„ამჟამინდელი დევნა საჭიროა იმისთვის, რომ უმე-ში ახალი წმინდანები გაბრწყინდნენ“
მიტ. ნეოფიტე იმის შესახებ, თუ რატომ არბევენ უკრაინაში ტაძრებს, კანონიკურად თუ იხარშება უმე-ში მირონი და არ იხსენიება პატრიარქი, სჭირდება თუ არა მას ავტოკეფალია და როდის გაიმართება მსოფლიო კრება.
– 2023 წლოს 8 იანვარს გაიმართა კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის, უნეტარესი გიორგის ინტრონიზაცია. ამ ინტრონიზაციაზე ბევრი იერარქი ჩამოვიდა, მათ შორის ელადის ეკლესიის წინამძღოლი. მეუ-ს წარმომადგენელიც ჩამოვიდა, უმე-ს ყოფილი მიტროპოლიტი სვიმეონი (შოსტაცკი). თქვენ, მეუფეო, ინტრონიზაციაზე არ წახვედით და თქვით, რომ არქიეპისკოპოს გიორგისთვის გულმხურვალედ ილოცებთ სახლში. ასე რატომ მოიქეცით?
- ვფიქრობ, ჩემი განცხადება ამ ყველაფერს ნათელს ჰფენს. ვიგრძენი, რომ ჩვენი არქიეპისკოპოსის გიორგის, რომელსაც არჩევნებზე ხმა მივეცი, მოციქულ ბარნაბას უძველეს ტახტზე ინტრონიზაციის დროს, მე, როგორც კვიპროსელმა მღვდელმთავარმა, მთელი დღე ლოცვაში უნდა გავატარო. ვინაიდან ჩვენ მსოფლიო მოვლენებისა და მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის საბედისწერო დღეებში გვიწევს ცხოვრება, ჩვენი ეკლესიის და მთელი მსოფლიოს ეკლესიისთვისაც, ნებისმიერ ადგილას, უფრო სასარგებლო იქნებოდა, რომ ეს დღე ლოცვისთვის დაგვეთმო. არქიეპისკოპოს გიორგისთვის ჩვენი ლოცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ისეთ დროს გახდა წინამძღვარი, როდესაც მართლმადიდებლობის ერთიანობას და სიმტკიცეს დიდი პრობლემები შეექმნა. ამ ეპოქაში არც კი მალავენ, რომ მათი მიზანი ქრისტიანობასთან ბრძოლა, ქრისტიანობისგან თავის დაღწევაა. და ამ ახალი მსოფლიო წესრიგის დროს ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვებით ჩაქოლონ ისინი, ვინც მართლმადიდებლობის, მართლმადიდებლური ერთიანობის ჭეშმარიტ ხმას წარმოადგენს. ასეთი ხმა კიევის მიტროპოლიტ ონოფრე წარმოადგენს, რომლის უკან უკრაინის ეპისკოპოსები, მონასტრები და მორწმუნე ხალხია. ესე იგი მართლმადიდებელ ადამიანთა უმრავლესობა კიევის მიტროპოლიტ ონოფრეს მიმდევარია. და ეს გუშინ და გუშინწინ არ მომხდარა.
და მე მხოლოდ ამიტომ დავრჩი ლოცვისთვის, რომ მწამს მისი ძალის. კვიპროსის არქიეპისკოპოსს კი ჩვენი ლოცვა სწორედ მისი ინტრონიზაციის დღეს ესაჭიროებოდა ყველაზე მეტად. ეს პირველ რიგში.
მეორე, განსაკუთრებულ ლოცვას საჭიროებს მიტროპოლიტი ონოფრე და მისი ეკლესია, რომელიც დიდ განსაცდელში იმყოფება.
მესამე, მე თავად ვარ დევნილი მიტროპოლიტი. ჩემი მიტროპოლიის ნახევარი თურქების ხელშია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დროდადრო მაინც წასასვლელად და მსახურებისთვის უდიდესი ბიურაკრატიული ხასიათის სირთულეების გადალახვა მიწევს. ხანდახან თურქები „კი“-ს ამბობენ, ხოლო ხანდახან უარით პასუხობენ, ამბობენ „არა“. ჩვენ მივდივართ მსახურებისთვის იქ, სადაც ტაძრები ხატების, კარების, ფანჯრების გარეშეა, თავლების მსგავსი. იმ სოფლის ეკლესია, სადაც დავიბადე, მთავარანგელოზ მიქაელის, ცოტა ხნის წინ მეჩეთი იყო. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ, მე ვარ ეპისკოპოსი უდიდესი შინაგანი ტკივილით. ვიცი, რა არის უსამართლობა: პოლიტიკურიც და ეკლესიურიც. ისინი ხელიხელჩაკიდებულები დადიან. ამგვარად, მე დევნილი მიტროპოლიტი ვარ, ისტორიის მიერ, ამა სოფლის ძლიერთა, განსაკუთრებით კი დასავლეთის, ინგლისელებისა და ამერიკელების და თურქების ინტერესთა გამო უსამართლოდ დაჩაგრული, ნახევარი ჩემი სამშობლო ოკუპირებული და დაუძლურებულია. ეს პატარა სამშობლოა, უკრაინა დიდი სამშობლოა, ხოლო კვიპროსი პატარა კუნძულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. საუკუნეების განმავლობაში ამ რაიონში ყველაფერი ვულკანის მსგავსად დუღს.
ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ჩემნაირ დევნილ ეპისკოპოსს თქვენი ტკივილი რომ ვერ გაეგო, თქვენს მიმართ ჩადენილი უსამართლობა.
ასეთი ტიპის ინტრონიზაციები გარკვეულწილად ხშირად თეატრალურ მოქმედებებს მოგვაგონებს. ამიტომ ინტრონიზაციის დროს პირველ რიგში ვილოცე, მეორე, გამოვხატე პროტესტი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც მიტროპოლიტ ონოფრეს და აგრეთვე მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ეპისკოპოსთა, კლირიკოსთა, ბერ-მონაზონთა და ადამიანთა მიმართ ხდება.
მსურს, რომ ყველამ გაიგოს - ჩვენ გულგრილები არ ვართ იმის მიმართ, რაც ქრისტეს სხეულის სხვა ნაწილში ხდება. ჩვენ, მართლმადიდებლები, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ქრისტეს ერთიანი სხეულის უჯრედებს წარმოვადგენთ. „ერთი ნაწილი თუ დაზიანდა, მასთან ერთად ყველა ნაწილი ზიანდება“, - ამბობდა პავლე მოციქული. ამიტომ ეს მომენტი ყველაფრის გამოაშკარავების საშუალებას იძლევა.
მთავარია, რომ ეს ერთჯერადად არ ხდებოდეს, არამედ მუდმივი თანაგანცდა, თანაგაზიარება იყოს. ეს ჩემი პოზიცია ჩემი ადრინდელი განცხადებების გაგრძელებაა. მანამდე არქიეპისკოპოს ქრიზისტომოს კვიპრელს ვეუბნებოდი, რომ არ ვეთანხმები იმ საშუალებას, რითაც ის ცდილობს დიდი „უკრაინული პრობლემის“ გადაწყვეტას, რომელიც უკვე ათწლეულებია რაც არსებობს. ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ მსოფლიო პატრიარქს, ვაღიარებ მის დამსახურებას მართლმადიდებლობის წინაშე, მაგრამ უნდა ვთქვა: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“.
მოცემულ ისტორიულ მომენტში ჭეშმარიტებას კიევის მიტროპოლიტი ონოფრე გამოხატავს. აქედან გამომდინარე, მორფუს მიტროპოლიტი ჭეშმარიტების მხარეზე უნდა იყოს, ვინაიდან ქრისტეა ჭეშმარიტება.
მიტროპოლიტი ნეოფიტე
-ინტრონიაზაციაზე ჩამოსული ექს-მიტროპოლიტ სვიმეონს (შოსტაცკი) კანონიკური ქიროტონია აქვს. ის თუმცა აკრძალვის ქვეშაა, მაგრამ წოდება შენარჩუნებული აქვს. გამოდის, რომ კვიპროსის ეკლესიის იერარქებს, ვინც დუმენკოს სტრუქტურა აღიარა, ეშინიათ მეუ-ს იმ წარმომადგენლებთან ურთიერთობა, ვისაც წოდება არ აქვთ. იქნებ შოსტაცკის არჩევა სხვა მიზეზებთან არის დაკავშირებული?
- ერთ-ერთ მღვდელმთავარს, რომელიც თანმიმდევრულად და მტკიცედ მიყვება ჩემს პოზიციას, ამავდროულად საკუთარიც გააჩნია - ეს კიკოსის მიტროპოლიტი ნიკიფორეა. მან დაწერა წიგნი უკრაინის საეკლესიო პრობლემაზე. მე მას ვესაუბრე, დავუსვი კითხვები და მივხვდი, რომ ის ერთგულია თავისი პოზიციის, რომელიც წიგნში აღწერა.
