ცემა-ტყეპა ლენკოვცში: მეუ-მ მიტაცებებისთვის მებრძოლთა დაქირავება დაიწყო?

15 February 17:17
1153
დუმენკო პასუხისმგებელია ლენკოვცის ხოცვაზე. ფოტო: СПЖ დუმენკო პასუხისმგებელია ლენკოვცის ხოცვაზე. ფოტო: СПЖ

ჩვენ მივეჩვიეთ მეუ-ს აქტივისტთა მიერ უმე-ს ტაძრების ძალადობრივ მიტაცებებს. მაგრამ რა ქნან, როცა აქტივისტები აღარ არიან? დაიქირავონ ლეგიონერები.

ბოლო წლებში უკრაინაში ხდება მეუ-ს მომხრეთა მიერ უმე-ს ტაძრების რეიდერული მიტაცების უამრავი შემთხვევა, რასაც შევეჩვიეთ კიდევაც. ამ მიტაცებებს ახლავს ძალადობა, მუქარა, რაც, სამწუხაროდ, აგრეთვე ჩვეულებრივ ფაქტებად იქცა. თუმცა ჩერნოვიცკის ოლქის ლენკოვცში სიტუაციამ შოკში ისინიც კი ჩააგდო, ვისთვისაც რელიგიური კონფლიქტები  ახალი ამბების სტრიქონის მხოლოდ ერთი ბწკარია.

ტაძრის მიტაცება, რომელსაც თან ახლდა ჩვენი ეკლესიის მრევლის მხეცური ცემა, აგრეთვე კერძო დაცვითი სტრუქტურების ამაში მონაწილეობა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უკრაინის ხელისუფლება კანონიკური ეკლესიის მიმართ ან თვითონ მოქმედებს „აღვირახსნილად“, ან მხარს უჭერს იმათ, ვისაც ეს განუკითხაობა აწყობს.

მიუხედავად იმისა, რომ უმე-ს მრევლმა შეძლო საკუთარი ტაძრის რეიდერებისგან დაცვა, დაპირისპირების ისტორია ჯერ არც კი დასრულებულა, ის მხოლოდ ახალ ფაზაში გადავიდა - „ცივი ომის“. და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს „სისხლიან“ ომში. რა ხდება სოფელში და რით შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს?

დაპირისპირების წინაისტორია
ლენკოვცში უმე-ს მრევლის მიერ საკუთარი ტაძრის დაცვის ისტორიის თხრობას დავიწყებთ 2023 წლის 2 ივლისიდან, როდესაც მრევლის კრებაზე უმე-ს პეტრე-პავლეს მრევლის 300-ზე მეტმა წევრმა ხმა მისცა ეკლესიის ერთგულებას, უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს წინამძღოლობით.

იმავე დღეს 30-მდე  ადამიანი, მეუ-ს მხარდამჭერები, ამ სტრუქტურის „კაპელანის“ რომან გრიშჩუკის თაოსნობით, შეეცადნენ ადგილობრივ კლუბში კრების ჩატარებას, მაგრამ ვერ შეძლეს - მათ უმე-ს მომხრეებმა ხელი შეუშალეს. სამაგიეროდ, 2023 წლის 19 ნოემბერს ამ სოფლის 74 მცხოვრებმა მაინც ჩაატარა თავისი კრება და ხმა მისცა ტაძრის „გადაცემას“ ეპიფანესთვის. პეტრე-პავლეს ტაძრის წინამძღვრის, მამა ნიკოლოზ რუსის სიტყვებით, კრებაზე უმე-ს მრევლი არ შეუშვეს, სადაც მისი შვილი - უშძ-ს მებრძოლიც  იყო, რომელიც თითქმის 2 წელია  წინა ხაზზე იმყოფება. იმავე დღეს კანონიკური ეკლესიის მრევლმა 200 ადამიანის შემადგენლობით, ყველამ, ვინც მოახერხა სასწრაფოდ ერთ დღეში შეკრება, კიდევ ერთხელ დაადასტურა უმე-ს მიმართ თავისი ერთგულება.

