ჯვრით მსვლელობა პოჩაევოსკენ: რატომ არ მოქმედებენ უკანონო აკრძალვები
მიუხედავად ყველანაირი აკრძალვისა, დაშინებისა და თავდასხმისა, ჯვრით მსვლელობა პოჩაევომდე მივიდა. რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ მისი შეჩერება?
ჯვრით მსვლელობა კამენეც პოდოლსკიდან პოჩაევოს ლავრაში მივიდა. მივიდა, როგორც ეს ყოველ წელს ხდებოდა 200 წლის განმავლობაში. მაგრამ წელს, 2023 წელს, ეს ალბათ ყველაზე მძიმე ჯვრით მსვლელობა იყო მთელი მისი ისტორიის მანძილზე.
მსვლელობის დაწყების წინ ხმელნოცკის ოლქის კამენეც-პოდოლსკის ხელისუფლებამ გამოაცხადა მისი აკრძალვის შესახებ.
კამენეც-პოდოლსკის მერი მიხეილ პოსიტკო: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს (პოჩაევოში ჯვრით მსვლელობა, - რედ.) არ შედგეს. არის ინფორმაცია, რომ, მიუხედავად აკრძალვისა, მაინც იგეგმება ასეთი პროვოკაციული აქცია. მე ვთვლი, რომ ეს პროვოკაციაა“.
ავტობუსებს მომლოცველებით, რომლებიც მთელი უკრაინიდან ჩამოვიდნენ, აჩერებდა პოლიცია და უკან აბრუნებდა. სრულიად მიუღებელი რამ შეემთხვათ მომლოცველებს როვნოდან. ქალაქამდე 12 კილომეტრი იყო დარჩენილი, როდესაც მათი ავტობუსი პოლიციამ და უუს-მ გააჩერეს. მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოართვეს, შემდეგ კი საპატრულო მანქანის თანხლებით აიძულეს ხმელნიცკის ოლქის საზღვრები დაეტოვებინათ.
ყველა მომლოცველი, ვინც მაინც მიაღწია კამენეც-პოდოლსკის საკათედრო ტაძრამდე და მსვლელობის დაწყების მოლოდინში ტრადიციულად კარვებში განთავსდა, პოლიციამ ტაძრის შემოგარენიდან გაყარა. შემდეგ ხელისუფლებამ სამხედრო კომისრები ჩართო, რომლებიც იჭერდნენ მორწმუნე მამაკაცებს და უწყებებს აძლევდნენ მათ. განსაკუთრებით ბევრი სამხედრო იყო დოლჟკაში ღვთისმშობლის შობის ტაძართან, კამენეც-პოდოლსკის გარეუბანში, საიდანაც ჯვრით მსვლელობა იწყებოდა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, სამი ათასამდე ადამიანი მაინც გაეშურა პოჩაევოსკენ.
გზად მათ სულ ახალი და ახალი მომლოცველები უერთდებოდნენ. შუა გზაზე მომლოცველთა რიცხვმა უკვე 10 ათასს გადააჭარბა. ხო, ეს არ იყო ათი ათასები, როგორც წინა წლებში, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ეს ძალზე ბევრია. მათი გზა უკიდურესად რთული იყო.
თავიდან გაუსაძლისი სიცხე იყო, შემდეგ წამოვიდა წვიმა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. უდიდეს პრობლემებს უქმნიდა მათ ხელისუფლება, პოლიცია და ადგილობრივი აქტივისტები.
21 აგვისტოს, ისევე როგორც შარშან, ვოლოჩისკის ხელისუფლებამ აკრძალა მომლოცველთა ქალაქში გავლა. მეორე დღეს ოლქში ჯვრით მსვლელობის აკრძალვის შესახებ განაცხადა ტერნოპოლის საოლქო საბჭომ. უმე-ში აღნიშნეს, რომ ჯვრით მსვლელობა - ეს ღვთისადმი ლოცვაა, ღვთისმსახურებაა და მისი აკრძალვის უფლება არავის არ აქვს, გარდა სასამართლოს გადაწყვეტილებისა. მაგრამ ეს არავის არ ესმოდა. აი, მსვლელობის შესვლა ტერნოპოლის ოლქში. ხალხი პირდაპირ არღვევს მწკრივს. პოლიცია ყვირის, რომ შესვლა აკრძალულია, აქტივისტები იმუქრებიან.
პოლიციელი: „აკრძალულია ოლქის ტერიტორიაზე ფეხით მსვლელობა. გაჩერდით და შეწყვიტეთ მოძრაობა. პოლიციიის თანამშრომლები ახორციელებენ ფოტოვიდეოფიქსირებას“.
აი, მომლოცველები ყვირიან, რომ ისინი მკვლელები არიან. აი, ხალხი იძულებულია, რომ გზიდან მინდვრებში გადაუხვიოს, პოლიციის მიერ ტრასის ბლოკირების გამო.
