შეიძლება თუ არა ქრისტიანთა მიერ ქრისტიანების მოკვლა?

03 March 18:01
6373
დეკანოზი სერგი ბარანოვი. ფოტო: СПЖ დეკანოზი სერგი ბარანოვი. ფოტო: СПЖ

რმე-ის მღვდელმა სერგი ბარანოვმა, რომელიც ცნობილია საუბრებით იესოს ლოცვის შესახებ, დიდი ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას „სსო“-ის მიმართ. განვიხილოთ მისი ძირითადი თეზისები.

ჯერ კიდევ სულ ახლახანს, დეკანოზ სერგი ბარანოვის სახელი, რომელიც ორსკის ეპარქიის მდივანი და ივერიის დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარია, უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. მის  მართლაც კარგ  ქადაგებებს YouTube-ზე 5-10 ათასი ნახვა ჰქონდა, რაც ისეთ მქადაგებელთა ფონზე, როგორებიც არიან დეკანოზი ანდრია ტკაჩოვი, არქიმანდრიტი საბა (მაჟუკო) ან მღვდელი პავლე ოსტროვსკი, არც ისე ბევრია. ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან მამა სერგი მხოლოდ სულიერ თემებზე საუბრობს - მარხვაზე, იესოს ლოცვაზე, წმინდანებზე, სიყვარულზე, ღვთისმოსაობასა და ცოდვებზე.

მაგრამ მოულოდნელად მღვდელი ჩნდება მეზობელი სახელმწიფოს ბევრ საინფორმაციო პლატფორმაზე. და არა იესოს ლოცვისადმი ინტერესის აფეთქების, არამედ „სსო“-ის გამო. მამა სერგი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მოქმედებების დასაცავად ალაპარაკდა და ამით თავისი პერსონის მიმართ ზედმიწევნით დიდი ყურადღება მიიპყრო არა მარტო მათი მხრიდან, ვინც ომის მომხრეა, არამედ მათი მხრიდანაც, ვინც მისი წინააღმდეგია, ანუ ჩვენი. თქვენ იკითხავთ, რატომ გვაინტერესებს მამა სერგის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით? იმიტომ რომ, ჩვენ ის მიგვაჩნდა ადამიანად, რომლისთვისაც ქრისტესთან ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია და ძნელია იმის ყურება, რომ, ღმერთთან ერთობის ძიების ნაცვლად, ის პოლიტიკური საკითხებით დაკავდა. და ბოლოს, იმიტომ, რომ მამა სერგის პოზიცია - ეს ყველა იმ ადამიანის შაბლონური პოზიციაა, ვინც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ცდილობს  მორალურად გაამართლოს ის, რაც ხდება.

ამის გამო გადავწყვიტეთ თქვენი ყურადღება შევაჩეროთ მამა სერგის ბოლო გამოსვლებზე და განვიხილოთ მისი ინტერვიუ, რომელმაც სხვადასხვა პლატფორმაზე უკვე ათი ათასობით ნახვა შეაგროვა. მისი სახელწოდებაა „სსო“. ვის მხარეს არის სიმართლე? მნიშვნელოვანი საუბარი მამა სერგი ბარანოვთან. მინსკი“, ის გამოქვეყნებულია იუთუბ-არხზე - ютуб-канал «Лети высоко. Студия прот. Сергия Баранова». გთავაზობთ, რომ თქვენც გაერკვეთ, თუ რა ხდება მათ თავებში, ვინც შეიძლება კარგ ადამიანებად ჩაითვალოს. ასე რომ...

რატომ დუმს ეკლესია?
თვით ინტერვიუს სახელწოდება მაყურებელს აუწყებს, რომ მამა სერგიმ ზუსტად იცის, „ვის მხარეს არის სიმართლე“. თავისი აზრების გადმოცემას მღვდელი შავ-თეთრი კატეგორიებით იწყებს, სადისკუსიო თემებში კი ის თავს უფლებას აძლევს, რომ შეუცდომლად განსაზღვროს, სად არის სიკეთე, სად - ბოროტება და მოსამართლის როლში გამოდის.

