აღმსარებელთა ჯვრით მსვლელობა

29 August 2023 15:26
1820
მსვლელობა პოჩაევოს ლავრასკენ. ფოტო: СПЖ მსვლელობა პოჩაევოს ლავრასკენ. ფოტო: СПЖ

კამენეციდან პოჩაევში ჯვრით მსვლელობა დასრულდა, თუმცა უფრო სწორად რომ ვთქვათ, აღსრულდა. უმე-ს დევნის პირობებში ეს არა მარტო ლოცვითი მსვლელობა, არამედ რაღაც უფრო მეტია. რა არის ეს?

მიუხედავად ყველა აკრძალვისა და პროვოკაციისა, ჯვრით მსვლელობა კამენეც-პოდოლსკიდან პოჩაევოს ლავრაში შედგა. მართლმადიდებელთა ჟურნალისტთა კავშირი საკმაოდ ვრცლად განიხილავდა ამ მსვლელობას. ვიდეოები და ფოტოები იმისა, თუ როგორ კეტავდნენ სამართალდამცავები სადგურის შენობაში სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ ხალხს, როგორ ხდებოდა პოლიციის მიერ კამენეც-პოდოლსკის ტაძრის ტერიტორიის ბლოკირება, როგორ ურიგებდნენ სამხედრო კომისრები მამაკაცებს გაწვევის ბარათებს, რომლებმაც გაბედეს მონაწილეობის მიღება ჯვრით მსვლელობაში, როგორ ართმევდა პოლიცია მართვის მოწმობებს ავტობუსის მძღოლებს, რომლებსაც გადაჰყავდათ მომლოცველები, როგორ შეურაცხყოფდნენ და ემუქრებოდნენ მორწმუნეებს ანტიეკლესიურად განწყობილი აქტივისტები, როგორ კეტავდა პოლიცია გზებს და აიძულებდა მსვლელობის მონაწილეებს, რომ მინდვრები გადაევლოთ, როგორ უკრძალავდა ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის მოქალაქეებს თავის ქვეყანაში გადაადგილებას და ასე შემდეგ. ბევრი რამ იყო.

მაგრამ მთავარი მოვლენა - პოჩაევოს ლავრაში ათი ათასზე მეტი მომლოცველის საზეიმო შესვლა იყო. იყო სიხარული იმისა, რომ, მიუხედავად ყოველგვარი ხრიკებისა, ჯვრით მსვლელობა შედგა, რომ უფალმა ყველაფერი სიკეთისკენ წარმართა, რომ მან ხალხისგან მიიღო აღმსარელობა „... ჯვარცმული ქრისტესი, იუდეველთა საცდურის და ბერძენთათვის - უგუნურების...“ (1 კორ. 1:23).

შესაძლებელია, რაღაც დროის შემდეგ, როდესაც ეკლესიის ისტორიკოსები აღწერენ დღევანდელ დევნას ეკლესიაზე, 2023 წლის ჯვრით მსვლელობას კამენეციდან პოჩაევში უწოდებენ მდევნელთა წინაშე ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლობის სიმბოლოს. დღესდღეობით მორწმუნეები მრავალ ადგილას  იცავენ თავიანთ ტაძრებს, იცავენ მათ მიტაცებისგან და მეუ-ში უკანონო გადაყვანისგან. დღეს მიმდინარეობს გმირული დგომა იმისთვის, რომ კიევ-პეჩერის ლავრა მართლმადიდებლურ სიწმინდედ დარჩეს და არ გადაიქცეს საერო დაწესებულებათა ადგილად ან სახალხო სარეწაო ცენტრად.

გაუგებარია, რა გველოდება მომავალში. იქნებ უფრო ხმაურიანმა მოვლენებმა ჩაახშონ პოჩაევში ჯვრით მსვლელობის მნიშვნელობა. მაგრამ მოცემულ მომენტში ეს ძალზე ხმაურიანი, მდევნელთა წინაშე მართლმადიდებლური სარწმუნოების ძალზე ნათელი და გახსნილი აღმსარებლობაა.

