ჰელოუინი და ჩვენი მხურვალე სიყვარული დღესასწაულებისადმი
კარს მოგვადგა დღესასწაული, რომელიც ჩვენში გარედან შემოვიდა და რომელიც უკვე ჩვეული გახდა - ჰელოუინი. ვილაპარაკოთ მასზე. და ცოტა დავფიქრდეთ კიდევაც.
ჩვენი ხალხის ძირითად მახასიათებლებს შორის აშკარად იკვეთება დღესასწაულებისადმი სიყვარული. ჩვენს კალენდარში არასამუშაო დღეები, დღესასწაულების გამო, რამდენიმე ათეულია. და თუ ვილაპარაკებთ პროფესიულ დღესასწაულებზე და სხვა ყველაფრის დღეებზე, საოცრებაა, როგორ გვყოფნის ნეტავ სამას სამოცდახუთი დღე წელიწადში? და ამასთან ერთად ვახერხებთ იმასაც, რომ საზღვარგარეთული ტრადიციები გადმოვიღოთ.
მართლაც, ოცდაათი წლის წინ ვინ იცოდა წმინდა ვალენტინის დღის შესახებ? მაშინ არ იცოდნენ, დღეს კი, რომც გინდოდეს დავიწყება - ვინ დაგავიწყებს. მსგავსი ისტორიაა ჰელოუინის შემთხვევაშიც: ჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მასზე, შემდეგ, „პერესტროიკის“ დროს, ვიდეოსალონების წყალობით ჩვენ შევიტყვეთ, რომ ამერიკაში არის ასეთი დღე, როდესაც ყოველივე არაწმინდათი იმოსებიან, ახლა კი ჰელოუინზე მოსწავლეები გაკვეთილებზეც კი ჩონჩხებს განასახიერებენ და ბავშვის წამოსაყვანად რომ მივდივართ, უნებურად ვიბნევით: მუნიციპალურ სასწავლო დაწესებულებაში მოვხვდით თუ რაღაც გველანდება წინადღით ნანახი საშინელებათა ფილმის შემდეგ? მოკლედ, საკუთარი არ გვყოფნის, უცხო უფრო საინტერესოა.
რა თქმა უნდა, მესმის, რომ კამათი მომიწევს და მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები, ძირითადად, უფრო თანამედროვე შინაარსის იქნება, რომ ისინი მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად არიან და ასე შემდეგ.
მინდა გითხრათ, რომ კამათსაც არ ვაპირებ: გსურთ ცივილიზებული სამყარო, იყოს ცივილიზებული სამყარო. მით უმეტეს, რომ იქაც კი არიან ქრისტიანები.
სწორედ ქრისტიანებს ვთავაზობ, რომ ცოტა დაფიქრდნენ.
მოკლედ, ჰელოუინი, ძირითადად, ბნელი ძალების დღეა. ნუ ეცდებით ჩემ შესწორებას და რაღაცის სწორად ახსნას ჩემთვის.
მშვენივრად ვიცი დღესასწაულის ისტორია და არსი, თუმცა ეს არ მიშლის ხელს, რომ ვამტკიცო - არსობრივად, ეს ბნელი ძალის დღეა, არც მეტი და არც ნაკლები.
თანაც ამ დღეს არავინ არ მოუხმობს ბნელ ძალას, თაყვანს არ სცემს მას, არ ასრულებს რიტუალურ ორგიებს და არ სწირავს მსხვერპლს. პირიქით, მოზეიმეები ბნელ ძალებს უკიდურესად არასერიუზულად აღიქვამენ. თუმცა, ყველაზე უარესი სწორედ ეს არის.
ალბათ ყველაზე დიდ წარმატებას ადამიანის მოდგმის მტერმა სწორედ მაშინ მიაღწია, როდესაც სეკულარული საზოგადოება მას სერიუზულად აღარ აღიქვამდა. ის თითქოს არსებობს, თუმცა ადამიანის შეგნებაში - არა. ის წარმოდგენილია მითიურ არსებად, არასაშიშ და უსაფრთხო. აქედან მოდის ჰელოუინის თამაშებიც, აქედან მოდის ტანსაცმლისა და სახეების მოხატვა, აქედან მოდის სულიერი რეალიების აღქმა მხოლოდ თამაშის ფორმით.