მაგრამ კვიპროსის ეკლესიის სხვა წინამძღვრები თანამსახურებდნენ ეპიფანეს „იერარქებთან“ ფანარიონში და სხვა ადგილებში. მღვდელმთავრებს შორის განსხვავებებია. ზოგიერთი, შესაძლებელია, ეთანხმება კვიპროსის არქიეპისკოპოსის პოზიციას მსოფლიო საპატრიარქოსადმი პატივისცემის გამო, მაგრამ მათ არანაირად არ სურთ ეპიფანეს „ეპისკოპოსებთან“ თანამსახურება. ისინი თვლიან მათ ან არახელდასმულებად, ან განხეთქილების მომხრეებად, იმიტომ რომ
ეპიფანეს ეგრეთ წოდებული „იერარქია“ ხელოვნურად შექმნილი სტრუქტურაა, რომელმაც, იმის მაგივრად, რომ უკრაინელი ხალხისთვის და ყველა ჩვენთვის უკრაინის საეკლესიო პრობლემა გადაეწყვიტა, ეს პრობლემა მხოლოდ უზომოდ გაართულა. ეს კი სრულიად მართლმადიდებლურ განხეთქილებას ნიშნავს.
ის მიწის ქვეშ იმალება, მაგრამ თავის ფესვებს უკრაინიდან აფრიკამდე ავრცელებს, უკრაინიდან აფრიკამდე და უკრაინიდან იაპონიამდე. თქვენ გესმით, რომ ეს მსოფლიო მნიშვნელობის სულიერი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა მხოლოდ მსოფლიო კრებას და ამ კრებამდე გაჩაღებულ ომს შეუძლია, რომელიც უკვე მიმდინარეობს, დროთა განმავლობაში კი უფრო მეტად გაღვივდება. და სწორედ ის მისცემს გამოსავალს შექმნილი ჩიხიდან. ჯერ ომი, შემდეგ მას შიმშილი, ეპიდემიები და სხვა ამგვარი მოვლენები მოყვება, შემდეგ კი ისინი, ვინც ცოცხალი დარჩება, მსოფლიო კრებას მოიწვევენ.
რა არის დღესდღეობით ცნობილი კვიპროსელი ხალხისთვის? მის ნაწილს, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, სწორი ინფორმაცია აქვს უკრაინაში სიტუაციის შესახებ: თავიანთი ეპისკოპოსებისგან, თავიანთი მღვდლებისგან, მასიური საინფორმაციო საშუალებებით. მაგრამ ზოგჯერ მასიური დეზინფორმაციის საშუალებებით, იმიტომ რომ ისინი ჩვენს დროში, სამწუხაროდ, არსებობენ. და ხალხს ესმის, რომ უკრაინაში დიდი უკანონობა, უსამართლობა ხდება. და რომ ამ ომის უკან, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მომდინარეობს, დასავლეთის ბლოკის მხრიდან 40 სხვა ქვეყანა იმალება. ხოლო რუსეთის უკან ჩინეთიც, სპარსეთიც, ინდოეთიც და, როგორც ჩანს, სირიაც დგას. გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს პატარა სტადიონი, რომელსაც ეწოდება „უკრაინა“ და ამ სტადიონზე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. და სწორედ ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტად საქმის ვითარება და ეს ესმის კვიპროსელთა უმრავლესობას.
მაგრამ რა შეუძლია თქვას ხალხმა, ვისაც თავისი ოჯახური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემები აქვს? ხალხმა, ვისთვისაც ყველაზე დიდი პრობლემა თურქეთია, რომლის პოზიცია პრობლემას უქმნის როგორც რუსეთს, ასევე ამერიკას. მაგრამ ის პასუხს აგებს თავისი პოზიციის გამო, უფალს თავისი გეგმები აქვს. არა მარტო რუსებს და ამერიკელებს აქვთ გეგმა. ეს არის ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე.
მინდა დავამატო. არ დაგავიწყდეთ, რომ არა მარტო კვიპროსზე, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ყველაფერს წინ უძღოდა დიდი თავგადასავალი კოვიდთან და ვაქცინირებასთან დაკავშირებით. 70%-მდე კვიპროსელი, შეიძლება მეტიც, ვაქცინირებული იყო. ჩვენი ხალხი მსოფლიო ომის მოახლოების შიშის ქვეშ ცხოვრობს. არც პოლიტიკოსებს, არც სულიერ ლიდერებს ჩვენთვის არ მოუხსენებიათ, რეალურად რას წარმოადგენს ეს ვაქცინა. ახლა კი ვაქცინირებულებს საშინელი გვერდითი მოვლენები აქვთ. აღინიშნება ინვალიდობის, უეცარი სიკვდილიანობის შემთხვევები. ვფიქრობ, რომ ამ გენ-მოდიფიცირებული ვაქცინის (არა ისეთების, როგორებიც ადრე იყო), ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა არის ადამიანის ნების შეცვლა, მისთვის თავისუფლების ნების წართმევა. თავისუფლება კი უდიდესი მადლია, რომელიც ღმერთმა თავის საყვარელ ქმნილებას - ადამიანს მიანიჭა.
