რას უნდა ელოდოს მართლმადიდებლობა სერბეთის ახალი პატრიარქისგან?

21 February 2021 16:30
130
პატრიარქი პორფირი. ფოტო: СПЖ პატრიარქი პორფირი. ფოტო: СПЖ

სერბეთის ეკლესიამ ახალ პატრიარქად პორფირი აირჩია. რა ადამიანია ის და რას უნდა ელოდოს მისგან მსოფლიო მართლმადიდებლობა ზოგადად და კერძოდ, უკრაინა?

2021 წლის 18 თებერვლას სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა სინოდმა ახალი პატრიარქი აირჩია. ის გახდა ზაგრებ-ლუბლიანას მიტროპოლიტი პორფირე (პერიჩი). მოდით, გავიხსენოთ, როგორ მიმდინარეობდა არჩევა.

უკვე ფარული ხმის მიცემის ეტაპზე მრავალ ანალიტიკოსს პირველი მოულოდნელობა ელოდა. არჩევნების წინ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კანდიდატების რიცხვში არ მოხვდა არც დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომი (ევიჩი), არც ბუდიმლიანსკ-ნიკშიჩსკის ეპისკოპოსი იოანიკი (მიჩოვიჩი) - ერთ-ერთი მათგანის ნაცვლად მესამე კონვერტში იდო ჩანაწერი ბანიალუკსის ეპისკოპოს სფრემის სახელით. ორი სხვა კანდიდატის, ბაჩის ეპისკოპოს ირინეუსისა და მიტროპოლიტ პორფირეს სახელის გამოჩენა არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

დიახ, სწორედ ამ უკანასკნელის ხილვა სურდა პატრიარქის კათედრაზე სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ვუჩიჩს, როგორც მის-ები ამტკიცებენ. თუმცა, კრებაზე მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მის დასასრულზე გავლენის მოხდენა ვუჩიჩს არანაირად არ შეეძლო.

არჩევნები წმინდა სინოდმა ლეგიტიმურად ცნო და უკვე 19 თებერვალს, არჩევნების მეორე დღეს, შედგა სერბეთის ეკლესიის ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია. ვინაა ის?

ახალი პატრიარქის ბიოგრაფია

ერისკაცობაში მისი სახელია პრავოსლავ პერიჩი და ის დაიბადა ბეჩეიში 1961 წლის 22 ივლისს. მან დაწყებითი სკოლა დაასრულა კურუგში და საშუალო სკოლა - ქალაქ ნოვი სადში. 1985 წელს ის ბერად აღიკვეცა დიჩანის მონასტერში, ხოლო 1986 წელს დაამთავრა მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ფაკულტეტი ბელგრადში. ამის შემდეგ მან ასპირანტურაზე დაიწყო სწავლა ათენში, სადაც 1990 წლამდე დარჩა.

1990 წლის 6 ოქტომბერს ბაჩის ეპისკოპოს ირინეუსის (ბულოვიჩი) კურთხევით ის კოვილის მონასტერში გაემგზავრა. იქ, 1990 წლის 21 ნოემბერს ის ხელდასმულ იქნა დეკანოზის წოდებაში, მოგვიანებით კი მონასტრის იღუმენი გახდა.

იღუმენმა პორფირემ იზრუნა იმაზე, რომ კოვილში ბერების ცხოვრება ორგანიზებული ყოფილიყო ათონის მთის ბერ-მონაზვნების თემის მიხედვით. მალე მონასტერი ცნობილი გახდა შესანიშნავი ბიზანტიური გალობისა და საზოგადოებისთვის გახსნილობის წყალობით. მონასტრის საძმო მრავალჯერ გაიზარდა და თუ თავიდან იქ პრაქტიკულად არ იყვნენ მოღვაწენი, პორფირეს იღუმენის თანამდებობიდან წასვლის მომენტისთვის მასში 25 ბერი ირიცხებოდა.

მორიგ სხდომაზე, 1999 წლის 14 მაისს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ის ბაჩის ეპარქიის ვიკარიუსად აირჩია.