თუმცა ჯვრით მსვლელობაზე წასვლა აუცილებელი არ იყო. შეიძლებოდა უბრალოდ სახლში დარჩენა და ეს ღალატი არ იქნებოდა. მამაკაცებს შეეძლოთ ეფიქრათ სამხედრო კომისარიატში გაწვევის უწყების ჩაბარების რისკზე. ქალებს - შესაძლო პროვოკაციებზე ანტიეკლესიურად განწყობილ აქტივისტთა მხრიდან. ბავშვებს და მათ მშობლებს - გაუსაძლის სიცხეზე. ხოლო ჯვრით მსვლელობის ყველა მონაწილეს ეფიქრა იმაზე, რომ შესაძლოა მათი დაპატიმრება, ცემა, სამსახურიდან გაგდება, შეიძლება უბრალოდ არ შეუშვან ლავრაში და ასე შემდეგ.

მაგრამ ხალხი მაინც წავიდა პოჩაევში. და ეს ყველაზე ჭეშმარიტი აღმსარებლობაა, ისეთი, როგორიც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში იყო.

ერთხელ მიტროპოლიტმა ანტონი სუროჟელმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში ასეთი სიტყვები თქვა:

„ქრისტიანობის ადრეულ საუკუნეებში ქრისტეს მეგობრად ყოფნა, მისი ერთგულება, ლოიალობა მის მიმართ ნიშნავდა მზაობას, რომ მისი მოძულე ხალხის წინაშე, იმ სარწმუნოების მდევნელთა წინაშე, რომელსაც ის ქადაგებდა, გეთქვა: „მე ერთ-ერთი მათგანი ვარ!“ - და თუ საჭიროა, გევნო კიდევაც მისთვის. და არა მარტო შენ, - ძველ დროში ქრისტესთვის ვნება ხომ პატივად ითვლებოდა, ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს. არის ერთი გულისამაჩუყებელი ამბავი წმინდანთა ცხოვრებაში. რომში კოლიზეუმთან მირბის ქალი და ხვდება თავის ნაცნობს, რომელმაც ის გააჩერა: „სად მირბიხარ? იქ ქრისტიანებს აწამებენ!“ – „ვიცი, - უპასუხა მან, - მეც მინდა მოვკვდე მათთან ერთად“. - კი მაგრამ, შენი პატარა შვილი რატომ მიგყავს?“ – „აბა როგორ! ხომ არ მოვაკლებ მას ქრისტესთვის სიკვდილის სიხარულს!“. აი ასეთი დამოკიდებულება იყო ძველ დროში.

ჩვენს დროში არ გვემუქრება სიკვდილი ასე უშუალოდ, მაგრამ ჩვენ წინაშე მუდმივად დგას კითხვა: ქრისტესთან ხარ თუ მის წინააღმდეგ? ყველაზე წვრილმან საკითხებშიც კი: მზად ხარ ტყუილი თქვა? მზად ხარ იცრუო სიმხდალის, ანგარების გამო?.. თუ მზად ხარ ამისთვის, მაშინ შენ არ ხარ ქრისტეს მოწაფე.

მიტრ. ანტონი სუროჟელი

მზად ხარ დაივიწყო სხვა ადამიანის გასაჭირი, იმიტომ რომ მას შენთვის სარგებელი არ მოაქვს ან მოითხოვს შენგან ძალისხმევას, რომლისთვისაც შენ მზად არ ხარ? შენ არ ხარ ქრისტეს მოწაფე... ქრისტეს მოწაფეობა არ ნიშნავს მუდმივად რაღაც გმირული საქციელების ჩადენას; ეს ნიშნავს, რომ  ყოველდღე გმირულად წვრილმანი საქციელები ჩაიდინო; გქონდეს სუფთა აზრები, ღირსი იმ სიყვარულისა, რომელიც ღმერთს შენ მიმართ აქვს, მართალი ცხოვრებით ცხოვრობდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საფრთხით და რისკითაც კი; ეს ნიშნავს არ გრცხევენოდეს ქრისტიანის წოდებისა, მზად იყო, ყველას წინაშე აღიარო: „დიახ, მე ქრისტესი ვარ; თუ ჩემი გარიყვა გსურთ, გამრიყეთ, მე არ ვუარყოფ ქრისტეს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენთან ვიყო“.    

ვფიქრობ, ეს სიტყვები ზუსტად ასახავს 2023 წლის პოჩაევოში ჯვრით მსვლელობის აზრს და იმას, თუ რატომ მონაწილეობდნენ მასში ადამიანები, მიუხედავად მუქარისა და რისკებისა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ანტონი სუროჟელის სიტყვები: „ძველ დროში ქრისტესთვის ვნება ხომ პატივად ითვლებოდა, ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს“.