მაგრამ სულიერი ადამიანის მოსამართლედ ყოფნა გეოპოლიტიკისა და პოლიტიკის საკითხებში ნიშნავს, რომ თავიდანვე მან მერყევი პოზოცია უნდა დაიკავოს. სამწუხაროა, რომ მამა სერგის ინტერვიუში ჩვენ ჭეშმარიტების დამახინჯების უამრავ მაგალითს ვაწყდებით.

როდესაც მას ეკითხებიან, შეიძლება თუ არა სამოქალაქო ომში ქრისტიანი არ იყოს არავის მხარეს  და მხოლოდ მშვიდობისთვის ილოცოს, მამა სერგი პასუხობს, რომ „ეს ყოველთვის ასე არ გამოდის“.

„როდესაც ომია და შენს თვალწინ ქალს, ბავშვს კლავენ, შესაძლებელია, რომ ადამიანი ნეიტრალური იყოს? როდესაც უფლის ცნებები ირღვევა, ნეიტრალურ ადამიანად ყოფნა - ნაძირლობაა“, - ამტკიცებს მღვდელი და გულისხმობს  2022 წლის 24 თებერვლამდე სამხედრო ქმედებებს დონბასში.

დიახ, უკრაინის აღმოსავლეთში შეიაირაღებული კონფლიქტის განმავლობაში, 2022 წლის 30 მარტის მონაცემებით მოკლულია 117 ბავშვი. ეს ბევრია. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო, მოკლულია 5-ჯერ მეტი, როგორც მინიმუმ. როგორ შეუძლია მამა სერგის, რომ „ნეიტრალური“ იყოს ამ სიკვდილიანობის მიმართ? შეუძლია კი ქრისტიანს ქალებისა და ბავშვების მკვლელობის გამართლება იმით, რომ მეორე მხარეც უშვებდა ასეთ მკვლელობებს? ეს რა, სისხლის აღების კანონია?

და თუ მღვდელი ღვთის მცნებების დარღვევებზე ლაპარაკობს, ის, რა თქმა უნდა, უკრაინას გულისხმობს. მაგრამ ნუთუ მამა სერგის სამშობლოში მსგავსი დარღვევები არ ხდება?

ჩვენ არ გვინახავს მღვდელმთავრების ან უბრალო მღვდლების მხრიდან მამხილებელი გამოსვლები იმ პრობლემების ირგვლივ, რომლებიც მართლაც არსებობს რუსეთის სახელმწიფოში. და თუ გვინახავს, ეკლესიის ეს მსახურები ძალიან სწრაფად „უცხოელი აგენტები“ ხდებიან და მათ პატიმრობის რეალურ ვადებს უსჯიან. მაგალითად, მღვდელმა იოანე კურმოიაროვმა გაბედა არ დათანხმებოდა რფ-ის პრეზიდენტ პუტინს მისი გამონათქვამის გამო, რომ მოხვდებიან თუ არა სამოთხეში ისინი, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა. შედეგი? მღვდლობის შეწყვეტა „რფ-ის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გამო“ და სამწლიანი პატიმრობა.  გამოვიდა თუ არა ეკლესიის რომელიმე წარმომადგენელი მამა იოანეს დასაცავად? არა. ალბათ იმიტომ, რომ, მათი აზრით, უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულება - ღვთის მცნების დარღვევა არ არის.

