920 წელს, ამ საკითხზე მრავალი ისტორიული მოვლენის გავლენის შედეგად.
  2. ელადის ეკლესიის ტომოსისგან განსხვავებით, დოკუმენტში არ არის რეგლამენტირებული წმინდა სინოდის ფორმირების წესი. ამის ნაცვლად აქ ვხვდებით აბსტრაქტული მითითებას სახარებისეულ სწავლებაზე და საეკლესიო გარდამოცემაზე. ანუ ფაქტობრივად მოცემული საკითხი გადაეცა გადასაწყვეტად თავად სერბეთის ეკლესიას.
  3. ელადის ეკლესიის მსგავსად, სერბეთის ეკლესიამ უნდა მიიღოს მირონი კონსტანტინეპოლისგან.
  4. ასევე არ განიხილება სხვა სამოციქულო ეკლესიებთან ურთიერთქმედების საკითხი და შესაბამისად, არც კონსტანტინეპოლის მხრიდან მისი მოდერაციის მონოპოლიაზეა საუბარი.
  5. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტში მოხსენებულია ადგილობრივი ეკლესიების ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა.
  6. ელადის ტომოსის მსგავსად, ტექსტში გაწერილია, რომ ეკლესიის თავი, ისევე როგორც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების თავი, არის ღმერთკაცი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.
  7. სერბეთის ეკლესიას ეწოდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის „და-ეკლესია“.

რუმინული ეკლესია

კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს ,,ტომოსოლოგია'' I ნაწილი фото 4
ბუქარესტის საპატრიარქო

კიდევ 6 წლის შემდეგ, 1885 წელს, კონსტანტინეპოლის კათედრამ აღიარა რუმინეთის ეკლესიია ავტოკეფალია, რომელიც თავდაპირველად თვითნებურად გამოცხადდა 1865 წელს.

„...აცხადებს, რომ რუმინეთის მართმადიდებელი ეკლესია რჩებოდეს, ითვლებოდეს და ყველას მიერ აღიარებოდეს დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად, იმართებოდეს საკუთარი წმინდა სინოდის მიერ ყოვლადუსამღვდელოესი უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტისა და სრულიად რუმინეთის ეგზარქოსის თავმჯდომარეობით, რომელიც არ აღიარებს საკუთარ შიდა მმართველობაში სხვა საეკლესიო ხელისუფლებას, გარდა ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის თავისა ღმერთკაცისა გამომხსნელისა, რომელიც მხოლოდ არს მთავარი, ქვაკუთხედი და მარადიული მღვდელმთავარი და მწყემსი. ამგვარად, ვაღიარებთ რა ამ წმინდა საპატრიარქო და სინოდალური ქმედებით მამებისგან შეუბღალავად გადმოცემული რწმენისა და წმინდა სწავლების ქვაკუთხედზე დამტკიცებულ, ღვთივდაცულ რუმინეთის სამეფოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალურად და ყველა საკითხში დამოუკიდებლად მართულად, ჩვენ ვაცხადებთ მის წმინდა სინოდს საყვარელ ძმად ქრისტეში. დაე გააჩნდეს მას ავტოკეფალური ეკლესიისთვის მინიჭებული სამეუფეო ყველა უფლება, რათა შეეძლოს ეკლესიის კეთილმოწყობა და მოწესრიგება და სხვა ყველა საეკლესიო საქმენი განახორციელოს დაუბრკოლებლად და სრული თავისუფლებით, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უწყვეტი გარდამოცემის თანახმად. დაე ასეთად სცნოს ის ყველა დანარჩენმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მოიხსენიონ ის რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდად...

...ურთიერთქმედებდეს უშუალოდ მსოფლიო და სხვა უწმინდეს პატრიარქებთან და ყველა მართლმადიდებელ წმინდა საღვთო ეკლესიასთან ყველა საკითხში, რომლებიც საყოველთაო განსჯას ექვემდებარებიან, ასევე მნიშვნელოვან კანონიკურ და დოგმატურ საკითხებში, მამებისგან მიღებული წმინდა წესის თანახმად. აგრეთვე მას უფლება აქვს ითხოვოს და მიიღოს ჩვენი ქრისტეს დიდი ეკლესიისგან ყველაფერი, რისი თხოვნის უფლებაც აქვთ სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებს. ამგვარად, ამ ყოველივეს საფუძველზე ჩვენი ქრისტეს  წმინდა და დიდი ეკლესია აკურთხევს ავტოკეფალურ და ქრისტეში საყვარელ დას - რუმინეთის ეკლესიას...“

ტექსტში მოცემულია, როგორც წინა ტომოსში, რომ ეკლესიის წინამძღვარია ქრისტე ღმერთი. რუმინეთის ეკლესია ნახსენებია, როგორც კონსტანტინოპოლის დობილი ეკლესია.