სოფელში სიტუაცია ასე თუ ისე მშვიდი იყო, იმიტომ რომ უმე-ს მღვდელი ნიკოლოზ რუსი თავის მრევლს მოუწოდებდა, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ქრისტიანები არიან, ხოლო მეუ-ს მხრდამჭერები იმდენად ცოტანი არიან (სულ რაღაც 20-25 ადამიანი), რომ მათ  პრეტენზიაც კი არ ჰქონდათ ტაძარზე, ხოლო 2024 წლის იანვრიდან (როდესაც მათი „მრევლი“ ხელისუფლების ორგანოებში დაარეგისტრირეს), ადგილობრივ კლუბში „მსახურობდნენ“.

და აქ ჩვენ აღვნიშნავთ პირველ „უცნაურობას“, რომელმაც გავლენა მოახდინა ლენკოვცში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

ახალი „მრევლის“ „წინამძღვრად“ დანიშნული იყო ნაზარ კრასნოდემსკი. მაგრამ ეს 1 ოქტომბერს მოხდა - კლუბში „ხმის მიცემამდე“ თვენახევრით ადრე  (რომელიც, შეგახსენებთ, ჩატარდა 19 ნოემბერს) და ოფიციალურ რეგისტრაციამდე რამდენიმე თვით ადრე.

ცემა-ტყეპა ლენკოვცში: მეუ-მ მიტაცებებისთვის მებრძოლთა დაქირავება დაიწყო? - სურათი 1

ეს ფაქტი აშკარად მოწმობს, რომ უმე-ს ტაძრის მეუ-ში „გადასვლის“ „ხმის მიცემის“ პროცესი სხვა არაფერია, თუ არა ფიქცია, რომლის მიზანია რეიდერული მიტაცებისთვის კანონიერი სახის მიცემა. რაც შემდგომში ლენკოვცში მოხდა კიდევაც.

უკვე 2024 წლის 8 თებერვალს რეიდერთა ჯგუფმა 30-მდე ადამიანის შემადგენლობით, რომლებშიც მოგვიანებით ამოიცნეს დაცვის ფირმის „ტიგრის“ (ვეფხვის) თანამშრომლები, შევარდა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ტაძარში. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა რეიდერთა წინააღმდეგ არანაირი ზომები არ მიიღეს, პირიქით, ისინი მათ მრევლისგან იცავდნენ, თანაც  მრევლს მორჩილებისკენ და „უკრაინულ ეკლესიაში“ გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

რეიდერებისგან სიწმინდის დასაცავად მოვიდა სოფლის თითქმის 300 მაცხოვრებელი. ზოგიერთი მათგანი „ტიგრის“ დაქირავებულთა მიერ სასტიკად იყო ნაცემი. კონფლიქტის პროცესში ერთ-ერთ მორწმუნე ადამიანთან, რომელიც მიწაზე იჯდა დაქირავებულთა მიერ ჩატარებული „სამუშაოს“ შემდეგ, ზურგიდან ერთ-ერთი ბანდიტი მიეპარა და ფეხით ძლიერ ჩაარტყა თავში, რის შედეგად ადამიანმა  გონება დაკარგა. ჩვენი ინფორმაციით, „ტიგრის“ თანამშრომლები მეუ-ს „მღვდლებმა“ დაიქირავეს სპეციალურად ტაძრის მიტაცებისთვის. ადრე ისინი სხვა მსგავს აქციებშიც იღებდნენ მონაწილეობას.

 მორწმუნეები არ იშლებოდნენ და სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბა. საღამოსკენ „ტიგრის“ თანამშრომლებმა ტაძრის ტერიტორია დატოვეს, ხოლო 8 თებერვალს, შუაღამისკენ ტაძრიდან პოლიციის თანხლებით დანარჩენი მიმტაცებლებიც გავიდნენ.