და თუ ეს მართლაც ასეა, თქვენ გესმით, რომ მსოფლიო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პირადი თავისუფლების განცდის ძალა უსუსტდება, თავისუფალი არჩევანის უნარი. ბოროტებასთან ბრძოლის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი. და თუ ჩვენ ამას ვიაზრებთ, გასაგები ხდება, თუ რატომ ცხოვრობენ ადამიანები მთელ მსოფლიოში, როგორც სიზმარში, თითქოს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. თითქოს მათ სიმტკიცე და ძალა დაკარგეს. გამოდის, რომ უკრაინის პრობლემა - ეს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩახლართული გეგმის მხოლოდ ნაწილია. უკრაინელებმა კი არ უნდა აღიქვან ეს სიტუაცია როგორც თავიანთი ცალკე პრობლემა.
- ახლა უმე უნეტარეს ონოფრეს მეთაურობით ძალზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა იერარქმა და ეკლესიის წინამძღოლმა არ იცის ამის შესახებ. ან იცის და ხმას არ იღებს. რატომ ხდება ასე?
- ჩემი მხრიდან შეცდომა იქნება, რომ ამ კითხვას ვუპასუხო. რატომ? იმიტომ რომ სხვის მაგივრად მომიწევს პასუხის გაცემა. არ ვიცი, თუ რატომ სდუმს ესა თუ ის წინამძღვარი ან იერარქი. ამაზე თავად მან უნდა უპასუხოს. კითხვა, თუ რატომ სდუმან? და ისინი მხოლოდ იმ პრობლემაზე სდუმან, რომელზეც თქვენ საუბრობთ? ჩვენ იმდენ სხვა პრობლემას ვხედავთ, რომელზეც სდუმან. მაგალითად, სდუმან, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში ახლა ჰომოსექსუალიზმის დაკანონება მიდის. ძირითადად დასავლეთში. როდესაც შვილოსნობის საუძველი ირღვევა - მამრობითი და მდედრობითი სქესი, ის, როგორც ღმერთმა შეგვქმნა. და ჩვენ ბავშვებს უკვე ვასწავლით, რომ თითქოს მრავალი სქესი არსებობს. როდესაც ევროპული საზოგადოებრიობა ხალხს მოუწოდებს უწმინდური ცხოველების ჭამას: მწერების, ჭიების. ეს ყველაფერი ოფიციალურად ხდება. იცვლება ადამიანის კვების წესი. იცვლება ადამიანთა რწმენა. იცვლება ანთროპოლოგია. არის თითოეული ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლის მცდელობები სხვადასხვაგვარი ვაქცინებისა და ხელოვნურად შექმნილი ეპიდემიების საშუალებით.
და ჩვენ ვხედავთ, რომ ეპისკოპოსებისთვის და პატრიარქებისთვის ყველა ამ საკითხზე და თემაზე პოზიციის გამოსახატად სწორედ ახლა მშვენიერი შანსი არსებობს. მაგრამ ირგვლივ მხოლოდ სამარისებური სიჩუმეა. თუ ეპისკოპოსები ხმას იღებენ, ლაპარაკობენ გაუგებრად, თითქოს ბოლომდე სიმართლის თქმის ეშინიათ. მე ვლაპარაკობ იმაზე, რაცზოგადად ხდება. და თუ რატომ იქცევა თითოეული მათგანი ასე, იცის მხოლოდ ღმერთმა და მისმა საკუთარმა სულმა.
ძველი აღქმის წინასწარმეტყველები, როდესაც ადამიანთა, მეფეებსა და ბელადებს შორის ისეთ რამეს ხედავდნენ, რაც ღვთის სჯულთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ხმას იმაღლებდნენ, სინანულისკენ მოუწოდებდნენ ხალხს, სინანულისკენ მოუწოდებდნენ მეფეებს. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა წინასწარმეტყველმა ნათანმა დავით მეფესთან მიმართებით. როდესაც დავითმა შესცოდა, წინასწარმეტყველი არ გაჩუმებულა, მან ხმა აიმაღლა და ამხილა ის. წინასწარმეტყველებს მათი სიტყვების გამო ქვებით ქოლავდნენ და კლავდნენ. გუშინ ახალი კალენდრით ჩვენ წინასწარმეტყველ იერემიას დღესასწაული გვქონდა. ხედავთ, რა უქნეს მას? საკუთარმა ხალხმა, ებრაელებმა ის ქვებით ჩაქოლა. ვინაიდან მას არ სურდა მათთან ერთად დინებას გაჰყოლოდა.