 „სად იყო უმე 8 წლის განმავლობაში?“
მამა სერგი იხსენებს მიტროპოლიტ ონოფრეს სიტყვებს, რომელმაც ომის პირველ დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები შეადარა კაენის ცოდვას და დასვა კითხვა, რომელზეც  ჩვენ უკვე ათასჯერ გავეცით პასუხი: „სად იყო უმე მთელი ამ რვა წლის განმავლობაში?“. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ამ კითხვას სვამენ ისინი, ვისაც ან არ აინტერესებს სიტუაცია უკრაინაში, ან - ვინც შეგნებულად ამახინჯებს  სინამდვილეს. 2014 წლიდან  უმე-ს  მკვეთრად გამოხატული და არაერთხელ გაჟღერებული სამშვიდობო პოზიცია აქვს. შევახსენებთ მამა სერგის, მაგალითად, მიტროპოლიტ ანტონის (პაკანიჩის) გამონათქვამს: „უკრაინის აღმოსავლეთი ზარალდება - ზარალდება უკრაინის მთელი საზოგადოება. ჩვენ ვერ გავემიჯნებით პრობლემებს... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კაცისკვლა მალე დამთავრდეს“. ეს 2017 წელია.

ეს კი მიტროპოლიტ ონოფრეს სიტყვებია მისი ინტერვიუდან მჟკ-თან 2015 წელს: „თუ ახლა უკვე კონკრეტულად ომზე ვილაპარაკებთ, რომელიც აღმოსავლეთში მძვინვარებს, მინდა ამ ომის არსზე მივუთითო. ეს ომი - სამოქალაქოა... ეს ძმათამკვლელი ომია. ამიტომ ეკლესია, როგორც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ახლა მოუწოდებს  ურთიერთშერიგებისკენ, ურთიერთმიტევებისკენ... ეკლესია მოუწოდებს ხალხს, რომ ურთიერთმიტევების ძალა იპოვოს, რომ ერთმანეთის კვლა შეწყვიტონ. ეს პოზიცია ჩვენს ეკლესიას მარტო დღევანდელ დღეს კი არ აქვს, ის 1917 წლიდან შეუცვლელია. სხვა დროსაც ასე იყო, ომების დროს, როდესაც ჩვენი თავადები, წმინდა თავად ვლადიმერის დროს აჯანყებულები, კლავდნენ ძმებს - სვიატოპოლკი, შემდეგ სხვები. მაშინაც ჩვენი ეკლესია, კანონიკური ეკლესია, მოუწოდებდა ურთიერთმიმტევებლობისკენ. ამის გამო აგდებდნენ ბერებს, ეპისკოპოსებს, არ ვუყვარდით, შემდეგ კი ხვდებოდნენ, რომ მართლები ვიყავით და ვრიგდებოდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელ  სიტუაციაშიც გაგვიგებენ“.

და სად იყავით 8 წლის განმავლობაში?
მამა სერგიმ არ იცოდა უნეტარესის ამ სიტყვების შესახებ? ალბათ იცოდა, მაგრამ დაავიწყდა. როგორც დაავიწყდა უმაღლეს რადაში მიტროპოლიტ ონოფრეს საქციელი 2015 წლის 8 მაისს. შევახსენებთ, რომ მაშინ მიტროპოლიტმა უარი თქვა ანტიტერორისტული ოპერაციის გმირების განდიდებაზე და თავისი პოზიცია ომის, როგორც მოვლენის მიუღებლობით ახსნა. გაუკეთებია კი მსგავსი რამე პატრიარქს ან რმე-ის რომელიმე იერარქს? არა. რატომ არ აღელვებს ეს მამა სერგის, იმიტომ რომ ომი სამოქალაქოა?

სხვა მხრივ, მღვდელი კვლავ უბრუნდება კითხვას „სად იყავით 8 წლის განმავლობაში“, მაგრამ იგივე კითხვის დასმას ის ვერ უბედავს თავისი სახელმწიფოს ხელმძღვანელობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება საქმიან და პარტნიორულ ურთიერთობებში იმყოფებოდა უკრაინის ხელმძღვანელობასთან. პუტინს სავსებით მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პოროშენკოსთან (ცნობილი „ხელს გართმევთ - გეხვევით“), იზრდებოდა სავაჭრო ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, გრძელდებოდა დიპლომატიური ურთიერთობები. ერთს ლაპარაკობდნენ, საქმით კი უკრაინის ტერიტორიის გავლით ხორციელდებოდა გაზის და ამიაკის ტრანზიტი. ამ დროს კი კვდებოდნენ და ზარალდებოდნენ დონბასის მაცხოვრებლები. ამასთან დაკავშირებით იყო რამე მკაცრი განცხადებები რმე-ის მხრიდან? არ გვახსენედება.