მრევლს კვლავ მიეცა საშუალება, რომ თავის სიწმინდესთან მისულიყო. სტოაში მათ იპოვეს საჭმლის ნარჩენები, კუთხსახეხი,  უკრაინის ორი დროშა, დაჭმუჭნული და ჭუჭყიანი. იქ აგრეთვე იყო რამდენიმე ტარიანი დროშა, რომლითაც მიმტაცებლები მრევლს სცემდნენ. ტაძარში თამბაქოს სუნი იდგა, ეყარა სიგარეტების ნამწვები. გარდა ამისა, რეიდერებმა დააზიანეს შენობაში მყოფი გენერატორი და იატაკზე დიდი რაოდენობით ბენზინი იყო დასხმული.

ამ სტატიის წერის მომენტში პოლიცია ტაძართან მორიგეობს, ხოლო უმე-ს მრევლი იქ ყოველდღიურ მსახურებას ატარებს.

დაპირისპირება გრძელდება?
სიტუაცია კი მართლაც ძალზე დაძაბული რჩება. ჩვენი ინფორმაციით, ლენკოვეცის მაცხოვრებლებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი თავიანთი ტაძრის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში არც თუ ისე ბევრი მამაკაცი დარჩა, ყველა მზად არის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლის ფასად მოიპოვონ ღვთის სახლში სიარულის უფლება.

თავის მხრივ, მეუ-ს მომხრეები იმედოვნებენ, რომ რომან გრიშჩუკი და ნაზარ კრასნოდემსკი შეძლებენ კიდევ ერთხელ მოახდინონ „ტიგრის“ „ტიტუშკების“ „ორგანიზება“ და მომრწმუნეებისთვის ტაძრის წართმევა. ის, რომ მეუ-ს „მღვდლები“ აშკარად აპირებენ ტაძრის ძალით წართმევას, სულაც არ არის გასაკვირი. გრიშჩუკს არაერთხელ განუცხადებია, რომ უმე-ს ტაძრების წართმევა არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც არის. ეს კი ნიშნავს, რომ მათი დამანგრეველი მოქმედების შეჩერება მხოლოდ უფალ ღმერთს შეუძლია ან არასაკმარის ფულად სახსრებს  „ტიგრის“ თანამშრომელთა დასაქირავებლად (ის, რომ სახარება ან უკრაინის კანონი მათ არ აჩერებს, ჩვენ უკვე დავრწმუნდით).

სხვა მხრივ, თვით „ტიგრის“ თანამშრომლები ფულის შოვნის წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ, რაც სავსებით ბუნებრივია, უფრო სერიუზული „საქმეებისთვის“ ემზადებიან, ვიდრე ტაძრებთან პენსიონერების ცემაა.

საქმე იმაშია, რომ ფირმა შექმნილია 2012 წელს და, როგორც მის საიტზე წერია, „სპეციალიზდება სხვადასხვა ფორმის პირადი ქონების ტექნიკურ და ფიზიკურ დაცვაზე“. დაარსებულია ქალაქ ჩერნოვცში და შედგება სპეცქვეგანყოფილებების ყოფილი თანამშრომლებისა და პროფესიონალი სპორტსმენებისგან, რომლებსაც სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი. გარდა ამისა, „ტიგრი“ პირადი დაცვის, კონვოირების, თანხლებისა და VIP-პერსონების დაცვის მომსახურებასაც სთავაზობს.

ფოტო, რომელიც ამ ფირმის მომსახურების რეკლამას წარმოადგენს, ძალზე შთამბეჭდავია.