ჩვენ გვყავს უდიდესი წინასწარმეტყველი იოანე წინამორბედი. ის ხალხს სინანულზე ელაპარაკებოდა, იმაზე, რომ მოვა მესია. მაგრამ ებრაელებს არ სურდათ ის მესია, რომელიც მათ ღმერთმა არგუნა. მათ რომაელი განმანთავისუფლებელი სურდათ. პოლიტიკური განმანთავისუფლებელი და არა სულიერი, რომელიც მათ სიკვდილისგან, ცოდვისგან და ეშმაკისგან იხსნიდა. მათ სურდათ მესია თავისი მასშტაბებით. და რატომ დააპატიმრეს იოანე ნათლისმცემელი? იმიტომ, რომ ის მეფეს მის უზნეობაზე მიუთითებდა, მისი ცოლი მისი ძმის ცოლია და ის ღვთის სჯულს არღვევდა.
ახლა კი ჩვენ სამსახოვანი ღმერთის კანონის უამრავ დარღვევას ვხედავთ, რომელიც ახალ აღქმაში გამოგვეცხადა, ირგვლივ კი - „ყოველი სული დუმდეს“ ბრჭყალებში. ცოტა ვინმე თუ ამბობს, რომ ზუსტად ამ დროში ჩვენ გვაქვს საშუალება და შესაძლებლობა ხმა ავიმაღლოთ, ძირითადად, ეპისკოპოსებს. ახლა ჩვენ საშუალება გვაქვს აღმსარებლობით ვცხონდეთ და აღმსარებლობით წარვუძღვეთ ხალხს. სამსახოვანი ღმერთის აღმსარებლობისკენ. ახლა ჩვენ ვკარგავთ ამ საშუალებას.
- ახლა უკრაინაში მასიურად ხდება ტაძრების მიტაცება. არის შემთხვევები, რიდესც მათ უბრალოდ ანადგურებენ. ლვოვში ტაძარი ექსკავატორით დაანგრიეს, არის ტაძრების დაწვის, წაბილწვის შემთხვევები. გთხოვთ, სულიერი კუთხით გააკეთოთ ამაზე კომენტარი.
- მადლობას გიხდი ამ კითხვისთვის. აქამდე ჩემთვის ასეთი კითხვა არავის არ დაუსვამს. ტაძრების ფიზიკური განადგურების შესახებ უკრაინაში. ეშმაკი ვერ ეგუება საღმრთო ლიტურგიას, მარხვას და ლოცვას. ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, საღმრთო ლიტურგიას. და სწორედ მართლმადიდებლურ ლიტურგიას, ვინაიდან სულიწმინდა მხოლოდ მასში სუფევს. სხვა კონფესიების „ლიტურგიებზე“ სულიწმინდა არ არის.
და რა თქმა უნდა, თვითონაც გესმის, რომ ზელენსკის უკან ახვა ძალები იმალება. და ამ სხვა ძალების უკან ეშმაკი იმალება, რომელიც მათ თავის ნებას კარნახობს.
ისე, როგორც რომელიმე წმინდანს ესმის შიგნით, თავის გულში ქრისტეს, სულიწმინდის ხმა, შეიგრძნობს მადლს, ასევე ვინმე ჯადოქარს ან სატანისტს ესმის შიგნით ეშმაკის ხმა, ცდუნების ხმა. და ეს ხმა მისი პატრონია, ვინაიდან მან თვითონ მისცა ეშმაკს საშუალება ემოქმედა მასში.
მიტროპოლიტი ნეოფიტე.
და ყველგან, არა მარტო უკრაინაში, ჩრდილოეთ ოკუპირებულ კვიპროსზე, როდესაც პირველად წავედით 2003-2004 წლებში, როდესაც გზებზე ბარიკადები გაიხსნა, ჩვენ ვიხილეთ უდიდესი ტრაგედია. ეკლესიებში მოწყობილი თავლები, მეჩეთები. მათ ანგრევდნენ. მთავარი სულიერი მიზეზი სწორედ ეს არის. საღმრთო ლიტურგია ეშმაკს ხელს უშლის. ამიტომ, როდესაც 2003 წელს ეს ვიხილე, ჩემთვის ვთქვი - ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ ამ დანგრეულ ტაძრებში ჩატარდეს ლიტურგია, მიუხედავად ოკუპაციის საშინელი პირობებისა. და ნელ-ნელა დავიწყეთ ჩვენი ხალხის შემოკრება. ჯერ ცოტა, შემდეგ - მეტი და მეტი. ჩემი მთავარი მიზანი იყო სამსახოვანი ღმერთის და სულიწმინდის მადლის დაბრუნება კვიპროსის ოკუპირებულ ნაწილში. რადგან იქ, სადაც მართლმადიდებლური საღმრთო ლიტურგია აღესრულება, იქ თავისუფლებაც არსებობს: სიკვდილისგან, ცოდვისგან და დემონებისგან.