ამ დროს, თავისი პოზიციის გამო დონბასში ომთან დაკავშირებით, უმე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უძლიერეს ზეწოლას და პრესინგს განიცდიდა. ვიმეორებთ: რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან სამუშაო და საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა, ხოლო უმე ზარალდებოდა იმის გამო, რომ კონფლიქტის მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებდა. ასე რომ, ეს კითხვა „სად იყავით 8 წლის განმავლობაში?“ უმე-ს მისამართით ნამდვილად არ უნდა დაისვას. 

მამა სერგი განაგრძობს მსჯელობას თემაზე, თუ ვინ დაიწყო ეს ომი. ამ კითხვაზეც პასუხი ვერ იქნება რუსეთის სასარგებლოდ, რადგან გირკინის ჯარები სლავიანსკში რომ არ შესულიყვნენ, ეს ომიც არასდროს არ იქნებოდა. ამ ჯარებს სახელმწიფოს მიერ  დაფინანსება რომ არ მიეღო, დონელების „აჯანყებაც“ არ იქნებოდა. მეორე მხრივ, თუ ჩავთვლით, რომ უკრაინის პოსტმაიდანური ხელისუფლება არალეგიტიმურია, როგორც მღვდელი ამტკიცებს, მაშინ რატომ არის ის რფ-ის მიერ აღიარებული? მაიდანის ხელისუფლების აღიარებით, რფ-მ არსობრივად აღიარა დონბასზე სამხედრო ქმედებების სამართლიანობა და წააქეზა კიდევაც ისინი.

ვინ უფრო კარგად იტყუება?
მამა სერგი განაგრძობს საუბარს და ბევრს ლაპარაკობს ტყუილის შესახებ, კერძოდ, რომ არსებობს „ბოროტი ხალხი, ვინც მუდმივად  რუსეთის მოტყუებას ცდილობს“. მას მოყავს პუტინის სიტყვები, რომელმაც კითხვაზე, თუ რას ეტყოდა ის საკუთარ თავს 2000 წელს, თვითონვე უპასუხა: „არავის არ ენდო“. მღვდელი განაგრძობს, რომ დასავლეთის პოლიტიკოსები ძალზე ცბიერერბი არიან, იმიტომ რომ „ხელს გართმევენ, ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის, შემდეგ კი გატყუებენ“. ამასთან დაკავშირებით  მამა სერგის ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის სიტყვები უნდა შევახსენოთ.

მაგალითად 2022 წლის 20 თებერვლის პესკოვის განცხადება: „რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, ბოლო ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც სიტყვა „ომის“ წარმოთქმაც კი უნდოდეს“.

ეს კი რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის სერგეი ლავროვის 2022 წლის 18 თებერვლის განცხადებაა: „ცნობები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის მზადების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება... დარწმუნებული ვარ, საგარეო პოლიტიკით ცოტა მაინც დაინტერესებული ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდა, ფეიკი და ტყუილია. მთავარია, თვით ამ ფეიკების ავტორებს სჯეროდეთ, რასაც ამბობენ. მათ ეს მოსწონთ“.

ეს კი მარია ზახაროვას სიტყვებია და ის  2022 წლის 11 თებერვალს კომენტარს აკეთებს დასავლეთის პრესის განცხადებებზე, რომლებიც ეხება რუსეთის მზადებას უკრაინის ომისთვის: „თეთრი სახლის ისტერიკა იმდენად აშკარაა, როგორც არასდროს. ანგლოსაქსებს ომი სურთ. ნებისმიერ ფასად. პროვოკაციები, დეზინფორმაცია და მუქარა - საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის მათთვის მისაღები მეთოდია... ხოლო ამ ყველაფერს პროპაგანდისტული ბრიგადა Bloomberg-ის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს“.

