ნაცისტური აინზაცჯგუფები:შეეძლოთ კი ნორმალურ ადამიანებს ბავშვების მკვლელობა?

10 May 2021 14:11
137
ადამიანი, რომელიც ივიწყებს თავის მთავარ დანიშნულებას - ღვთისადმი მსახურებას, შეიძლება ურჩხულად იქცეს და ეს ვერც კი შეამჩნიოს. ფოტო : СПЖ ადამიანი, რომელიც ივიწყებს თავის მთავარ დანიშნულებას - ღვთისადმი მსახურებას, შეიძლება ურჩხულად იქცეს და ეს ვერც კი შეამჩნიოს. ფოტო : СПЖ

ნაციზმის ერთ-ერთი დიდი გამოცანა - როგორ შეეძლოთ ჯანმრთელ ადამიანებს, საქმიანი სახით მშვიდობიანი მოსახლეობის და ამასთან, ბავშვების მკვლელობა. როგორ იყო ეს შესაძლებელი?

დადგა მაისი, ახლოვდება დიდი გამარჯვების დღესასწაული.  თითქოსდა იმაზე, რაც 70 წელიწადზე მეტი ხნის წინ მოხდა, დიდი ხანია ყველაფერია ცნობილი. ამ დროზე ბევრი წიგნი, ისტორიული კვლევა, მემუარი დაიწერა, ყველა კითხვაზე თითქოსდა პასუხებიც გაიცა.  და მაინც...

მეტრო „დოროგოჟიჩის“ ახლოს მდებარე პარკში დგას პატარა ძეგლი, რომელიც ბაბიე იარში დახვრეტილ ბავშვების ხსოვნას ეძღვნება. ძეგლი შეიქმნა ბავშვების უბრალოდ სათამაშოების სახით: არცთუ მაღალ პოსტამენტზე ორი თოჯინა და კლოუნი დგას, რომელთაც უძლურად აქვთ თავი დახრილი. სათამაშოები, რაღაც მომენტში ქცეული არასაჭიროდ. რადგანაც, სათამაშოებით ვერავინ ითამაშებს. მხოლოდ ამის გაფიქრებაც კი გზარავს.

და ისევ ჩნდება კითხვა, რომელზეც პასუხის პოვნა რთულია - როგორ მოხდა შესაძლებელი, რომ ძლიერი, ახალგაზრდა მამაკაცები მასიურად კლავდნენ უმწეო ადამიანებს? კლავდნენ პატარა ბავშვებს?

ნაცისტური აინზაცჯგუფები:შეეძლოთ კი ნორმალურ ადამიანებს ბავშვების მკვლელობა? фото 1
ბაბიე იარში დაღუპული ბავშვებისადმი მიძღვნილი ძეგლი.

რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ ეს ომია. ომის დროს უარესებიც ხდება. და მაინც  აქ განსაკუთრებული შემთხვევაა. განა ბევრი ომი ვიცით ისეთი, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობის შეგნებული და მეთოდური ამოწყვეტისთვის ჩამოყალიბდა ცალკეული საბრძოლო ქვედანაყოფები? მეორე მსოფლიო ომამდე ასეთი რამ არ მომხდარა. და აი, XX საუკუნის დასაწყისში განათლებული ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელმაც მსოფლიოს უამრავი გენია აჩუქა მეცნიერების, ხელოვნების, ფილოსოფიის სფეროში, უცებ ჩნდება სწორედ ასეთი საომარ ერთეულების ჩამოყალიბების მოთხოვნილება. არა საჯარისო ქვედანაყოფების, რომლებიც იბრძვიან საბრძოლო მოქმედებებს შეიარაღებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, არამედ შეგნებული ჯალათების ბატალიონები. ამ ქვედანაყოფებმა მიიღეს სახელწოდება „აინზაცჯგუფები“.

აინზაცჯგუფები არ იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, შეტევის დროს ისინი მიჰყვებოდნენ რეგულარულ ჯარებს და მეთოდურად ანადგურებდნენ „არასწორ“ ადგილობრივ მოსახლეობას. მათი ამოცანა იყო ებრაელების, ბოშების, პარტიზანების, კომუნისტების აღმოჩენა და განადგურება. ერთი სიტყვით, აინზაცჯგუფები ტოვებდნენ მხოლოდ იმათ, ვისაც შეეძლო მის გვერდით აეტანათ „ნამდვილი არიელები“, რომლითაც მოცემული ტერიტორიებზე დასახლდებოდნენ.

