სინამდვილეში მსოფლიო ისეთი არ არის, როგორსაც ჩვენ მას ვხედავთ

10 February 20:08
1831
უსინათლოსთვის თვალის ახელა. ფოტო: ekklisiaonline.gr უსინათლოსთვის თვალის ახელა. ფოტო: ekklisiaonline.gr

საკვირაო ქადაგება სახარების მონაკვეთზე ბრმის განკურნების შესახებ.

დაღლილი ქრისტე, ხალხით გარშემორტყმული, მიუყვება მტვრიან გზას. ბრმამ, გაიგო რა უამრავი ფეხის ხმა, დაინტერესდა, თუ რა ხდება მის გარშემო. გამვლელებისგან გაიგო, რომ იქვე არის იესო, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. მან ხმამაღლა დაუძახა მაცხოვარს და თხოვდა განკურნებას. ბრმა მაშინაც აგრძელებდა თხოვნას, როდესაც ხალხი მას გაჩუმებისკენ მოუწოდებდა. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი რამ იყო - მას სურდა, რომ დაენახა. თავისი რწმენისა და შეუპოვრობის წყალობით, ბრმამ მიიღო ის, რასაც ითხოვდა.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი იყო იესოს ლოცვის პირველი პრაქტიკოსი. დღემდე ჩვენ ასე შევთხოვთ  უფალს, კვლავ და კვლავ, რომ შეგვიწყალოს, განკურნოს ჩვენი სულები, დაუბრუნოს მათ ხედვა, გააცოცხლოს ჩვენი გაქვავებული გულები, გაწმინდოს ჩვენი დაბინდული გონება. სამყარო ყოველი მხრიდან და ყველა საშუალებით ხელის შეშლას ცდილობს. უფალიც არ ჩქარობს, რომ სწრაფად გვიპასუხოს. მაგრამ თუ სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით და შეუპოვარნი ვიქნებით, მადლი უეჭველად  შემოვა ჩვენს სულებში.

ხალხი, ვინც ასე ხედავს სამყაროს, როგორიც ის სინამდვილეში არის და არა ისე, როგორიც ის გვეჩვენება, ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ყოველთვის უფალთან ვართ პირისპირ. ამას ვერ ვხედავთ, ვინაიდან  ჩვენი სულიერი თვალი ცოდვის ბინდით არის მოცული. ადამიანი სულიერად ბრმაა. დაცემული გონებით ჩვენ უმეცრებისა და გაუგებრობის ბინდით ვართ მოცულები.

ჩვენ ყველაფერს ისე ვხედავთ, როგორებიც ვართ, როგორიც არის ჩვენი გონება. ამიტომ არასდროს არ უნდა ვენდოთ იმას, რაც  გვგონია, რომ აშკარაა.

ბავშვობიდან სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ სულიერება არის პოეზია, ლიტერატურა, მუსიკა და ა.შ. ეკლესიაში სულიერ განათლებას უწოდეს წიგნიერი განათლება. მაგრამ პრაქტიკოსებმა გვიჩვენეს, რომ სულიერი ცხოვრება ეს ადამიანის სულის ცხოვრებაა, რომელიც სულიერ გულში მკვიდრობს. და სწორედ ამ სულიერ გულში უნდა შევიდეს გონება, წყნარად და უსიტყვოდ დაივანოს იქ, ხოლო სხეული მოთოკილი გონების მორჩილი უნდა იყოს.

ცხოვრების სხვადასხვა გარემოებასთან დამოკიდებულება განსაზღვრავს ჩვენს სულიერ სიმწიფეს. ისინი გვასწავლიან ცხონების ღვთიური სკოლის გავლას და ქრისტეს მიმართ სრულ ნდობას, ყველა უბედურების, წუხილისა და გაჭირვების აღქმას თითქოს გვერდიდან.