უკვე მღვდელმთავრის სტატუსში, მეუფე პროფირემ ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ღვთის შემეცნების უნარი მოციქულ პავლესთან ემინდა იოანე ოქროპირის განმარტებით“ (2004წ). ბელგრადში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, მოძღვრის ფსიქოლოგიის კათედრაზე, მან შეცვალა ცნობილი აკადემიკოსი და პროფესორი ვლადეტა ეროტიჩი. 2015 წლიდან დოცენტის სახით მეუფე საბაზო დისციპლინებს, მოძღვრულ ღვთისმეტყველებასა და ფსიქოლოგიას, ახალი აღთქმის ღვთისმეტყველებას და ასევე სხვა საგნებს ასწავლის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე. ის თავისუფლად ფლობს ბერძნულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

2005 წელს ეპისკოპოსმა პორფირემ ორგანიზება გაუკეთა თერაპიულ საზოგადოებას კოვილის მონასტერში, რაც სახელმწიფო დონეზე აღიარებულ იქნა ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის სფეროში ყველაზე წარმატებული პროექტის სახით. სულ, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ოთხი ასეთი თერაპიული ჯგუფი, რომელმაც მიიღო საერთო სახელწოდება „ცოცხალთა ქვეყანა“. არსებობის 16 წლის მანძილზე ნარკოდამოკიდებულებაზე რეაბილიტაციის პროცესი თითქმის 4000 ადამიანმა გაიარა.

იქვე, კოვილში, მეუფე პორფირე დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული იყო ახალგაზრდების რეაბილიტაციით, რომლებიც იტანჯებოდნენ დესტრუქციული სექტებისგან. სექტანტებთან მრავალრიცხოვან დისპუტში მონაწილეობისას მან შესანიშნავი რეპუტაცია მოიპოვა ზოგადად სერბეთის, კერძოდ კი,ბელგრადის ახალგაზრდებს შორის.

2010-2011 წლების პერიოდში ეპისკოპოსი პორფირე იყო სამხედრო ეპისკოპოსი, შემდეგ კი  სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და სერბეთის არმიას შორის თანამაშრომლობის კოორდინატორი. 2014 წლის 24 მაისს სმე-ს წმინდა მთავარანგელოზთა სინოდმა ეპისკოპოსი პორფირე ზაგრებისა და ლუბლიანას მიტროპოლიტად აირჩია, ხოლო უკვე 2016 წელს მიტროპოლიტმა პორფირემ მიიღო წმინდა ეგნატეს სახელობის პრესტიჟული პრემია შვედეთში - ბალკანეთის მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის. 2019 წელს ხორვატიის რესპუბლიკაში რელიგიური თავისუფლების ასოციაციამ მიტროპოლიტ პორფირეს პრემია მიანიჭა დიალოგის კულტურისა და რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობაში შეტანილი სამშვიდობო წვლილის გამო.

2021 წლის 18 თებერვალს მიტროპოლიტი პორფირე სერბეთის პატრიარქი გახდა.

უმე, ფანარიონი და მეუ

ჩვენთვის, უკრაინის მართლმადიდებლებისთვის მომავალი პატრიარქობის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მეუფე პორფირეს დამოკიდებულება უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. უნეტარესმა ონუფრიმ თავის მისასალმებელ წერილში გამოხატა იმედი, რომ „კეთილი ძმური დამოკიდებულებები, რომელიც ჩამოყალიბდა სერბეთისა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, თქვენი მომავალი მსახურებით განვითარდება და განმტკიცდება ქრისტეში“. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანს წარმოადგენს ახალი პატრიარქის დამოკიდებულება ფანარიონის მოქმედებების მიმართ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფთა ლეგალიზაციისა და ზოგადად, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიმართ. საერთო ჯამში, პატრიარქ პორფირეს პოზიციაზე უმეტესწილად არის დამოკიდებული არა მხოლოდ სმე-ს დამოკიდებულება უკრაინის მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ, არამედ საერთოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობაც.

სერბეთში ბევრი მიტროპოლიტ პორფირეს გრეკოფილად მიიჩნევს. ასეთმა რეპუტაციამ მეუ-ს მომხრეებს უკრაინაში საშუალება მისცა ხალისით შეხვედროდნენ მის არჩევას პატრიარქის პოსტზე და დაეხატათ „უკრაინის საკითხის“ შემდგომი განვითარების ფერადი პერსპექტივები.