არსებობს სხვა მიზეზიც, რატომ ინგრევა ტაძრები უკრაინაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური. მტერმა იცის, რომ მართლმადიდებელი ადამიანები, ოჯახები, მრევლი ტაძრის გარშემო ერთიანდებიან. და ამბობს: დავანგრიე ტაძარი, მოვკალი მღვდელი, დავაშინე მღვდელმთავარი და ხალხი უბრალოდ დაიშლება. როდესაც მათ არ ექნებათ ტაძარი, ისინი საღმრთო ლიტურგიას ვერ აღასრულებენ, გადავლენ სხვა, უფრო უსაფრთხო ადგილებში. ასეთია მისი გეგმა.
მათ არ სურთ მართლმადიდებლობის არსებობა მთელ დასავლეთ უკრაინაში, არ სურთ, რომ იქ მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ. სურთ, რომ მხოლოდ უნიატები იყვნენ. და თქვენ ნახავთ, რომ იქ შეიქმნება სტრუქტურა, რომელიც აქამდე არნახული იყო.
უკრაინაში რაღაც ცდის დაყენება სურთ. სურთ, რომ მთელი დასავლეთ უკრაინა გახდეს უნიატური. და მაშინ გაუკვირდებათ ჩვენს ათონელ ძმებს, ეპისკოპოსებს, რომლებიც ახლა მეუ-სთან თანამსახურებენ. ისინი დაინახავენ,რომ ეპიფანეს მომხრეები უნიატებთან თანამსახურებენ.
მიტროპოლიტი ნეოფიტე
და მაშინ უნდა დაფიქრდნენ - გინახავთ ოდესმე, რომ ონოფრე უნიატებთან ერთად მსახურობდეს? შეიძლება ონოფრე მონაწილეობდა მათთან ერთად რაღაც საერთო ღონისძიებებში, მაგრამ არასდროს არ მონაწილეობდა მათ ლიტურგიაში, არასდროს არ ეზიარებოდა მათთან ერთად. ასეთი რამ წარმოუდგენელია.
- 2022 წლის 27 მაისს გაიმართა უმე-ს ადგილობრივი კრება თეოფანიაში, სადაც მიღებული იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი მათგანი - პატრიარქის მოხსენიების უძველესი პრაქტიკაა. ახლა მღვდელი მმართველ მღვდელმთავარს და უნეტარეს ონოფრეს იხსენიებს, ის კი იხსენიებს პატრიარქს ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ერთად. მეორე გადაწყვეტილება - მირონის ხარშვას ეხება. და მესამე - სამრევლოების გახსნას საზღვარგარეთ. რა დამოკიდებულება გაქვთ ამ გადაწყვეტილებების მიმართ?
- მეორე გადაწყვეტილება მირონის ხარშვის შესახებ - ეს ყოველი ადგილობრივი ეკლესიის უფლებაა, რომ აიღოს მირონი რომელიმე აუცილებლად მართლმადიდებლური ეკლესიიდან. ოდესღაც კვიპროსის ეკლესიას კოსტანტინოპოლიდან ჩამოჰქონდა წმინდა მირონი, მერე რაღაც პერიოდის განმავლობაში ანტიოქიიდან იღებდა მირონს, ხანდახან იერუსალიმიდან ჩამოჰქონდათ მირონი. თუ ოდესმე კვიპროსის ეკლესია მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მას შეუძლია თავადაც მოხარშოს მირონი, როგორც, მაგალითად, თავად აღასრულებს საღმრთო ლიტურგიას. ეს კანონიკურია. მაგრამ არის განსაკუთრებული მოწიწებისა და პატივისცემის მიზეზები, როდესაც მირონს რომელიმე ისტორიული ცენტრიდან იღებენ, მაგალითად კონსტანტინოპოლიდან ან იერუსალიმიდან - დედაეკლესიებიდან.
მირონის შესახებ გადაწყვეტილება სწორია და ჩემი აზრით ცოტა დაგვიანებულიც კი. ონოფრეს და მის სინოდს ადრეც შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. და ეს გადაწყვეტილება მათ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე უნდა მიეღოთ.
მიტროპოლიტი ნეოფიტე
მირონის შესახებ ჩემი პასუხი აგრეთვე კანონიკურობის შესახებ თქვენს დანარჩენ ორ კითხვაზეც პასუხობს. ახლა კი მეც გკითხავთ.