ურწმუნო, არაეკლესიური ადამიანები, მით უმეტეს ეკლესიის წინააღმდეგ განწყობილები ამას ვერ გაიგებენ. ისინი საკუთარი თავიდან გამომდინარე ფიქრობენ და მოტივებს  მატერიალურ სფეროში, პატივმოყვარეობაში, უკიდურეს შემთხვევაში კი რელიგიურ ფანატიზმში ეძებენ. მაგრამ ცნობილია, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ფანატიზმისგან განსხვავდება: მორწმუნეები კვდებიან თავიანთი სარწმუნოებისთვის, ფანატიკოსები კი კლავენ. ჯვრით მსვლელობამ აჩვენა ჭეშმარიტი სარწმუნოება ჩვენს ხალხში.

ისინი იმიტომ კი არ მიდიოდნენ, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცონ, არამედ იმიტომ, რომ ქრისტეს და ღვთისმშობელს დაუმტკიცონ თავიანთი სიყვარული. და თუ საჭიროა, ამ სიყვარულის გამო დაითმინონ გაჭირვება, საფრთხე, ცილისწამება, შეურახყოფა, დევნა სიმართლის გამო, მაგრამ  საკუთარი სარწმუნოება მთელი მსოფლიოს წინაშე აღიარონ. ვინც ჯვრით მსვლელობაში მონაწილეობდა, არავინ არ იცოდა, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. კუთხსახეხებით და ძალაყინებით, რელიგიის ადეპტებს ყველაფრის მოწყობა შეეძლოთ. თუ რა შეუძლიათ მათ, ჩვენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ამაში უკვე დავრწმუნდით. და ამ საფრთხეების წინაშე მდგომმა ათასობით ადამიანმა განაცხადა: „დიახ, მე ქრისტესი ვარ; თუ ჩემი განდევნა გსურთ, განმდევნეთ, მე არ განვუდგები ქრისტეს“.

მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ შორეულ 1988 წელს საბჭოთა (იმ დროს) სახელმწიფომ „პირი იბრუნა“ ეკლესიისკენ, მას შემდეგ, რაც დაიწყეს ეკლესიისთვის დანგრეული მონასტრებისა და ტაძრების დაბრუნება, მას შემდეგ, რაც რწმენის თავისუფალი აღმსარებლობის  ნება დართეს და ასე შემდეგ, ეკლესია შედარებით მშვიდად ცხოვრობდა. და ბევრი ადამიანი, ეკლესიაში შეგნებულად მოსული, საკუთარ თავს უსვამდა კითხვას: ვართ თუ არა ჩვენ ჭეშმარიტად ღვთისკენ მოქცეულები, ჩვენი ეკლესიაში სიარული უფრო მოდის აყოლას ხომ არ ჰგავს ან რაღაც თავისებურ ესთეტურ სიამოვნებას? ეს კითხვები სრულიად კანონზომიერია, მოციქულებიც კი, ქრისტეს სიტყვების შემდეგ „ერთი თქვენგანი გამცემს მე“ (მთ. 26:21), კითხულობდნენ: „მე ხომ არა, უფალო?“ (მთ. 26:22).

როგორ შევამოწმოთ, ქრისტეს ერთგულია თუ არა ადამიანი (უფრო მაშტაბურად კი ხალხი)? როგორ განვსაზღვროთ, მოაქვს მას ნაყოფი ღვთისთვის თუ არა? უფალმა თავის მოწაფეებს მოუყვა იგავი მთესველზე: „აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; იზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!“ (მთ. 13:3-9).

 როგორ შევიმეცნოთ საკუთარი სული: ღრმა არის ის თუ არა, ქვიანი თუ ეკალ-ბარდებიანი?

ეს განსაცდელის ჟამს შეიცნობა. როდესაც ყველაფერი კარგად არის,  ტაძრებს არ გვართმევენ, ირგვლივ სილამაზე და ღვთისმოსაობაა, ეკლესიაში ყოფნა კომფორტული და უსაფრთხოა. ასე იყო წმინდა და მართალ იობის შემთხვევაშიც: „იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი. ჰყავდა მას შვიდი ვაჟი და სამი ასული. ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი“ (იობი 1:1-3). ეს მოგვაგონებს ახლო წარსულს, როდესაც ეკლესიას არავინ არ აწუხებდა. მაგრამ ამას მოყვა მოვლენა, რომელიც მოხდა არა დედამიწაზე, არამედ ზეცაში: „ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან. უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“(იობი 1:6-11).