ცემა-ტყეპა ლენკოვცში: მეუ-მ მიტაცებებისთვის მებრძოლთა დაქირავება დაიწყო? - სურათი 2

მართალია, არც საიტზე და არც ინსტაგრამზე „ტიგრები“ რატომღაც არ ყვებოდნენ ლენკოვცში თავიანთი გმირობების შესახებ. სულ ტყუილად, იმიტომ რომ ისინი ისედაც საყოველთაოდ ცნობილი გახდა. სახდეპუტატი არტემ დმიტრუკი თვლის, რომ „სოფელში სიტუაცია არა მარტო არ ექვემდებარება კონტროლს, ის 90-ების დასაწყისის სრულ განუკითხაობას მოგვაგონებს, როდესაც ხელისუფლება საერთოდ არ აკონტროლებდა იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა და ხალხი შიშის ქვეშ ცხოვრობდა სხვადასხვა ბანდის თარეშის გამო“.

მან აღნიშნა, რომ დაცვის ფირმის „ტიგრის“ თანამშრომლები მივიდნენ სოფელში „უბრალოდ ხალხის მოსაკლავად“: ნახეთ ვიდეო, სადაც ნიღბიანი ბანდიტი ზურგიდან ეპარება მოხუც კაცს, რომელიც მიწაზე იჯდა სხვა „ტიგრელის“ დარტყმის შემდეგ და მას ფეხს თავში ურტყამს. რა არის ეს, თუ არა მკვლელობის მცდელობა? სწორედ ასე უნდა კვალიფიცირდეს ეს მხეცობა!“

დმიტრუკმა დასვა მთელი რიგი სავსებით ლოგიკური შეკითხვა. „რა არის იმის მიზეზი, რომ ათობით ახალგაზრდა, „ტიგრის“ თანამშრომლებად წარმოდგენილები, იბრძვიან არა წინა ხაზზე, არამედ ჩერნოვიცკის ოლქში ისინი მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ? ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არავინ არ დაინტერესდა იმით, თუ რით არის დაკავებული ეს ორგანიზაცია და რატომ იღებენ  მონაწილეობას რეიდერობაში ამ ფირმის თანამშრომლები?“, - კითხულობს დეპუტატი.

უკვე დიდი ხანია დადგა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის დრო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ, ზოგიერთი ადგილობრივი აქტივისტის აზრით, დაცვის ფირმა „ტიგრს“ კავშირი აქვს პოლიტიკურ სტრუქტურებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციით და ხელისუფლების მიტაცებით. როგორც მინიმუმ, ადგილობრივად.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ფირმის საქმიანობის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, იმიტომ რომ „ტიგრები“ კვლავ მოხვდებიან უმე-ს ტაძრებთან კამერების ობიექტივებში.

და რას ფიქრობს ხელისუფლება და დუმენკო?
უკრაინის ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოების პოზიცია ტაძრების მიტაცებასთან დაკავშირებით გასაგებია - არ შეიმჩნიონ ეს მიტაცებები. ერთის მხრივ, უკრაინის კანონები ყველა რელიგიური ორგანიზაციის თანასწორობისა და არადისკრიმინაციის გარანტია, აგრეთვე ისინი მათ უფლებებს და ინტერესებს იცავენ. მეორე მხრივ, ეს კანონები გამოიყენება მხოლოდ „სწორი“ რელიგიური ორგანიზაციების მიმართ და არანაირად არ ეხება უმე-ს.

ასეთი დამოკიდებულება არა მარტო  არღვევს მორწმუნეთა უფლებებს და თავისუფლებას, არამედ ქმნის დაუსჯელობის განცდას, რაც მშვენივრად ჩანს მეუ-ს „მღვდლების“ ნაზარ კრასნოდემსკისა და რომან გრიშჩუკის მაგალითზე, რომლებსაც არა ერთხელ მიუღიათ მონაწილეობა უმე-ს ტაძრების მიტაცებაში.

სწორედ მათი აბსოლუტურად უხეში და ქრისტიანობისთვის უცხო პოზიცია საზოგადოებაში მშვიდობას და თანხმობას არღვევს, ხელს უწყობს უკრაინის მაცხოვრებელთა შორის ზიზღისა და ძალადობის გავრცელებას.