თვით პუტინიც იტყუებოდა, როდესაც ლაპარაკობდა მისი ქვეყნის განზრახვებზე უკრაინასთან მიმართებით. მაგალითად, 8 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრაზე მან თქვა: „ჩვენი ჯარების გადაადგილება საკუთარ, ხაზს ვუსვამ, ტერიტორიაზე აღიქმება როგორც რუსეთის თავდასხმის საშიშროება - ამ შემთხვევაში უკრაინაზე. თითქოს საფრთხის ქვეშ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც არიან, და სხვა ქვეყნებიც - ჩვენი მეზობლები. რის საფუძველზე - გაუგებარია“.

ახლა კი გასაგებია. მაგრამ გაუგებარია ის, თუ რა საჭიროა ლაპარაკი ზოგიერთების ტყუილზე და სხვების კრისტალურად სუფთა სინდისზე.

ტანკები და „კოლექტიური დასავლეთი“
მღვდლის სიტყვები, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ 90-იან წლებში რუსეთი „ჭრიდა თავის ტანკებს და გემებს, ამ დროს კი დასავლეთის საზოგადოება ძალას იკრებდა“, მხოლოდ აღშფოთებას იწვევენ. საქმე პირველ რიგში იმაში კი არ არის, რომ რუსეთის მიერ წარმოებული იარაღის მოცულობა შეეფარდება მთელი „დასავლეთის სამყაროს“ ერთად აღებულ „იარაღის“ მაშტაბებს, არამედ სწორედ იმაში, რომ ამაზე მართლმადიდებელი მღვდელი ლაპარაკობს.

შემდეგ ის განაგრძობს, რომ „რუსეთი უკრაინას კი არ ებრძვის, არამედ დასავლეთის სამყაროს, რომელიც უკრაინას რუსეთთან ომისთვის იყენებს“. გვსურს იმის შეხსენება, რომ „დასავლეთის სამყაროსთან“ ბრძოლისას, რუსეთი ბომბავს არა ბერლინს და ვაშინგტონს, არამედ ხარკოვს და ოდესას. სხვა სიტყვებით, „რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერესთა დაცვისას“, რუსეთი უკრაინის რუსულენოვან ქალაქებს ბომბავს და მოკლე დროში მან იმდენი რამ გააკეთა „ანტირუსული პროპაგანდისთვის“, რაც უკრაინელმა ნაციონალისტებმა ქვეყნის არსებობის 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს.

ლოიალობა და კანონები
შემდეგ მამა სერგი ბრალს დებს უმე-ს, რომ ის „უკრაინის ხელისუფლების მიმართ ზედმეტად ლოიალურია“, და სწორედ ამის გამო ის რმე-ს „გამოეყოფა“ და „კანონებს არღვევს“.

ჯერ ერთი, უმე-ს არანაირი კანონები არ დაურღვევია. ეგრეთ წოდებული მე-15 წესის  დარღვევაზე ჩვენ უკვე ბევრჯერ დავწერეთ, მაგალითად ამ სტატიაში (этой статье) ან ამაში в этой. მეორე, ჩვენი ეკლესია ხელისუფლების მიმართ მართლაც ლოიალური რომ ყოფილიყო, ის ალბათ ხელისუფლების მოთხოვნებსაც შეასრულებდა. ეს მოთხოვნები ცნობილია და ისინი  არაერთხელ გაუჟღერებიათ სახელმწიფოს წარმომადგენლებს. მაგალითად, ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს უფროსი დანილოვი ითხოვდა უმე-სგან, რომ მან პატრიარქ კირილეს  უწოდოს  სატანა და „ოფიციალურად განინათლოს“ მისგან. მაგრამ მთავარი, რასაც ხელისუფლება უმე-ს ყველა მღვდელმთავრისგან ითხოვს, - მეუ-სთან გაერთიანებაა. თანაც ეს „მოთხოვნები“ ზოგიერთი მღვდელმთავრის მიმართ ფაქტიურად უკვე სისხლის სამართლის საქმეებია. ძალოვნები მათ პირდაპირ ეუბნებიან - გსურთ მშვიდი ცხოვრება, წადით ეპიფანესთან. ხოლო იმაზე, თუ რა დღეში არიან რეგიონებში უბრალო მღვდლები და მორწმუნეები, ლაპარაკიც კი არ ღირს. ეს ადამიანები ფაქტიურად უკვე აღმსარებლები არიან.