აინზაცჯგუფებში დაახლოებით 3000 ადამიანი მსახურობდა. მოგვიანებით აინზაცჯგუფები გაძლიერნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან დამხმარეების ჯგუფებით ე.წ. „შუცმანშაფტებით“. მაგალითად, შუცმანშაფტის ერთ-ერთი ქვედანაყოფის (201-ე დაცვის ბატალიონის), რომელიც თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებდა, მეთაურის მოადგილე იყო ცნობილი რომან შუხევიჩი. შუცმანშაფტ- ჯგუფები უშუალოდ მოხალისეებისგან შედგებოდა.

ნაცისტური აინზაცჯგუფები:შეეძლოთ კი ნორმალურ ადამიანებს ბავშვების მკვლელობა? фото 2
აინზაცჯგუფის მუშაობა. ფოტო: кадр из фильма «Мозг Гиммлера зовётся Гейдрихом»

აინზაცჯგუფების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. მხოლოდ სსრკ ტერიტორიაზე ოთხი ოპერატიული ჯგუფის მიერ დაახლოებით 750 000 ადამიანია განადგურებული. სულ ამ ქვედანაყოფების მიერ, გესტაპოს ებრაელთა საქმეების მეთაურის ა. ეიხმანის დათვლით, დაახლოებით 2 მლნ ადამიანი იქნა მოკლული. რამდენადაც მამაკაცების უდიდესი უმრავლესობა ფრონტზე იყო, ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ მილიონობით ნაწამები, დახვრეტილი, ჩამოხრჩობილი ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ. მხოლოდ ბელურის 628 სოფელი იქნა განადგურებული. ეს სოფლები მათ მკვიდრებთან ერთად დაწვეს.

„ჩემს გონებას არ შეეძლო იმის მიღება, რაც ჩემმა თვალებმა დაინახეს. მე ჯოჯოხეთში ჩავიხედე“.

ვინ იცის, იქნებ ამ დრომდე არავის წარმოედგინა აინზაცჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების კოშმარული მასშტაბი, რომ არა ახალგაზრდა ამერიკელი პროკურორის ბენჯამინ ფერენცის, ნიურნბეგრში საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალზე ერთ-ერთი მთავარი ბრალმდებლის მცდელობები და შეუპოვრობა. მომავალი სასამართლოსთვის მასალების მომზადებისას, მას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში გესტაპოს საიდუმლო ანგარიშები. მათი შესწავლისას, მას დიდხანს არ შეეძლო გონს მოგება: „ჩემს გონებას არ შეეძლო იმის მიღება, რაც ჩემმა თვალებმა დაინახეს. მე ჯოჯოხეთში ჩავიხედე“.

1947 წელს ნიურნბერგში მთავარი ტრიბუნალის დასრულების შემდეგ ბ. ფერენცის მიერ ინიცირებულ იქნა ცალკე სასამართლო განხილვები, რომელიც უშუალოდ ეხებოდა აინზაცჯგუფების საქმიანობას. სასამართლო მუშაობას 1947 წლის 29 სექტემბერს შეუდგა, ბაბიე იარში, მთელი ომის მანძილზე ყველაზე მასშტაბური სადამსჯელო ოპერაციის, მასობრივი დახვრეტიდან 6 წლის შემდეგ.  „აინზაცჯგუფი C” ანგარიშის თანახმად, იქ ორი დღის განმავლობაში 33771 ადამიანი იქნა განადგურებული, 3 წლამდე ბავშვების ჩათვლის გარეშე.

ნაცისტური აინზაცჯგუფები:შეეძლოთ კი ნორმალურ ადამიანებს ბავშვების მკვლელობა? фото 3
ბენჯამინ ფერენცი გამოდის ნიურნბერგის პროცესზე. ფოტო: icrc.org

მსჯავრდებულთა, აინზაცჯგუფების ყოფილი ოფიცრების წინააღმდეგ ბრალდების შემდეგი მუხლები იქნება წაყენებული:

დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ;

  • ადამიანების დევნა და მკვლელობა პოლიტიკური, ნაციონალური, რელიგიური და სხვა მოტივებით;
  • ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გენოციდი; სამხედრო დანაშაულები;
  • მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და დასახლებული პუნქტების, კულტურული ობიექტების განადგურება;
  • სამხედრო ტყვეებთან მიმართებაში საერთაშორისო შეთანხმებების დაუცველობა;
  • მონაწილეობა დანაშაულებრივ ორგანიზაციებში (სს, სდ).