როდესაც დუმენკო ამბობს, რომ უკრაინაში არნახული რელიგიური  თავისუფლებაა, ხოლო უმე-ს ტაძრების მიტაცებების ზღაპრები - ეს „მოსკოვის პროპაგანდაა“, მას უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ მისი სტრუქტურის წარმომადგენლები არა მარტო მონაწილეობენ მიტაცებებში, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსკოვმა მიიღოს უკრაინაში დევნის ამსასხველი ასეთი საჭირო სურათი. იგივე დმიტრუკი წერილობით მიმართავს დუმენკოს: „ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენი ქვეშევრდომების მხრიდან მსგავსი რაღაცეები არა მარტო დისკრედიტაციაა რელიგიური ორგანიზაციისა, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, არამედ უკრაინის სახელმწიფოს სრული დისკრედიტაციაა, რაშიც, თუ თავში ფეხების დარტყმებით ვიმსჯელებთ, თქვენი ქვეშევრდომები ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ?.. სკანდალზე პასუხისმგებლობა სწორედ თქვენ გეკისრებათ, აგრეთვე ყველას, ვინც  აგრძელებს იმ ყველაფრის მფარველობას, რაც ხდება!“.

მაგრამ სერგეი პეტროვიჩს სინამდვილეში არაფერიც „არ ეჩვენება“. ვინაიდან ის მრავალი წელია ამტკიცებს უმე-ს მრევლის მეუ-ში „თავისუფალ გადასვლებს“, ამიტომ ახლა  უბრალოდ ვერ აღიარებს, რომ არც თავისუფლებაზე, არც გადასვლებზე ლაპარაკი არ არის - მხოლოდ უხეში ძალა და „მოწინააღმდეგის“ ფიზიკური განადგურება. სწორედ ასე მოქმედებდნენ მისი იდეური შთამაგონებლები - ბოლშევიკები. ისინი აპატიმრებდნენ მღვდლებს და კეტავდნენ ეკლესიებს, თან მზაკვრულად ატყუებდნენ მსოფლიოს, რომ სსრკ-ში არანაირი დევნა არ არის, იქ სუფევს თავისუფლება და სიყვარული, ხოლო მორწმუნეთა დახვრეტები და ეკლესიების აფეთქებები მხოლოდ მტრის პროპაგანდაა!

არც დუმენკოს და არც მის მიმდევრებს არ ესმით, რომ სწორედ მშვიდობა და თანხმობა საზოგადოებაში ხელს ეწყობს  დემოკრატიის განვითარებას, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეკონომიკის ზრდას, კულტურის, მეცნიერების, ჯანდაცვისა და ცხოვრების სხვა სფეროების ფორმირებას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მშვიდობა და თანხმობა საზოგადოებაში ხელს უწყობს ნაციონალური უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებას. ამიტომ გასაგებია, რომ ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც არღვევენ ამ მშვიდობასა და თანხმობას საზოგადოებაში, ანტისახელმწიფოებრივია, ამიტომ საჭიროა მათი მკაცრად შეფასება და შეწყვეტა.

დღესდღეობით კი მხოლოდ უნდა ვილოცოთ, რომ სიტუაცია ლენკოვცში არ გადაიზარდოს რელიგიურ ომში. მორწმუნეები თავიანთ ტაძარს არ დათმობენ, ხოლო გრიშჩუკი „ტიგრებთან“ ერთად ალბათ კვლავ დაბრუნდება. და მაშინ შესაძლებელია სისხლი დაიღვაროს... თუ ასე მოხდება, ეს დანაშაული მთლიანად დუმენკოს და რეგიონის ხელისუფლებას დაეკისრება, ვინაიდან  მეუ-ში რელიგიური კონფლიქტების ინიცირება ხდება, ხელისუფლება კი ხელს უწყობს  მათ განვითარებას. ამიტომ პასუხსაც ერთად აგებენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