ასეთმა ყოვემხრივ პატივისცემის ღირსმა მიტროპოლიტმა ონოფრემ და თქვენმა სინოდმა რატომ არ იზრუნეს იმაზე, რომ რუსეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალია მოეთხოვათ, რატომ? ამ კითხვას საკუთარ თავს ვუსვამთ ჩვენ, ბევრი მართლმადიდებელი იერარქი. იქნებ, წინასწარ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, ბევრი პრობლემის თავიდან აცილება ყოფილიყო შესაძლებელი. და რატომ არ გაითვალისწინა ეს ყველაფერი მოსკოვის პატრიარქმა კირილმა?
მიტროპოლიტი ნეოფიტე
როდესაც ნათლად ჩანდა, რომ სხვადასხვა ფაშისტი, ხაზარი და სატანისტი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდნენ თავიანთ მიმდევრებს რუსეთის წინააღმდეგ და უნერგავდნენ მათ: თქვენ უკრაინელები ხართ, თქვენ არ ხართ რუსები. ეს იგივეა, კვიპროსელებს რომ უთხრა, ბერძნები არ ხართო. ჩვენ, კვიპროსელები, ამავდროულად ბერძნებიც ვართ. თქვენ კი, უკრაინელებო, თქვენ რუსებიც ხართ. ჩვენ ბევრი წაგვიკითხავს სლავური ისტორიიდან და ვიცით, თუ რას ნიშნავს მცირე რუსეთი და დიდი რუსეთი.
თუ შესაძლებელია ის, რომ პატარა კვიპროსს უკვე 1600 წელია ავტოკეფალური ეკლესია აქვს, დიდი უკრაინა მილიონობით მორწმუნით ავტოკეფალიის ღირსი არ არის? გესმით რას ვამბობ?
ასე რომ, აქ პასუხისმგებელი თქვენი მართლმადიდებელი ეკლესიაც არის. ჩემთვის კიევის მართლმადიდებელი ეკლესია ერთია - ეს ონოფრეს ეკლესიაა. როდესაც მე სიტყვა „ეკლესიას“ ვამბობ, სწორედ ამ ეკლესიას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, დანაშაული მოსკოვის საპატრიარქოსაც მიუძღვის, რადგან ყველა სულიერმა წინამძღოლმა უნდა განჭვრიტოს სიტუაცია. სწორედ ასეთი მართვაა საჭირო, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობდა. სამწუხაროდ, თქვენ წინასწარ ვერ გათვალეთ და არანაირი ნაბიჯები არ გადაგიდგამთ. და ასე მოვედით დღევანდელ ტრაგიკულ მოვლენებამდე.
ახლა პატრიარქის მოხსენიების შესახებ. კვიპროსზე ჩვენ უკვე საუკუნეებია, რაც ვიხსენიებთ.
ჩემს მიტროპოლიაში მღვდლები მარტო მე მიხსენიებენ. მე მათი არქიეპისკოპოსი ვარ (წინამძღოლის მნიშვნელობით - რედ.). თუმცა მე მხოლოდ მიტროპოლიტი ვარ, მაგრამ მორფუსის მიტროპოლიისთვის - არქიეპისკოპოსი. ყოველი ეპარქია - სრულყოფილი ეკლესიაა. ასე არ არის?
მიტროპოლიტი ნეოფიტე
და როდესაც მე ვმსახურობ, გიორგის ვიხსენიებ - კვიპროსის არქიეპისკოპოსს. და როდესაც გიორგი მსახურობს, ის ადგილობრივი ეკლესიების ყველა წინამძღოლს იხსენიებს. ეს არის კანონი და წესრიგი. ასე არ არის?
იყო პრობლემები, რომლებიც თქვენს სინოდს ათწლეულების წინ უნდა გადაეწყვიტა.
საზღვარგარეთის სამრევლოები - ეს საერთოდ მძიმე მოვლენაა. მაგალითად, ავიღოთ ავსტრალია, სადაც ბევრი ქრისტიანია, ყველა ნაციონალურ მართლმადიდებელ ეკლესიას იქ თავისი იერარქია ჰყავს. ეს პრობლემა მომავალმა მსოფლიო კრებამ უნდა გადაწყვიტოს.
მაგალითად, თუ კვიპროსზე რუსები ან უკრაინელები ჩამოვლენ. რას ჩამოაყალიბებენ აქ - თავიანთ რუსულ თუ უკრაინულ ეკლესიას? არა. ისინი კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ემორჩილებოდნენ. რა მოხდება, თუ აქ რუსები ჩამოვლენ და თავიანთი რუსული ეკლესიის შექმნა მოუნდებათ, ამერიკელებს - ამერიკულის, სერბებს - სერბულის, ბულგარელებს - ბულგარულის? ასე არ შეიძლება. ეს აკრძალულია.