და ეს იმ დროს, როდესაც უფრო მშვიდობიანი შეკრების წარმოდგენაც კი შეუძლებელია. არავითარი არგუმენტი: არც ფაქტოლოგიური, არც მორალური უმე-ს მრევლის ლოცვის აკრძალვისთვის არ არსებობს. სხვა კონფესიების მომლოცველობა ხომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ტარდება.
ბოლო თვეებში ბერძენმა კათოლიკებმა ჩაატარეს უკვე რამდენიმე ათეული თავიანთი „პროშჩა“ - ღვთისმსახურება, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ჯვრით მსვლელობებს რომის კათოლიკებიც აწყობენ. გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, რომ უმანში 30 ათას ხასიდს მიიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას სარაკეტო იერიშის შემთხვევაში.
რატომ დევნის ხელისუფლება ასე აშკარად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს? პოჩაევოში ჯვრით მსვლელობები ხომ უკვე მრავალი წელია ტარდება და არც ერთხელ არ მომხდარა არანაირი ინციდენტი, რომელიც ვინმეს უსაფრთხოებას დაემუქრებოდა.
პასუხი აშკარაა. ჯვრით მსვლელობის აკრძალვით ხელისუფლება დევნის ეკლესიას. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არის. მაგრამ რატომ?
ეს ხალხი ხომ მარსიდან არ ჩამოსულან და არც რუსები არ არიან უფს-დან. ისინი უკრაინელები არიან, რომლებიც ზუსტად ისე, როგორც „ამკრძალავები“ ცხოვრობენ აქ, ჩვენს ქვეყანაში. ეს „აიტიშნიკები“, სამხედროები, ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, მძღოლები და ბევრი სხვა. რისი მიღწევა სურს ხელისუფლებას ამ ხალხის დევნით?
თქვენ უკანონოდ აკრძალეთ, ისინი კი მაინც წავიდნენ. თქვენ მათ გზები ჩაუხერგეთ, ისინი შემოვლითი გზით წავიდნენ, თქვენ აქტივისტებში ზიზღს ნერგავდით, ისინი კი პასუხად მხოლოდ ლოცულობდნენ.
უკრაინაში ბევრი აღიქვამს უმე-ს ჯვრით მსვლელობას როგორც საპროტესტო აქციას, ძალის დემონსტრირებას. მაგრამ ეს ასე არ არის. ხალხი ამ მსვლელობისას სხვა სივრცესა და დროში იმყოფება. მათთვის აკრძალვები, ყვირილი და გზის ჩახერგვა მხოლოდ განსაცდელია, რომელსაც ღმერთი მათთვის უშვებს. ისეთივე, როგორც სიცხე, შიმშილი ან ფეხების გადატყავება. ისინი ყველაფერს უდრტვინველად იტანენ, რადაგან თავიანთ საყვარელ ღვთისმშობელთან მიდიან. რადგან ღმერთი მათ აძლევს შეწევნას და მადლს, რომელთა წინაშე ყველა წინაღობა წვრილმანი და უმნიშვნელოა. და ის, ვინც ერთხელ მაინც იგრძნო ეს, კიდევ და კიდევ წავა, მიუხედავად აკრძალვებისა.
ბავშვებსაც თან წაიყვანს. ბავშვები ჯვრით მსვლელობაში, მათ შორის სულ ჩვილებიც, კიდევ ერთი გაუგაბრობაა ამ სამყაროსთვის. როგორ შეიძლება მათი წაყვანა სიცხეში და წვიმაში, მინდვრებში, დასვენებისა და ნორმალური პირობების გარეშე? მაგრამ ეს ბავშვები, მათი მშობლების მსგავსად, ბედნიერები არიან. იმიტომ რომ, მშობლების მსგავსად, ღვთის მადლსა და ბედნიერებას გრძნობენ. ეს კი ნიშნავს, რომ როდესაც ისინი გაიზრდებიან, თავიანთ შვილებს მიუყვანენ ღვთისმშობელს.
პოჩაევოში ჯვრით მსვლელობის მონაწილეები და ზოგადად უმე-ს მრევლი - უკრაინელი ხალხის ნაწილია. ძალზე მშვიდობიანი და მორჩილი ნაწილი. მაგრამ ვერანაირი ზეწოლა, ვერანაირი აკრძალვა ვერ აიძულებს ამ ხალხს, რომ უარი თქვას საკუთარ რწმენაზე. ხელისუფლების ყველა მცდელობა უაზრობაა, ისევე, როგორც უაზრობა იყო ბოლშევიკთა მცდელობები. არა იმიტომ, რომ ეს ადამიანები გმირები არიან. უბრალოდ მათ ზუსტად იციან, რომ იქ არიან, სადაც ქრისტეა, სადაც ღვთისმშობელია. ამაზე მნიშვნელოვანი კი ცხოვრებაში არაფერი არ არის.