მოცემული ტომოსის ანალიზის დროს ჩვენ ვხედავთ პოზიციებს, რომელთა უმრავლესობა (გარდა მირონის საკითხისა) ანალოგიურია სერბეთის ეკლესიის მიერ მიღებული დოკუმენტისა.

  1. ავტოკეფალიის მინიჭებით ვერც რუმინეთის ეკლესიამ მიიღო საპატრიარქოს სტატუსი. საპატრიარქოს სტატუსს „რმე“ მიიღებს 1925 წელს.
  2. ელადის ეკლესიის ტომოსისგან განსხვავებით, დოკუმენტში არ არის რეგლამენტირებული წმინდა სინოდის ფორმირების წესი.
  3. მირონის მიღების საკითხი დოკუმენტში განხილული არ არის. მის ნაცვლად მოცემულია აბსტრაქტული ფორმულირება „ითხოვოს და მიეცეს“ სხვა ავტოკეფალური ეკლესიების მსგავსად.
  4. სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ურთიერთქმედების საკითხი გაწერილია როგორც რუმინეთის ეკლესიის უფლება, კონსტანტინეპოლის მოდერაციის გარეშე. თუ ელადის ტომოსის შემთხვევაში კონსტანტინეპოლის მოდერაცია გაწერილია, ხოლო სერბეთის ეკლესიის შემთხვევაში - მონოპოლია მითითებული არ არის, რუმინეთის ეკლესიის შემთხვევაში ფორმულირება მსგავს მონოპოლიას საერთოდ გამორიცხავს.
  5. წინა ტომოსების მსგავსად ტექსტში გაწერილია, რომ ეკლესიის თავია უფალი იესო ქრისტე.
  6. რუმინეთის ეკლესია იწოდება კონსტანტინეპოლის ეკლესიის „და-ეკლესიად“.

პოლონეთის ეკლესია

კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს ,,ტომოსოლოგია'' I ნაწილი фото 5
მარია მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარი ვარშავაში

XX საუკუნეში პირველი ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ გაიცა კონსტანტინეპოლის მიერ განსაკუთრებულ პირობებში. პირველად „კმე“ უცხადებდა ავტოკეფალიას არა საკუთარ კანონიკურ ტერიტორიაზე იმ ეპისკოპოსებს, რომლების მის კლიროსს არ შეადგენდნენ.

1923 წელს კონსტანტინეპოლის კათედრამ მიანიჭა ავტოკეფალია პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მანამ ავტონომიის სახით „რმე“-ს შემადგენლობაში შედიოდა (მოგვიანებით პოლონეთის ეკლესიის ლიდერები მოინანიებენ განხეთქილებას და ავტოკეფალიას მათ უკვე მოსკოვი მიანიჭებთ 1948 წელს).

უკვე პოლონეთის ეკლესიის ტომოსშია საუბარი კიევის მიტროპოლიის მოსკოვის ეკლესიასთან მიერთების არაკანონიკურობის შესახებ.

ამ ტომოსის სპეციფიკიდან გამომდინარე, მის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ საკმაოდ ბუნდოვანი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთის მიწა ისტორიულად კიევის მიტროპოლიის მიწებს მიეკუთვნება და მისი მიერთება „მოსკოვის წმინდა ეკლესიასთან მოხდა კანონიკური წესების დარღვევით“. რაც შეეხება დანარჩენს,  კონსტანტინეპოლის ტომოსი პოლონეთის ეკლესიასთან აცხადებს:

„...ჩვენი უმდაბლესობა და უწმინდესმა მიტროპოლიტებმა, სულიწმიდაში ჩვენმა საყვარელმა ძმებმა და თანაწირველებმა თავი მოვალედ ჩათვალეს შეესმინათ პოლონეთის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნა და მიეცათ კურთხევა და დასტური მის ავტოკეფალურ და დამოუკიდებელ მოწყობაზე. ამის შედეგად, კრებსითად განვსაზღვრავთ, სული წმინდას ნებით ვადგენთ: ვაღიარებთ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალურ მოწყობას, რათა ის ამიერიდან იმართებოდეს როგორც სულიერი და, და გადაწყვიტოს თავისი საკითხები დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად, სხვა წმინდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების ჩინის და შეუზღუდავი უფლებების მსგავსად, სცნოს თავის უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებად პოლონეთის მართლმადიდებელი კანონიკური ეპისკოპოსებისგან შემდგარი წმინდა სინოდი, რომლის თავმჯდომარეა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი...

გარდა ამისა ვადგენთ, რომ პოლონეთის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა და-ეკლესიამ წმინდა მირონი მიიღოს ჩვენი ქრისტეს დიდი ეკლესიისგან. ამავდროულად რეკომენდაციას ვუწევთ, რომ საეკლესიო წესრიგის საკითხებში და ცალკეული ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ არსებულ ზოგად საკითხებში, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა მიმართოს ჩვენს უწმინდეს მსოფლიო საპატრიარქო ტახტს, რომლის მეშვეობითაც ურთიერთქმედებს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, „ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად, და ითხოვდეს და-ეკლესიებისგან ავტორიტეტულ აზრსა და დახმარებას...

განამტკიცოს უფალმა ღმერთმა უკუნისამდე, წყალობითა და მოწყალებითა პირველისა უდიდესისა და უმაღლესისა მწყემსისა ქრისტესითა, ჩვენი ღმერთისათა, პოლონეთის ავტოკეფალური და-ეკლესია, ასე ბედნიერად მოწყობილი,  აღძრას და განაძლიეროს მასში ყოველივე მისი წმინდა სახელის სადიდებლად, მისი ღვთისმოსავი მრევლის სასარგებლოდ და ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი და-ეკლესიების სასიხარულოდ

პოლონური ეკლესიის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ აკრძალვების რიცხვის ზრდას

.XX საუკუნემ ოსმალეთის იმპერიის ნგრევა მოიტანა. მის ნგრევასთან ერთად იმპერიაში ჩამოიშალა „კმე“-ს გავლენაც. სხვა ადგილობრივი ეკლესიების ტერიტორიები, რომლებიც მანამ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ახალი თურქეთის საზღვრებს გარეთ დარჩა. ეს კი ნიშნავდა, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქის ძალაუფლება, რომელიც ოსმანთა იერარქიაში ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ეთნარქს წარმოადგენდა, დაკარგული იყო. ბერძნული მრევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ან თურქებმა ამოწყვიტეს ან იძულებული გახდა, საბერძნეთში გადასახლებულიყო. მსოფლიო ტახტი კარგავდა თავის ტერიტორიებს, ძალაუფლებას, გავლენასა და ავტორიტეტს. სწორედ ამ პერიოდში ხდება კონსტანტინეპოლის სასარგებლოდ ადგილობრივი ეკლესიებისთვის შემცირებული უფლებამოსილების მქონე ტომოსების გაცემის პრაქტიკის რეანიმაცია. როგორც ადრე დავინახეთ, XIX საუკუნეში დამოუკიდებლობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის მსგავსი პრაქტიკა შეინიშნებოდა მხოლოდ ელადის ეკლესიასთან მიმართებაში. შემდგომი ტომოსები მსგავსი შეზღუდვით არ ხასიათდებოდნენ.

და აი პოლონეთის ეკლესიის მაგალითზე, ჩვენ ვხედავთ შეზღუდვების რიცხვის ზრდის ტენდენციას.

  1. პოლონეთის ეკლესიამ არ მიიღო საპატრიარქოს სტატუსი.
  2. დოკუმენტში არ არის რეგლამენტირებული წმინდა სინოდის ფორმირების წესი, რაც მომგებიანად ანსხვავებს ამ ტომოსს ელადის ეკლესიის ტომოსისგან.
  3. ტომოსში გაწერილია კონსტანტინეპოლის მონოპოლია პოლონეთის ეკლესიისთვის მირონის მიწოდებაზე, როგორც ეს გაწერილია ელადის ეკლესიის ტომოსში.
  4. ტომოსში გაწერილია ფანარის მონოპოლია პოლონეთის ეკლესიის სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ურთიერთქმედების მოდერაციაზე. თუმცა ამასთან ერთად:
  5. ეკლესიის თავად აღიარებულია უფალი იესო ქრისტე.
  6. პოლონეთის ეკლესია იწოდება კონსტანტინეპოლის ეკლესიის „და-ეკლესიად“.