ხოლო უმე-ს ნაბიჯები რმე-სგან დამოუკიდებლობისთვის - ეს არა ხელისუფლებისადმი „ლოიალობაა“, არამედ შინაგანი მოთხოვნილება, რომ განეშორო იმას, რაც ქრისტიანული მორალისა და სახარების თვალსაზრისით მიუღებელია.

საინტერესოა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ „კანონთა დარღვევის“ სიტყვების შემდეგ, მამა სერგი ყვება, რომ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში რმე იძულებული იყო საბჭოთა ხელისუფლების მიმართ გამოეჩინა ლოიალობა.

„მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ხელისუფლების მიერ ეკლესიის განადგურების სურვილი“, - ამბობს ის და აღფრთოვანებულია, რომ 1941 წლის ომის დაწყებისთანავე „დაკნინებული, გაძარცვული და თითქმის განადგურებული ეკლესია სამშობლოს დასაცავად დადგა“. ამ შემთხვევაში გაუგებარია, თუ როგორ ვერ უნდა შეამჩნიო პარალელები უმე-სთან. შეგახსენებთ, რომ ჰიტლერი საბჭოთა რუსეთში მოვიდა როგორც ბოლშევიკებისგან „განმანთავისუფლებელი“. ის დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა მოქალაქეები სიხარულით შეეგებებოდნენ მის ჯარს და გულწრფელად უკვირდა, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობისგან გამძაფრებულ წინააღმდეგობას ხვდებოდა. მისი მეომრები ამ ლოზუნგით იბრძოდნენ: „ჩვენთან არს ღმერთი“, ხოლო ოკუპირებულ მიწებზე ისინი მართლმადიდებლურ ტაძრებს ხსნიდნენ.

 „სსო-მ“ რუსები რწმენას აზიარა?
არანაკლებ უცნაურია, რომ მამა სერგის უხარია ომის მიერ მოტანილი ცვლილებები რუსეთის საზოგადოებაში: „მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს საზოგადოებაში რაღაც ხდება და ომის წყალობით ნათელი გახდა, თუ ვინ არის პატრიოტი და ვინ - არა“.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მსგავსი რამ პირველ ქრისტიანებს ეთქვათ, რომლებიც ხედავდნენ, თუ როგორ უტევდნენ რომაული ლეგიონები მათ, ვისაც იმპერიის მტრებად თვლიდნენ: „მადლობა ღმერთს, რომ ამ ომის წყალობით ნათელი გახდა, თუ ვინ არის ნამდვილი პატრიოტი“? არა, ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენთ, რადგან ქრისტიანები სულ ამბობდნენ, რომ ისინი ზეციური მოქალაქეები არიან და ერთ-ერთი ბრალდება ქრისტიანთა მისამართით, რომლის გამო მათ აწამებდნენ და დევნიდნენ, მხეცებს უგდებდნენ და ჯვარზე აცვამდნენ, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ პატრიოტებად არ თვლიდნენ. 

