მიტ. ონოფრემ უმე-ს ერთგულ შვილებს საშობაო ეპისტოლეთი მიმართა

07 January 2022 14:30
53
მიტროპოლიტმა ონოფრემ უმე-ს მრევლს საშობაო ეპისტოლეთი მიმართა. ფოტო: foma.in.ua მიტროპოლიტმა ონოფრემ უმე-ს მრევლს საშობაო ეპისტოლეთი მიმართა. ფოტო: foma.in.ua

გამოქვეყნებულია კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს საშობაო ეპისტოლე.

ქრისტეშობის დღესასწაულის წინ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ მრევლს საშობაო ეპისტოლეთი მიმართა, ტექსტი გამოქვეყნებულია უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო საიტზე.

 

ქვემოთ მოყვანილია წინამძღოლის საშობაო ეპისტოლეს სრული ტექსტი, მიმართული მღვდელმთავრებისადმი, მღვდლებისადმი, ბერ-მონაზვნებისადმი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილებისადმი:

 

შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა...

(ქრისტეშობის ტროპარი)

 

ღვთივსათნო მღვდელმთავრებო და მღვდლებო, კეთილმორწმუნე ბერებო და მონაზვნებო, საყვარელო ძმებო და დებო, გულითადად გილოცავთ ყველას უდიდეს დღესასწაულს ხორციელად შობისა უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესა.

ამ დიდებულ დღეებში წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია სიყვარულით იხსენებს და ლოცვით ადიდებს უფლის ხორციელად შობის საიდუმლოს უდიდეს მადლმოსილებას (1 ტიმ. 3, 16), რომლის მეშვეობით ადამიანის მიერ სამოთხის დაკარგვის სამწუხარო მოვლენა  ადამიანის სამოთხეში დაბრუნების სიხარულად იქცა.

ღვთის სიყვარულმა თავისი საოცარი, საიდუმლო ძალით ადამიანი თიხისგან შექმნა. უფალმა  თავის ქმნილებათა  შორის ადამი გამოარჩია და საღმრთო ხატებით დაამშვენა ის. ადამი გახდა მარადიული ღმერთის მშვენიერი ხატების მატარებელი. რაოდენ დიდი პატივი ერგო ადამიანს! უფალმა ადამს სამოთხე უბოძა, ადამი სუფევდა და  სილამაზით ტკბებოდა იქ. მაგრამ, როგორც წმინდა ისტორია გვამცნობს, ადამიანმა შესცოდა და ღირსება დაკარგა. შემდეგ რაც მოხდა, ამაზე წმინდა ისტორია ბევრს არაფერს ამბობს: ადამი განეშორა ღმერთს და სამოთხეში ცხოვრების უნარი დაკარგა, ხოლო ღვთის სიყვარულმა, რომელიც მის ნებას არ ზღუდავდა, მისცა მას საშუალება ცოდვით დაცემულ სამყაროში ეცხოვრა, სადაც ადამი პიროფლიანი შრომობდა, ხოლო მიწა ეკალსა და ძეძვს აღმოუცენებდა მას (დაბ. 3, 18). 

ადამი განეშორა ღმერთს, მაგრამ ღმერთი არ განეშორა ადამს. ღმერთი ქვეყანაზე თავის წინასწარმეტყველებსა და მართალ ადამიანებს გზავნიდა, რომ მათ  ადამის მემკვიდრეებისთვის  დაკარგული  სამოთხის შესახებ მოეყოლათ. და როცა ამის დრო დადგა, უფალი თავად მოვიდა ქვეყანაზე. ღვთიურმა სიყვარულმა დაცემული ადამიანის სახე მიიღო, რომ აღადგინოს, აკურთხოს  და ზეცას დააბრუნოს ის.

უფლის ქვეყანაზე მოვლინება  საოცარი და იდუმალი უბრალოებით ხდება. უწმინდესი ქალწული მარიამი, რომლისგანაც უფალმა განკაცება მოისურვა, ქალაქ ბეთლემში მოდის. წმინდა ოჯახი ბეთლემში რომის იმპერატორ  ავგუსტუსის ბრძანებით ჩამოვიდა, რომელმაც მოსახლეობის აღწერა განახორციელა, მაგრამ მას არც უფიქრია, რომ ამ გზით ის ღვთის ხელში იარაღი აღმოჩნდა და  უფალმა აახდინა უძველესი წინასწარმეტყველება, რომლის თანახმად  მესია ქრისტე  ქალაქ ბეთლემში  უნდა შობილიყო (მიქ. 5, 2).

როდესაც ძე ღვთისა ბეთლემის გამოქვაბულში იშვა, მსოფლიოს  საოცარი  ღვთის მადლი მოეფინა. ზეცა ხარობდა, ანგელოზები გალობდნენ და მთელი ბუნება ზეიმობდა. პირველი, ვისაც ამქვეყნად ძე ღვთისას  შობა ეუწყა, უბრალო ბეთლემელი მწყემსები იყვნენ, რომლებიც იმ კურთხეულ  გამოქვაბულთან შორიახლოს თავიანთ ფარებს მწყემსავდნენ. მათ უფლის ანგელოზი გამოეცხადათ და აუწყა: „ ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი.  რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.  და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში.  ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის. (ლკ. 2, 10-14). მწყემსები ბეთლემის გამოაქვაბულისკენ გაემართნენ, იქ მათ ჩვილი ქრისტე იხილეს, სიყვარულით თაყვანი სცეს მას და ყვებოდნენ, თუ რა აუწყა მათ ანგელოზმა.