ამ სასამართლო განხილვებმა მიიღო სახელწოდება  ნიურნბერგის მცირე პროცესები და 1946 წლიდან 1949 წლამდე გაგრძელდა. მთავარი კითხვა, რომელიც ამ სასამართლო მოსმენებზე იყო წამოწეული - როგორ უნდა მომხდარიყო ისე, რომ  უფლის კანონზე აღზრდილი კულტურული, ახალგაზრდა ადამიანები უცებ გახდნენ სადამსჯელო რაზმების წევრები?

მოსამართლე მასმანო გაოგნებული იყო: „ჯარისკაცმა, რომელიც ომში მიდის, იცის, რომ მას მოუწევს მკვლელობა. თუმცა, მის წინაშე შეიარაღებული მოწინააღმდეგეა. თქვენ კი დაუცველი ბავშვების მოკვლა გიწევდათ. ნუთუ ასეთი ბრძანების მორალური შეფასების საკითხი არ მოგდიოდათ თავში? შეესაბამება თუ არა ეს ჰუმანურობის, სინდისის, სამართლიანობის ცნებებს?

ბრალდებულთაგან არავის არ გაუცია ამ კითხვაზე პასუხი. ყველა მათგანი შაბლონური ფრაზით შემოიფარგლებოდა, რომ არ ჰქონდათ ბრძანების ეჭვქვეშ დაყენების უფლება.

„აინზაცჯგუფის“ ანგარიშის თანახმად, ბაბია იარში 2 დღის მანძილზე 33771 ადამიანი იქნა განადგურებული, 3 წლამდე ბავშვების ჩათვლის გარეშე.

რასაკვირველია, შეიძლება შეწინააღმდეგება, რომ მაშინ ასეთი დრო იყო - ომი, საომარი დროის კანონებით კი, ბრძანების შესრულებაზე უარის თქმას ჩვეულებრივ დახვრეტა მოსდევდა. პროკურორმა ბ. ფერენცმა ამ კითხვის ეს ნაწილი გულდასმით განიხილა და გაარკვია, რომ არც ერთ ოფიცერს, აინზაცჯგუფის არც ერთ წევრს არ ელოდა არც სიკვდილი, არც ციხე მოცემულ სამუშაოზე უარის შემთხვევაში.

ყველაზე საშინელი სასჯელი იყო სხვა ჯარში გადაყვანა. ზოგჯერ ეს იყო აღმოსავლეთ ფრონტზე გაგზავნა. სულ ესაა! ანუ არც ერთი მათგანი არ რისკავდა სიცოცხლით უარის შემთხვევაში. ამის მიუხედავად, მსგავსი სადამსჯელო ქვედანაყოფების არსებობის მანძილზე  არც ერთ ოფიცერს, არც ერთ ჯარისკაცს არ უთხოვია გადაყვანა. ეს ფაქტიც გულდასმით იქნა შესწავლილი პროკურორ ბ. ფერენცის მიერ.

აინზაცჯგუფების წევრები - ვინ არიან ისინი?

პირველი, რაც თავში მოგვდის ისაა, რომ მოცემული ქვედანაყოფები ჩამოყალიბდა უშუალოდ ბრძანების წესით, ხოლო კადრები შერჩეულ იქნა კრიმინალური ელემენტების გარემოდან. აბა, რომელი ჯანსაღი აზრის  ადამიანი დათანხმდება მასობრივ მკვლელობაზე? იყო კი ეს ასე სინამდვილეში?

ცნობილია, რომ აინზაცჯგუფების შემადგენლობა საგულდაგულოდ ირჩეოდა. ამაზე პირადად ზრუნავდა იმპერიის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი რეინჰარდ ჰაიდრიხი. ის ამ ქვედანაყოფებს სს-ის ელიტურ ჯარებად თვლიდა.  უნდა ითქვას, რომ რ. ჰაიდრიხს ეკუთვნის იდეა „ებრაული საკითხის“ საბოლოო გადაწყვეტაზე. ანზაცჯგუფები მისი შვილობილები არიან. მათი მთავარი მიზანი იყო თავად ამ საკითხის გადაჭრა. საკადრო შემადგენლობის სიმცირეს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ამ ქვედანაყოფების მეთაურები უშუალოდ იყვნენ გენერლები, ზოგიერთი მათგანი კი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი იყო.

ნაცისტური აინზაცჯგუფები:შეეძლოთ კი ნორმალურ ადამიანებს ბავშვების მკვლელობა? фото 4
რეინჰარდ ჰაიდრიხი.