მეტიც, თავისი არსებობის პირველივე დღიდან ეკლესია „პატრიოტებისთვის“ შებრკოლების ლოდს წარმოადგენდა. მოდით, გავიხსენოთ - იუდეველები ქრისტეს და მოციქულებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი იუდეველთა საზოგადოების წეს-ჩვეულებებს არღვევდნენ, პატივს არ სცემდნენ „უხუცესთა გადმოცემებს“ და „ჭამა-სმას“ ბედავდნენ მათთან, ვინც იუდეველებს მტრებად მიაჩნდათ. წარმართებიც არ თვლიდნენ ქრისტიანებს პატრიოტებად - ქრისტიანები არ განადიდებდნენ იმპერატორს, ვითარცა „ღმერთს“, მათ არ სურდათ მონაწილეობის მიღება სახელმწიფო დღესასწაულებში, თუ ეს მონაწილეობა მსხვერპლშეწირვას გულისხმობდა. პირველი ქრისტიანების გაგებით, „პატრიოტიზმი“ - ზეციური მამისკენ ლტოლვაა და არა მიწიერისკენ. სამწუხაროდ, ასეთი გაგება დღესდღეობით პრაქტიკულად დაკარგულია.

მამა სერგი ყვება, რომ ის „სასიამოვნოდ გაოცებული“ იყო, როდესაც მოსკოვში ვიშნევსკის ჰოსპიტალი მოინახულა და იქ შეხვდა „ბიჭებს წინა ხაზიდან - უხელოებს, უფეხოებს, მაგრამ ისინი მღვდლისადმი კარგად არიან განწყობილები“. მან გაიხსენა ვიდეო, სადაც რუსი მოიერიშეები ლოცულობენ იერიშის წინ და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ომი. გამოდის, რომ ომმა ადამიანთა რელიგიურ შეხედულებებზე დადებითი გავლენა მოახდინა.

ნუთუ შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთის საზოგადოება „სპეციალური შეიარაღებული ოპერაციის“ გამო გახდა მართლმადიდებლური? არა, არ შეიძლება. 2024 წელს შობაზე რუსულ ტაძრებში მრევლის რეკორდულად დაბალი რაოდენობა აღინიშნებოდა, ეს ერთი. მეორე, ბრძოლის წინ ლოცვა სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი შეგნებულად მივიდა სარწმუნოებამდე. სიკვდილის პირისპირ ჯარისკაცი მზად არის, რომ ნებისმიერ ზეძალას მიმართოს, ოღონდ დარჩეს ცოცხალი. და თუ წინა ხაზზე არაეკლესიურ ადამაიანებთან მართლმადიდებელი მღვდლის ნაცვლად  სხვა რელიგიის მსახური მივა, შედეგი იგივე იქნება.

რა ვუყოთ „ცოფიან ძაღლს“?
გასაკვირი არ არის, რომ ზემოთმოყვანილმა აზრებმა მიიყვანეს  მამა სერგი იქამდე, რომ „ნაციკების“ მოკვლა ნორმალურია. ის ამბობს, რომ რფ-ის ჯარისკაცებს ტყვედ მიყავთ უბრალოდ მობილიზებული უკრაინელები და „არ აწამებენ“ მათ, ხოლო „ნაცისტებს“ ანადგურებენ. ამ სიტყვების შემდეგ პირველი აზრი, რომელიც ჩნდება - თუ როგორ განსაზღვრავენ რუსები ტყვედ აყვანის ან არ აყვანის დროს მოწინააღმდეგის პოლიტიკურ შეხედულებებს? იქნებ დისტანციურად უკრაინელთა ტვინების სკანირებას აწარმოებენ? მაგრამ მამა სერგის ეს ეჭვები არ აწუხებს. ის საოცარ ფრაზას წარმოთქვამს: „ცოფიანი ძაღლი (ესე იგი „ნაცისტები“ - რედ.) ტყვედ არ მიჰყავთ. ის არ უნდა აწვალო და გადაკეთებასაც... (აზრი არ აქვს - რედ.)“.

გამოდის, რომ მამა სერგის აზრით, უკრაინელები, რომლებსაც რუსები „ნაცისტებად“ თვლიან, ძაღლებივით უნდა ამოხოცონ.