გახარებული მწყემსების შემდეგ, შობის დღეს, ახალშობილს სამმა მოგვმა სცა თაყვანი, რომლებიც  უფალმა  საოცარი ვარსკვლავის მეშვეობით აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან  ბეთლემში მოიყვანა. მოგვებმა ჩვილს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური, რითაც მათ დაამოწმეს, რომ ქვეყანას მეუფეთა მეუფე (გამოცხ. 17, 14) და მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი (ებრ. 9, 11) მოევლინა, რომელიც საკუთარი ნებით მიღებული ვნებებისა და სიკვდილის გზით კაცობრიობას დაკარგულ სამოთხეს დაუბრუნებს.

და ჩვენ, ძვირფასო დებო და ძმებო, დღეს, ღვთივსათნო მწყემსების მსგავსად, თაყვანს ვსცემთ ჩვენს მაცხოვარსა და უფალს და მდაბლად ვჰმადლობთ მას, რადგან ის, ჩვენი შემქმნელი  და შემოქმედი, უწინარესი მამის უწინარესი ძე, განკაცდა იმიტომ, რომ  ჩვენ ღვთის შვილობა დაგვიბრუნოს. ბრძენ მოგვებთან ერთად, ჩვენც ძღვენს ვწირავთ ახალშობილ  ძეს: ოქროს ჩვენი მდაბალი ლოცვისა, გუნდრუკს ჩვენი მორჩილებისა და მურს ჩვენი სინანულისა. სამყარო, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, ლოცვას, მორჩილებასა და სინანულს  განსაკუთრებით საჭიროებს. ეს  სათნოებები ღვთისა და მოყვასის სიყვარულს აღმოაცენენ ადამიანში და მას  მსგავსად  ხდიან მისი შემქმნელისა და შემოქმედისა, რომელიც თავისი არსით თვით სიყვარულია.

ჩვენ აპოკალიპტურ დროში ვცხოვრობთ, რომლის განსაკუთრებული  ნიშნები  შიში და დაბნეულობაა, ხოლო ლოცვით, მორჩილებითა და სინანულით ჩვენ შიშსა და დაბნეულობას ვძლევთ და გზას  ზეცისკენ, მარადიული ნეტარებისკენ ვიკვლევთ. 

პირველი სიტყვები, რომლითაც ანგელოზმა ბეთლემის მწყემსებს მიმართა, „ნუ გეშინიათ“ იყო. და დღესაც  ყოველ ჩვენგანს შობის ანგელოზი მოგვრთავს: ნუ გეშინია, რადგან ქვეყანას ძე ღვთისა მოევლინა, რომელმაც დაძლია ცოდვა და მასთან ერთად შიში, დაბნეულობა და სენი.

დღეს, როდესაც მსოფლიოში საშიში ვირუსები ვრცელდება, უამრავი ადამიანი ჩქარობს ვაქცინირებას მიწიერი ცხოვრების გახანგრძლივების მიზნით. მაგრამ ჩვენ, ვისაც გვწამს ქრისტე, როგორც ძე ღვთისა, როგორც ქვეყნის მაცხოვარი, ვიცით, რომ ქვეყანაში  არის კიდევ ერთი, უფრო საშიში და სახიფათო ვირუსი - ჩვენი ცოდვები. ცოდვები, რომლებიც  მარადიული ცხოვრებისგან გვაშორებს. რამდენად უფრო საჭიროა ჩვენთვის, ვინც ქრისტიანის მაღალ  სახელს ვატარებთ, სულიერი ვაქცინის  - სინანულის მიღება, ცოდვის ვირუსის დასამარცხებლად და საუკუნო ცხოვრებისთვის მოსამზადებლად!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეშობას, საყვარელო ძმებო და დებო. გისურვებთ ჯანმრთელობას, ცხონებას და ღვთის წყალობას. დაე, ღვთის სიყვარულმა, რომელმაც ზეცა და ქვეყანა გააერთიანა, ყველა ჩვენგანის გულში დაისადგუროს, გვანუგეშოს და ძალა მოგვცეს, რომ ღირსეულად გადავლახოთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების სირთულე და შეჭირვება. დაე, ყოცელ  ჩვენგანში გაბრწყინდეს ნათელი გონიერებისა, განკაცებული ძე ღვთისას მიერ მომადლებული, ნათელი, რომელიც სიცრუეს აშკარად ხდის, თუნდაც ის კეთილშობილებით იყოს შენიღბული, ნათელი, რომელიც სამოთხისკენ მიმავალ გზაზე მიგვიძღვის. ამინ.

 

ქრისტეშობას გილოცავთ!

მდაბალი ონოფრე

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი

ქრისტეშობა, 2021/2022 წწ.,

ქ. კიევი

 

 

 

მჟკ წერდა, რომ შობაზე უმე კიევში დევნილი 750 ობოლი ბავშვისთვის დღესასწაულს მართავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