თუმცა, როგორ ამბობენ ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობენ მეუფეს, მისი გრეკოფილობა უპირატესად არის პატივი და პატივისცემა ბერძნული კულტურის, ბერძნული მართლმადიდებლობისა და ღვთისმეტყველების მიმართ. მას საერთოდ არ გააჩნია პიეტეტი ფანარიონის მიმართ, რომელიც ყველაზე სახასიათოდ გამოიხატება პერგამის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზილუსი) ბოლო საღვთისმეტყველო წყობაში.

სწორედ ამიტომ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ პატრიარქი პორფირე ეცდება გადაწყვიტოს „უკრაინული საკითხი“ დიალოგის მეშვეობით. შესაძლოა, სწორედ ის გახდეს ის ადამიანი, რომლის წყალობითაც დაიძრება  უკრაინაში ფანარიონის მოქმედებების საეკლესიო კრების სახით განხილვის პროცესი. აი, მისი სიტყვები თანამედროვე მართლმადიდებლობის კრიზისის შესახებ: „ჩვენ ძალიან ვწუხვართ და ვდარდობთ წმინდა მართლმადიდებლობის ერთიანობის დარღვევაზე. აუცილებელია აღდგეს ადრინდელი ნეტარი სიყვარული და უფლის წმინდა ავტოკეფალიური ეკლესიების ერთიანობა. არაფერია იმაზე უფრო აუცილებელი და ფასეული, ვიდრე სიყვარული, მშვიდობა და ერთსულოვნება ჩვენს, უფლისმიერ ძმებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოვნი იქნება საშუალება გადაწყდეს ეს მტკივნეული საკითხი საღმრთო კანონების სულისკვეთებით“.

ამავე დროს, მისი პოზიცია მეუ-თან მიმართებაში ძალიან მკაფიო და კანონიკურად განსაზღვრულია: „ჩვენ არ ვაღიარებთ მოუნანიებელ უკრაინელ განხეთქილების ჩამომგდებთ ეკლესიის წევრებად, არაფერს ვამბობთ რა მათზე, როგორც ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე“.

აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ ზომიერი გრეკოფილის რეპუტაციასთან ერთად, მეუფე პორფირე ასევე ცნობილია, როგორც რუსოფილი. მისი სიტყვებით, „რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს იდენტურობის საკითხი და ეს რწმენის საკითხია. ჩვენ გვაერთიანებს მართლმადიდებლური ეკლესია. ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირი ფასეულობები, სამყაროზე ერთნაირი შეხედულება გვაერთიანებს. რასაკვირველია, არა მხოლოდ რუსებთან, არამედ ბერძნებთანაც და ყველა მართლმადიდებელ ხალხთან. თუმცა, უმეტესწილად სისხლით ნათესაობის გამო, ჩვენი ისტორია და ჩვენი თვითშეგნება გადაჯაჭვულია რუს ხალხთან“. თავის მხრივ, პატრიარქმა კირილემ სერბეთის ეკლესიის ახალარჩეული წინამძღოლისადმი მილოცვაში ხაზი გაუსვა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ „ჩვენს რთულ პერიოდში ჩვენი ეკლესიები და მათ მიერი ერთმორწმუნე ხალხი, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს ერთმანეთს და ერთობლივად იბრძოლებენ რწმენისთვის, ერთხელ რომ მიეცათ წმინდათ“ (იუდ. 1;3).

ჩვენ არ ვაღიარებთ მოუნანიებელ უკრაინელ განხეთქილების ჩამომგდებთ ეკლესიის წევრებად, არაფერს ვამბობთ რა მათზე, როგორც ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.

                                                                                                                                                                                                               პატრიარქი პორფირი

სწორე ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი, რომ პატრიარქ პორფირეს ცენტრისტული პოზიცია დაგვეხმარება მართლმადიდებლობაში განხეთქილების ღრმა პრობლემის გადაჭრაში.

პოლიტიკური შეხედულებები და დიალოგის პრინციპები

სერბეთში მიტროპოლიტ პორფირეს უწოდებენ „შემრიგებელს“. მიიჩნევენ, რომ ის წარმოადგენს იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ბასრი კუთხეების მობლაგვება, დაპირისპირებული პარტიების შერიგება და საერთო ენის გამონახვა, როგორც თანამოძმე მღვდელმთავრებთან, ასევე სხვა რელიგიური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. გახდა რა ზაგრებ-ლუბლიანას მიტროპოლიტი, მან განაცხადა, რომ ყოველთვის და გულწრფელად იყო „მზად ყველა ადამიანთან დიალოგისთვის“. „დიალოგი, მიტევება და შერიგება იქნება ის პრინციპები, რომელთა გამოყენებასაც პრაქტიკაში ვეცდები“ - განაცხადა მან მაშინ.