თითქოს არაფერი, მაგრამ თვით მტერი საკმაოდ სერიუზულად აღიქვამს იმ ყველაფერს, რაც ხდება. მან კარგად იცის, რომ ერთი შეხედვით უბრალო, უწყინარმა გათამაშებამაც კი მასთან შეიძლება ნებისმიერის დაცემა გამოიწვიოს. თუ მტერი საშიში არ არის და საფრთხეს არ წარმოადგენს, მის წინაშე რთული არ არის მოსუსტება და სიფხიზლის დაკარგვა საფრთხის წინაშე. ის კი ამით უსათუოდ ისარგებლებს.
მაგალითად, არასდროს მიგიქცევიათ ყურადღება, რამდენი მტრული ხრიკი მიაჩნიათ ქრისტიანებს ცხოვრების ნორმად? „ბრაზი - ბუნებრივი ადამიანური ემოციაა“, „წყენა - ნორმალური რეაქციაა პირადი საზღვრების დარღვევაზე“, „ამოირჩიე საკუთარი თავი“, „ემოციებისა და გრძნობების შეკავება ზიანს აყენებს“ - ეს მხოლოდ მცირედია იმ სისულელეებს შორის, რაც მართლმადიდებლებისგან გამიგია ან შემხვედრია მათ გვერდებზე და სოცქსელებში.
მაგრამ ამის შესახებ უბრალოდ კი არ წერენ ან ლაპარაკობენ. ამის შესაბამისად ცხოვრობენ კიდევაც. ასე ცხოვრება ხომ ადვილია, ვნებებთან ბრძოლოს გარეშე, ყველა ცოდვის მიღება როგორც ბუნებრივი კანონზომიერების გამოვლინება.
ჩვენ ამ გზაზე მარტო ხომ არ ვართ: ბევრისთვის ასე სასურველმა „ცივილიზებულმა სამყარომ“ ეს გზა უკვე გაიარა და დღეს, ბევრად წინ მყოფი, ყველაზე საშინელ ცოდვას და გახრწნას ბუნებრივად მიიჩნევს.
ოდესღაც ჩვენ რაღაც შეგვიცვალეს და ჩვენ ვერც კი მივხვდით. და როგორ უნდა მივმხვდარიყავით, როდესაც ჩვენი საკუთარი შვილების ბნელ ძალებთან მიმსგავსებულ ქმედებებში ზოგჯერ ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავთ. ამასობაში კი ვერც კი შევამჩნიეთ, რომ ამ გზას დავადექით. ახლა ჩვენი შვილები უკან მოგვყვებიან და გარეგნულად ეშმაკებს ემსგავსებიან და ჩვენ შინაგანად მათ ვემონებით.
ჯერ-ჯერობით გამოსავალი ამ სიტუაციიდან მარტივია: საჭიროა გონება გავანთავისუფლოთ ცოდვილი აზრებისგან და გავიხსენოთ, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება განუყოფელია ასკეტიკისგან. ეკლესიის ასკეტური ტრადიციის მოხმობით, ძალზე სწრაფად დავინახავთ და მივხვდებით, რა არის ჩვენთვის ბუნებრივი და რა შეძენილი და ცოდვიანი.
ბავშვები უნდა შეეგუონ თეთრ ყვავად ყოფნას. რწმენა და ღვთისადმი ერთგულება ყოველთვის განუყოფელნი იყვნენ. ვფიქრობ, დრო მოვიდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ეს ერთგულება ყველა მეგობრობაზე, ყველა პედაგოგიურ დავალებასა და ყველა საზოგადოებრივ აზრზე უფრო მაღალია. რა სიტყვები უნდა შევარჩიოთ იმისთვის, რომ ჰელოუინმა დაკარგოს მიმზიდველობა მათთვის - ეს ამოცანა ყველამ თავისთვის უნდა გადაჭრას.
თუმცა აქაც, რაც არ უნდა განსხვავებულები ვიყოთ ჩვენ და ჩვენი ოჯახები, ყველაფერი იწყება იმით, რომ ბავშვებს ესმოდეთ ჩვენი, უნდა ველაპარაკოთ მათ. თან არა მარტო ჰელოუინის წინ, არამედ ყოველთვის.