ალბანეთის ეკლესია

კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს ,,ტომოსოლოგია'' I ნაწილი фото 6

აღდგომის საკათედრო ტაძარი ტირანში.

„შეზღუდული“ ტომოსების აღდგენილი პრაქტიკა, პოლონეთის ეკლესიის შემდეგ, განმტკიცდა 1937 წელს ალბანეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გაცემით (თვითგამოცხადებულია 1922-1929 წლებში):

„ქრისტეს წმინდა ეკლესია მზრუნველ დედასავით...გულუხვად ეხმაურება ეკლესიების თხოვნებს ებოძოთ დამოუკიდებლობა, რათა არ შევიყვანოთ ისინი განსაცდელში და მოვუტანოთ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ქრისტეში.

და აი ახლა, როდესაც უფლით  კურთხეული ალბანეთის ახალგაზრდა სახელმწიფოს ღვთისმოშიშმა მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მოგვმართეს როგორც მზრუნველ დედას ჩვენს უწმინდეს სამოციქულო და საპატრიარქო ეკუმენურ ტახტს, რომლის წიაღში საუკუნეების განმავლობაში ყველა პოულობდა საიმედო თავშესაფარს და უფლის წყალობით გადარჩნენ ამ ვენახში, მხურვალე თხოვნით ვაკურთხოთ და გამოვაცხადოთ დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად საეკლესიო ეპარქია, როგორც ახალ პოლიტიკურ პირობებში არსებული ერთადერთი ორგანიზაცია.

...ჩვენი უმდაბლესობა...აძლევს მათ ჩვენს კურთხევას საეკლესიო მოწყობის დამოუკიდებელ ავტოკეფალურ ორგანიზებაზე.

ამრიგად, კრებსითად და სული წმიდით ჩვენ განვსაზღვრავთ და ვაცხადებთ, რომ ამიერიდან ღმერთისგან ხსნილ ალბანურ სახელმწიფოში ყველა არსებული მართლმადიდებლური ეპარქია  და თემი ერთიანდება ერთ დამოუკიდებელ ავტოკეფალურ საეკლესიო ორგანიზაციად, რომელიც იწოდება ალბანეთის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიად. ეს ეკლესია, წარმოადგენს რა ჩვენს სულიერ დას, დღეიდან ახორციელებს საკუთარ მმართველობას დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად, ყველა წმინდა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წესისა და სუვერენული უფლებების თანახმად, რომლის სათავეში უმაღლესი ადმინისტრაციული საეკლესიო ხელისუფლების სახით დგას ყველასაგან აღიარებული უწმინდესი სინოდი, რომელიც შედგება ალბანეთის კანონიკური მართლმადიდებელი ეპისკოპოსებისგან და რომელსაც თავმჯდომარეობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი.

...ამასთან ერთად ვუსვამთ ხაზს, რომ ალბანეთის წმინდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იღებდეს წმინდა მირონს ჩვენი ქრისტეს დიდი ეკლესიისგან. აგრეთვე ვუწევთ რეკომენდაციას, რომ ავტოკეფალური ეკლესიების პირობებსა და იურისდიქციასთან დაკავშირებით ზოგადი ხასიათის საეკლესიო საკითხებისა და გაუგებრობების გადასაწყვეტად, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიმართავდეს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო ეკუმენურ ტახტს, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს უკავშირდება ყველა მართლმადიდებელი საეპისკოპოსო, რომლებიც სწორად ავრცელებენ  ჭეშმარიტ სიტყვას და დროულად დაეკითხოს საძმო ეკლესიებს აზრს.

...დაე სუფევდეს მოწყალება პირველი დიდი ეპისკოპოსისა და მწყემსისა ჩვენისა ქრისტე ღმერთისა ალბანეთის ახალად დაარსებულ ძმურ მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ალბანეთის ეკლესიაში, განამტკიცოს ის უფალმა და დაიცვას კეთილდღეობით“.

(გაგრძელება იქნება).

ტელეარხი «ლაბარუმი. სიმ პობედიში»

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