მაგრამ მამა სერგის სიტყვებს სახარებასთან არაფერი აქვთ საერთო. ქრისტე ხომ პირდაპირ ამბობს, რომ ის მოვიდა არა მართალთა, არამედ ცოდვილთა გადასარჩენად. ის მიმართავს რომის იმპერიის სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურებზე მყოფ ხალხს, ხოლო ქანაანელ დედაკაცს იგივე „ძაღლს“ ადარებს. თუმცა ამ „ძაღლების“ მიმართ ქრისტეს სულ სხვა დამოკიდებულება აქვს, მამა სერგისგან განსხვავებით. ის ელაპარაკება ქურდებს, ყაჩაღებს, მრუშებს და ყოველთვის იმედოვნებს, რომ შესაძლებელია ყველაზე ცუდი ადამიანის გამოსწორება, მისი მობრუნება სინანულისკენ. ჯვარზეც კი არ ტოვებს მას ეს იმედი და ავაზაკს ის ცათა სასუფეველს პირდება.

მამა სერგის სიტყვები („არ უნდა აწვალო და გადაკეთებასაც აზრი არ აქვს“) - ანტიქრიატიანული სიტყვებია, სიტყვები, რომლებიც ანადგურებენ ჯვარს და ქრისტეს აღდგომას. მეტიც: მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის იმის თქმა, რომ ვიღაც შეიძლება მოკლან ან უნდა მოკლან, ცოფიანი ძაღლებივით - ეს სისასტიკე და არაადამიანურობაა. ჰიტლერიც თვლიდა, რომ მსოფლიოში „ცოფიანი ძაღლებია“ და ხვრეტდა მათ, გაზის კამერებში ხუთავდა, ტანკებით უვლიდა.

ჩვენ არ ვიცნობთ უკრაინელი „ნაცისტების“ აზრებს, რომლებსაც ხვრეტდნენ (ან სხვაგვარად კლავდნენ) რუსი ჯარისკაცები. მაგრამ საკამათო არ არის, რომ მღვდლის გამონათქვამი ნაცისტურ იდეოლოგიას გვაგონებს.

 

                                                                                       ***

ინტერვიუს ბოლოს მამა სერგი ამბობს, რომ „არ უყვარს“ ომი და არ უნდა, „რომ ის სწორად არ იყოს გაგებული“. მაგრამ ფაქტიურად მამა სერგის მთელი საუბარი, სამწუხაროდ, ომის ნამდვილი გამართლებაა. ის ამტკიცებს, რომ მღვდლისთვის წინა ხაზზე ყოფნა არაკომფორტულია, იმიტომ რომ მას იარაღი არ აქვს. მაგრამ მღვდელმსახურის სიტყვები ხომ ავტომატზე უარესია, იმიტომ რომ პროპაგანდა მკვლელობისკენ უბიძგებს ათასობით ადამიანს, რომლებიც ასეთ ინტერვიუებს უსმენენ და ფიქრობენ - თუ მღვდელი ამბობს, რომ შეიძლება ომში წასვლა, ესე იგი ნამდვილად შეიძლება. ომის პროპაგანდისას მღვდელი ყველაზე ბინძურ მეთოდებზეც არ ამბობს უარს. მაგალითად, ის ყვება მღვდელზე, რომელიც „უკრაინელმა ნაცისტებმა“ ცოცხლად დაწვეს ჯვარზე. მაგრამ არ ასახელებს ამ მღვდლის არც სახელს და არც გვარს. ეს რომ მართლა მომხდარიყო, ამას არნახული რეზონანსი ექნებოდა.

და ბოლოს, როგორც ის ამბობს, მოვა დრო და უკრაინელები აუცილებლად შეურიგდებიან რუსებს, როგორც ეს მოხდა რფ-ში ჩეჩნებთან ჩეჩნური ომის შემდეგ, მაგრამ ძალაუნებურად ჩნდება აზრი, რომ ეს მსგავსი ინტერვიუების წყალობით არ მოხდება, პირიქით... მამა სერგის კი ერთს ვეტყვით: ძვირფასო მამაო, ნუ ჩაუღრმავდებით პოლიტიკას. ნუ იღუპავთ თავს, ნუ განაბნევთ ყველაფერ იმას, რასაც ამდენი  ხნის განმავლობაში აგროვებდით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