„შენი ცხოვრების გზაზე ყოველთვის არსებობს ერთი და იგივე ძალზე მნიშვნელოვანი არჩევანი: მარცხნივ - შენი ეგოიზმი, რომელიც გმართავდა შენ მრავალი წლის განმავლობაში და შენი არჩევანი იყო, ის თითქოს ჰიპნოზს გიკეთებდა, მარჯვნივ კი - სული, რომელიც ბავშვობაში დაკარგე, მაგრამ ის ძველებურად ჩუმად გიხმობს, მიუხედავად შენი მრავალი დაცემისა და განუხრელად მიყავხარ იმ გზით, რომ შენს გულში ყოვლადწმინდა სამებამ დაიმკვიდროს“ (ბერი სვიმეონ ბესკროვნი).

მარცხენა მხარის არჩევანს აკეთებს ის, ვინც მუდმივად განიცდის უნდობლობას ღვთის განგების მიმართ, ხშირად დრტვინავს და განიკითხავს, ვინაიდან ხედავს არა იმას, რაც არის, არამედ იმას, რაც ეჩვენება. მარჯვნივ მიდიან ისინი, ვინც ენდობა ღმერთს, და არა საკუთარ თავს, იციან, რომ ღმერთი შეუცდომელია, იმიტომ რომ მასში ყველაფერი სრულყოფილია.

როდესაც ასეთი ადამიანების გონება გულს უკავშირდება, ისინი სხვა სამყაროში გადადიან, ხედავენ ახალ ცას და ახალ მიწას, სადაც ქრისტეს უხრწნელი შუქი ანათებს.

ჩვენმა წარმოსახვამ შექმნა კერპი და მას „ღმერთი“ უწოდა. ამ კერპს შეუძლია ჩვენი ყველა რთული საკითხის გადაწყვეტა, ცხოვრების პრობლემებისგან და საცდურებისგან ხსნა. სინამდვილეში კი, ამ ყველაფრისგან რომ განვთავისუფლდეთ, ღმერთი ისე კი არ უნდა მოვირგოთ, როგორც ჩვენ გვაწყობს, არამედ ჩვენ თვითონ თანდათან უნდა შევიცვალოთ.

თუ პრობლემებს გარეგნულად გადავწყვიტავთ, ისინი ან გამრავლდებიან, ან ერთმანეთს შეცვლიან. ჩვენი ყველა პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტად, საჭიროა ვისწავლოთ, თუ როგორ მივანდოთ ისინი უფალს, თითქოს გავემიჯნოთ მათ და გულთან არ მივიტანოთ. მაშინ მათი გადაწყვეტა თავისთავად მოხდება, არც თუ ისე იშვიათად, ჩვენი ყველანაირი ძალისხმევის გარეშეც. ჩვენი შიში განსაცდელების წინაშე ეწინააღმდეგება ღვთის განგებას, რომ ჩვენ სიკეთე მოგვიტანოს.

ჩვენი დრტვინვის მიზეზი - თვითშეცოდებაა. როდესაც ადამიანი მთელი გულით ისწრაფვის უფლისკენ და ცხონებას ეძებს, უფალი მას არასდროს არ მიატოვებს და ისე მოაწყობს, რომ საბოლოოდ ეს ტანჯვა და წუხილი მადლით და სიხარულით შეიცვლება.

ჩვენი ეგოიზმი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს ისე, როგორც კინოფილმი ან წიგნი, რომლებშიც ჩვენ ბოლომდე ვართ ჩაფლულები და მათ სხვა სამყაროში გადავყავართ. იმისთვის, რომ აზრზე მოვიდეთ, საკმარისია ტელევიზორის გამორთვა ან წიგნის დახურვა.

და როგორ მოვიქცეთ საკუთარ ცხოვრებაში? უნდა დავწყნარდეთ, გონებით გულში შევაღწიოთ და მასში ლოცვისთვის და მდუმარებისთვის ჩავიკეტოთ.