- ახლა ხელისუფლება უმე-ს კიევ-პეჩერის ლავრას ართმევს. ერთ-ერთმა ბერმა კომენტარი გააკეთა ამაზე და თქვა, რომ ღვთის ნების გარეშე ლავრას ვერავინ ვერ მიითვისებს. რა უნდა გააკეთონ მორწმუნეებმა, რომ მათი სიწმინდეები მათთან დარჩნენ?
- ის, რასაც კონსტანტინოპოლში და ბიზანტიის სხვა ადგილებში ქრისტიანები ხატმებრძოლეობის წლებში აკეთებდნენ. წაიკითხეთ, როგორ იქცეოდნენ მაშინ მართლმადიდებელი ბერძნები. მაშინ თქვენ, სლავები, ქრისტიანები არც იყავით. დაფიქრებულხართ იმაზე, რომ მერვე საუკუნეში მართლმადიდებელი ბერძნები სისხლს ღვრიდნენ იმისთვის, რომ თქვენ, უკრაინელებს და ჩვენ, ბერძნებს, დღეს ხატების წინ გველოცა,? ზოგიერთი ეპისკოპოსი, ტარასი, რომლის სახელსაც შენ ატარებ, წმინდა მეთოდი, წმინდა ნიკიფორე და ბევრი სხვა ეპისკოპოსი, მიქაელ სინატი ციხეში დაამწყვდიეს. იქ მათ წლები გაატარეს, სარდაფებში, ვირთხებთან ერთად. და ეს ყველაფერი წმინდა ხატების გამო.
ხატი ფანჯარაა. როდესაც პირჯვარს იწერ და მის წინ მუხლს იდრეკ, ფანჯარა იღება და შენ ზეციური ლიტურგიის ჭეშმარიტებას ხედავ, მარადიულ სიცოცხლეს.
მიტროპოლიტი ნეოფიტე
ჩვენი ცხოვრება მარტო ის ხომ არის, რასაც გარშემო ვხედავთ. არსებობენ ანგელოზებიც, არსებობს ჩვენი ქრისტე, რომელიც წმინდანებთან ერთად ლიტურგიას აღავლენს მარადისობაში. ხედავ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ ხატს? ის ცოცხალია. წმინდა ნაწილებიც ცოცხალია.
იცი, როდესაც დიაკვანი ვიყავი, კიევ-პეჩერის ლავრაში მოვხვდი. იქ წმინდა ევმენ ახალთან ერთად ვმსახურობდი. ის ჩემი მოძღვარი იყო. ჩვენ ერთად ვმსახურობდით. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. დღე, როდესაც კიევში ჩავედი, კიევის მიტროპოლიტის ვლადიმერის ინტრონიზაციის დღე იყო. ჩვენ წმინდა ევმენისთან ერთად წავედით როგორც მომლოცველები. როგორც კი კიევ-პეჩერის ლავრის ბერებმა დაგვინახეს, მათ თქვეს, რომ ეს კეთილი ნიშანია, კიევის ლავრა ხომ სწორედ ბერძნებმა ააშენეს. მაშინ კი კიევის ეკლესია განსაცდელში იყო „პატრიარქ“ ფილარეტთან დაკავშირებით.
ეს ის დღე იყო, როდესაც მოსკოვის საპატრიარქომ მიტროპოლიტი ვლადიმერი გამოაგზავნა. დიდი სიხარულით გამოქვაბულებთან ჩვენ ძველი ეკლესია გამოგვიყვეს, სადაც ლიტურგია ჩავატარეთ წმინდა ევმენთან ერთად. მამაო, არ დაკარგოთ კეთილგანწყობა, არ დაკარგოთ იმედი. მართლმადიდებლობა დროდადრო განსაცდელშია. მართლმადიდებლობამ დევნა განიცადა იმისთვის, რომ ჩვენ ახლა ჩვენი რწმენა გვქონოდა, მან გამოიარა დიოკლეტიანეები, რომის იმპერატორები, იუდეველები, ერეტიკოსი იმპერატორები. მაგრამ ზოგიერთები მართლებიც იყვნენ. ტარდებოდა მსოფლიო კრებები. შვიდი მსოფლიო კრება, კიდევ ორი, რომლებიც არ აღიარეს მსოფლიო კრებებად და რომლებიც ფოტი დიდისა და გრიგოლ პალამას დროს ჩატარდა. ჩვენ ხომ დიდი რწმენა გვქონდა, ბერ-მონაზვნობა, საღმრთო ლიტურგია. არ დაკარგოთ სიხარული და იმედი, არ დაკარგოთ სიმამაცე.
ეს ყველაფერი დაშვებულია. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. უკრაინამაც ხომ უნდა წარმოაჩინოს ახალი წმინდანები. ამინ.