ამ მომენტიდან იობისთვის დაიწყო განსაცდელები. ყველა შვილი დაეღუპა, დაკარგა მთელი თავისი სიმდიდრე და მას  საშინელი სენი, კეთრი შეეყარა, რომელიც თავიდან ფეხებამდე მოედო. თანაც ის ვერსად ვერ პოულობდა ნუგეშსა და მხარდაჭერას. მისი მეგობრები ელიფაზ თემანელი,  ბილდად ხუშელი და ცოფარ ნაყამათელი ამბობდნენ, რომ ყველაფრის მიზეზი  იობის რაღაც ფარული ცოდვებია, მისი ცოლი კი ურჩევდა: „დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ (იობი 2:9), მხოლოდ ასე, მისი აზრით, იობს შეეძლო ტანჯვისგან თავის დაღწევა.

მაგრამ იობი ყველა განსაცდელს გაუმკლავდა და დარჩა არა მარტო ღვთის ერთგული, არამედ მადლიერიც. „უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი!“ (იობი 1:21) - ამბობდა ის.

აქაც არ შეიძლება არ დავინახოთ პარალელები ჩვენს დღევანდელ სიტუაციასთან. მორწმუნეებს შეურახყოფენ, ბრალს დებენ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულებებში, ართმევენ ტაძრებს, ქონებას და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათი დრტვინვა უფალზე. ჩვენ არ გვესმის ზიზღიანი ყვირილი, წყევლა ან მსგავსი რამ მდევნელთა მიმართ. არ ისმის ყვირილი: „ო, რისთვის ვისჯებით?!“. არაფერი მსგავსი ჩვენ არ გაგვიგია.

უკრაინელი მორწმუნეები ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობენ, არ იბრუნებენ ტაძრებს ძალის გამოყენებით, შურს არ იძიებენ და არ დრტვინავენ. მთავარი კი - ეკლესიაში რჩებიან! ეს ნიშნავს, რომ ეკლესია უმკლავდება განსაცდელებს და ქრისტეს ერთგული რჩება.

ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესიას უკრაინაში მომავალი გააჩნია, ის არ განადგურდება და ვინ იცის, იქნებ მას აღორძინება ელოდება. ჯერ კიდევ ქრისტინი აპოლოგეტი ტერტულიანე (II-III სს.) წერდა: „მოწამეთა სისხლი - ქრისტიანობის თესლია“.

რა თქმა უნდა, დღეს მოწამეებს კოცონზე არ წვავენ და ლოდით კისერზე არ აგდებენ წყალში, მაგრამ იმ განსაცდელებს, რომლებიც დღეს ეკლესიას აქვს, ეკლესია ღირსეულად უმკლავდება. ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება მომავალში, მაგრამ მოვლენათა ლოგიკა წმინდა წერილში გვაქვს მოცემული. იგივე იობის წიგნში ვკითხულობთ, რა მოხდა მას შემდეგ, როდესაც მან  უამრავი ტანჯვა გადაიტანა: „და აკურთხა უფალმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას 14 ათასი ცხვარი, 6 ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი. და ჰყავდა მას შვიდი ძე და სამი ასული. და დაარქვა ერთს სახელად იემიმა, მეორეს – კეციყა და მესამეს – კერენ-ჰაფუქი.

და არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა ტურფა ქალები მთელს ქვეყანაზე. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმათა შორის. და იცოცხლა იობმა ამის შემდეგ 140 წელი და იხილა მან თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა. და მოკვდა იობი დღეებით სავსე.“ (იობი 42:12-17).

 

ვნების შვიდეულს ყოველთვის აღდგომა მოსდევს, განსაცდელს ყოველთვის ჯილდო მოყვება, ქრისტესთვის წამებას - გვირგვინი. ჩვენ არ ვიცით, ვიხილავთ თუ არა ამქვეყნად ჩვენი ეკლესიის დიდებას თუ ეს მარადისობაში გველოდება, მაგრამ ვიცით ზუსტად, რომ 2023 წ. ჯვრით მსვლელობა პოჩაევში - ეს ქრისტეს აღმსარებლობაა მთელი მსოფლიოს წინაშე და გულს უხარია ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც მონაწილეობდა, სწორედ მათზე უფალმა თქვა: „ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“ (მთ. 10:32).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