ერთ-ერთ ინტერვიუში მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის იქნება მზად „მონაწილეობა მიიღოს ადამიანებსა და ხალხებს შორის ხიდების მშენებლობაში, შესანიშნავად აცნობიერებს რა, თუ ვინ არიან ისინი, ვინც ორივე ნაპირიდან ესვრის ქვებს ხიდის მშენებლებს. თუმცა, ამას მე თავად უფალი მავალდებულებს, რომელმაც თავისი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით დაძლია უფსკრული ღმერთსა და ადამიანს შორის“.

პატრიარქი პორფირე ნაციონალისტი არ არის. მან არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პირველ რიგში, წარმოადგენს ქრისტიანს და მხოლოდ შემდეგ - სერბს: „მე სერბი ვარ, მაგრამ პირველ რიგში - ქრისტიანი და ეს უნივერსალური ფასეულობაა, ამიტომაც ვიქადაგებ და დავადასტურებ ქრისტეს შესახებ. მე მიყვარს ჩემი ხალხი, მაგრამ ასევე მიყვარს ყველა სხვა ხალხი, თითოეული ადამიანი, უფლის თითოეული ხატი“.

მე სერბი ვარ, მაგრამ პირველ რიგში - ქრისტიანი და ეს უნივერსალური ფასეულობაა, ამიტომაც ვიქადაგებ და დავადასტურებ ქრისტეს შესახებ. მე მიყვარს ჩემი ხალხი, მაგრამ ასევე მიყვარს ყველა სხვა ხალხი, თითოეული ადამიანი, უფლის თითოეული ხატი.

                                                                                                                                                                                                                 პატრიარქი პორფირი

2020 წელს მან განაცხადა, რომ „კოსოველი ტანჯულები არა იმისთვის დაიტანჯნენ, რომ შეენარჩუნებინათ თავიანთი ეროვნული იდენტურობა“. მისი სიტყვებით, ნაციონალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ის გახდება მთავარი ჩვენს ცხოვრებაში და თუ ის არ დამკვიდრდება ღმერთთან ჩვენი ურთიერთობს კონტექსტში, ეროვნული იდენტურობა კერპად გადაიქცევა“.

პატრიარქი პორფირე ამტკიცებს, რომ „გახდა ბერი იმიტომ, რომ ეკლესიაში ეძებდა იმას, რასაც ის სინამდვილეში გვთავაზობს და იმას, თუ რატომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში. ღმერთი არც ხორვატია, არც სერბი და არც გერმანელი. ის სიყვარულია“.

სხვა ადგილას მომავალი პატრიარქი ამბობს, რომ სერბეთში არ შეიძლება დავუშვათ „დაყოფა პატრიოტებად და გამყიდველებად“, ხოლო „ეპისკოპოსები და მღვლდები არ უნდა აკეთებდნენ არჩევანს პარტიებს შორის“, რადგანაც „ჩვენთვის პოლიტიკა არის სცილა და ქარიბდა, რომელთაც  გვერდს ვუვლით და ვადასტურებთ მხოლოდ სახარების ჭეშმარიტებას“.

«კოსოვოს საკითხი»

ამავე დროს, სერბეთის თანამედროვე ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეუფის სამშვიდობო პოზიცია კოსოვოს პრობლემის თაობაზე. საქმე იმაშია, რომ რმა-ს სლავთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის გიორგი ენგელგრადტის აზრით „მთავრობას, რომელიც ამჟამად აქტიურად არის ჩართული დათმობისა და შესაძლო საბოლოო გარიგების პროცესში კოსოვოს საკითხზე, მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ ამას არ შეუშალოს ხელი... ხელისუფლება დაინტერესებულია მაქსიმალურად მოთანამშრომლე პატრიარქით, რომელიც არ გაართულებს უხერხულ საკითხებს კოსოვოს თაობაზე“. როგორც ჩანს, პატრიარქი პორფირე ნამდვილად არის „კოსოვოს პრობლემის“ მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრე.