ჩვენი წარმოსახვითი თამაში, განცდები, ემოციები, რასაც შეცდომით ცხოვრებას ვუწოდებთ, მთელ ჩვენს ძალებს გვართმევს. იმისთვის, რომ ნათელი გონება და სიტუაციის სულიერი ხედვა შევინარჩუნოთ, აუცილებელია გონებით მოვწყდეთ სამყაროს და გულის სიმყუდროვეში და სულის სიმშვიდეში განვმარტოვდეთ. ასეთ მუდმივი სულიერი პრაქტიკა ვნებებისგან გვანთავისუფლებს. ხოლო ეს საკუთარი სულისკენ და ქრისტესკენ გვაბრუნებს. ის კი, ვინც  ქრისტეს სიყვარულს გულით ისწავლის, მოყვასის  სიყვარულსაც შეძლებს, ვინც არ უნდა იყოს ის და როგორიც არ უნდა ეჩვენებოდეს.

„თუ გარკვეული სათნოებები გაგაჩნია, მათ სხვა ადამიანებშიც დაინახავ. შესაბამისად, თუ რაღაც ცოდვებში ხარ, ნებისმიერი ცოდვა კი შეპყრობილობაა, შენ მას ყველა ადამიანში დაინახავ. შენი ტვინი ფერად ფანქარს ჰგავს, რომელიც სამყაროს იმ ფერში აფერადებს, რომელიც მას აქვს. უნდა შეაჩერო შენი გონება,  სამყაროში მიმართული, რომელიც ეგოისტურად ხედავს სამყაროს.  ის შიგნით უნდა იყოს მიმართული და ყველაფერი სულიერი თვალით აღიქვას“ (ბერი სვიმეონ ბესკროვნი).

სადღაც იქ, სულის სივრცეებში, სადაც უკვე აღარ არის ეგოიზმი, სიმდაბლე და ვნებები, ცხოვრობს ჩვენი წმინდა ყოფიერების უდარდელი სიხარული. გულის სიმშვიდე ამ მადლიანი სიხარულისა და დაუსრულებელი სიკეთის ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს. ამ სიხარულისგან იბადება თანაგრძნობა ყოველივე ცოცხალის მიმართ, ყველა ადამიანის, მხეცის, ხის, მცენარის და კაცობრიობის მოდგმის მტრების მიმართაც კი. ამ თანაგრძნობას უფრო დიდი სიხარულისკენ მივყავართ - ვიცხოვროთ ჩვენი საყვარელი ქრისტესთვის.

სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება. ისინი, ვინც მოიპოვა ეს ბედნიერება, ვისი სულიც გაცოცხლდა ქრისტეში, სულიწმინდის ნათელით განახლებული, ბერები ხდებიან. როგორ არ გვანან ისინი მათ, ვინც დღეს ბერის როლს თამაშობს. შეიძლება თავი მოაჩვენო და თავად ირწმუნო ის, ვისაც თამაშობ, მაგრამ შეუძლებელია საკუთარი სურვილით ასხივებდე ქრისტეს სიყვარულისა და თანაგანცდის მადლმოსილ სითბოს. ვინაიდან ეს მხოლოდ ღვთის მიერ  ხდება.

ბერი სვიმეონი ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მისი მოძღვრისთვის არქიმანდრიტ კირილესთვის (პავლოვი) ქრისტეს მოსაპოვებლად არც ომს შეუშლია ხელი, არც უღმრთობისა და ათეიზმის საშინელ წლებს, ვინაიდან მას ჰქონდა გული, რომელიც მხოლოდ უფლისადმი იყო ერთგული. „მას შემდეგ, რაც სახარება ვიპოვე, უფალი მუდამ ჩემთან იყო“, - ასე ამბობდა მამა კირილე. და ეს სრული სიმართლეა. სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელსაც მოიპოვებს ადამიანი, სულიერი სიბრმავისგან განკურნებული. და ეს სიხარული მარადიულია, ვინაიდან ღმერთია მარადიული, ამ სიხარულის მომნიჭებელი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