ღმერთი არც ხორვატია, არც სერბი და არც გერმანელი. ის სიყვარულია.

                                                                                                                                                                                                             პატრიარქი პორფირი

ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „უფლის დახმარებით უნდა მოხდეს სახელმწიფოს ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა აღდგეს დიალოგი სერბებსა და შიპტარებს (ალბანელებს- რედ.) შორის, ჩამოყალიბდეს რაღაც თანაარსებობა, რომელიც არის ამ რეგიონში მრავალი საუკუნის მანძილზე. მე ვფიქრობ, რომ ახლა მსოფლიო ზესახელმწიფოებისა და ალბანელებისთვის ნათელია: ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს კოსოვოსა და მეტოხიაზე. ყველასთვის უფრო მარტივი იქნებოდა, რომ ისინი, ვინც იქ ცხოვრობს, სერბები და შიპტარები, მართავდნენ მოლაპარაკებებს კოსოვოსა და მეტოხიას თაობაზე. ჩვენი სამუშაოა ყოველთვის ვეცადოთ ვიპოვოთ მშვიდობიანი და მტკიცე გადაწყვეტილება“.

ამასთან, ვუვიჩის მთავრობამ შესანიშნავად უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ნეგატიური მოძრაობა ეკლესიის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს წინააღმდეგობას ახალი პატრიარქის მხრიდან. მაგალითად, ის ძალიან ხისტად აკრიტიკებდა ჩერნოგორიის ხელისუფლებას ანტისაეკლესიო კანონების მიღებისა და ასევე „მართვის დროებით ორგანოებს პრიშტინაში“ მართლმადიდებლურ ტაძრებზე შეტევის გამო: „ჩვენ ვხედავთ, რა ელის ტაძრებს კოსოვოში, თუ ჩვენ დავუთმობთ უკანონობას. აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევის მხარდაჭერა სერბებსა და კოსოვოელებს შორის დიალოგის აღორძინების თაობაზე...პოდგორიცას ხელისუფლების დამოკიდებულება სერბი ხალხის, სერბული ეკლესიის, მართლმადიდებლობისა და დემოკრატიული წესრიგისა და პრინციპების მიმართ იმაზე უკეთესო როდია, ვიდრე პრიშტინაში დროებითი ორგანოების დამოკიდებულება. პრიშტინას ხელისუფლებამ... ნათლად გვიჩვენა ყველას, თუ რა ბედი ეწევათ ტაძრებს, თუ ჩენ არ დავიცავთ ჩვენს სიწმინდეებს“.

                                                                             ***

ამდენად, იქიდან, რაც დღეისთვის ცნობილია პატრიარქ პორფირეზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მას გააჩნია ყველა შანსი იმისთვის, რათა გახდეს ადამიანი, რომელიც შეძლებს გავლენის მოხდენას მართლმადიდებელთა შორის არსებულ კრიზისზე.

გარდა ამისა, უდაოა, რომ პატრიარქი პორფირე დაიცავს ქრისტიანულ ფასეულობებს თანამედროვე სეკულარული სამყაროს წინაშე. ჯერ კიდევ მიტროპოლიტად ყოფნის დროს, წმინდა ეგნატეს სახელობის სტოკჰოლმის პრემიის მინიჭებისას, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, მან განაცხადა, რომ „თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების წყაროს წარმოადგენს ქრისტეს ეკლესია“ და მხოლოდ ქრისტიანობას  მოაქვს ამ სამყაროში „არჩევანის, სინდისის თავისუფლება, ადამიანებისა და იდეების თავისუფალი მოძრაობა და ასევე თითოეული ადამიანის მატერიალური უსაფრთხოება“. მისი სიტყვებით, „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანობა გამოდის გარდამავალი ადამიანური ფასეულობების მომხრედ, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ის ამტკიცებს მარადიულ ფასეულობებს, სადაც წინა პლანზეა ადამიანი და მისი ხსნა“.

ისღა დაგვრჩენია ლოცვით ვისურვოთ, რომ ამ სამყაროს ცდუნებამ გვერდი აუაროს პატრიარქ პორფირეს და ის დარჩეს საკუთარი სიტყვებისა და პრინციპების ერთგული, რასაც ის ქადაგებდა მანამდე, სანამ პატრიარქის ტახტზე ავიდოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