ყველაზე საოცარი იყო აინზაცჯგუფების საქმეზე მსჯავრდებულთა ბიოგრაფიები. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა მათგანს ბრწყინვალე განათლება ჰქონდა, უმეტესად კი რადემონიმე უნივერსიტეტის დიპლომი. ზოგიერთი მთგანი თავს იწონებდა დოქტორის ხარისხით, პროფესორის წოდებით.

მოსამართლე მასმანომ იხუმრა კიდეც ამის თაობაზე: „ ვეჭვობ, რომ საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის მაგიდის ირგვლივ ერთდროულად ამდენი განათლებული ადამიანი ვიპოვოთ, რამდენიც აინზაცჯგუფების საქმეზე მსჯავრდებულთა სკამზე ზის“. აი, ზოგიერთი მათგანის სახელი:

  • სს-ის გრუპენფიურერი, პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი ოტო ოლენდორფი, D აინზაცჯგუფის მეთაური, სწავლობდა სამართალს ლაიფციგისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში, შემდეგ სწავლობდა პავიის უნივერსიტეტში. ჰქონდა დოქტორის ხარისხი  იურისპრუდენციის საქმეში. ხელმძღვანელობდა დახვრეტებს უკრაინის სამხრეთით, ბესარაბიაში, ყირიმში, კავკასიაში.
  • სს-ის ბრიგადფიურერი, პოლიციის გენერალ-მაიორი ჰაინც იოსტი, A აინზაცჯგუფის მეთაური, სწავლობდა სამართალს გისენისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. მან ორგანიზება გაუკეთა მასობრივ მკვლელობას ბალტიისპირეთში.
  • სს-ის ბრიგადფიურერი, პოლიციის გენერალ-მაიორი ოტო რაში,  C აინზაცჯგუფის მეთაური, მიიღო დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ ეკონომიკასა და ფილოსოფიაში ლაიფციგის უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობდა დახვრეტებს უკრაინაში, კერძოდ, ბაბიე იარში.
  • სს-ის ბრიგადფიურერ ფრანც ზიკსი, წამყვანი გუნდის „მოსკოვი“  მეთაური B აინზაცჯგუფის შემადგენლობაში, სწავლობდა სამართალსა და ჟურნალისტიკას ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის პროფესორი კენიგსბერგის უნივერსიტეტში.  მონაწილეობდა სმოლენკის მხარის დახვრეტებში.
  • სს-ის შტანდარტენფიურერი ვალტერ  ბლუმე, 7ა აინზაცჯგუფის მეთაური, სწავლობდა სამართალს ბონის, იენის, ბერლინის სასწავლო დაწესებულებებში. 1933 წელს  ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტში მას მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი. მეთაურობდა სადამსჯელო ოპერაციებს ბელორუსიის ტერიტორიაზე.
  • სს-ის შტანდარტფიურერი მარტინ ზანდბერგენი, 1ა აინზაცჯგუფის მეთაური, სწავლობდა სამართალს მიუნხენის, კელნის, ფრაიბურგის  უნივერსიტეტებში. ერთ-ერთი მთავარი პირი, რომელიც მონაწილეობდა ბალტიისპირეთში ებრაელების მასობრივ განადგურებაში.
  • სს-ის ობერშტურნბანფიურერი ერნსტ შიმანოვსკი, 6გ აინზაცჯგუფის მეთაური C აინზაცჯგუფის შემადგენლობაში, სწავლობდა თეოლოგიას კილსკის უნივერსიტეტში. პროტესტანტი მღვდელი კატინგში. ასრულებდა სადამსჯელო ოპერაციებს ტაგანროგის რაიონში დონის როსტოვზე.
  • სს-ის ობერშტურნბანფიურერი ვერნერ ბრაუნე, 11 გ აინზაცჯგუფის მეთაური D აინზაცჯგუფის შემადგენლობაში, სწავლობდა იურისპრიდენციას ბონის, მიუნხენის, იენის უნივერსიტეტებში. 1933 წელს მას მიანიჭეს სამართლის დოქტორის ხარისხი. მონაწილეობდა ებრაელების განადგურებაში სამხრეთ უკრაინისა და ყირიმის ტერიტორიაზე.
  • სს-ის შტანდარტერფიურერი პაულ ბლობელი, 4ა ზონდერჯგუფის მეთაური C აინზაცჯგუფის შემადგენლობაში. სწავლობდა არქიტექტურას პრუსიის სამეფო სამშენებლო სკოლაში ელბერფელდში. ახროციელებდა დახვრეტებს ბაბიე იარში.

როგორც ვხედავთ, აინზაჯგუფებს მეთაურობდნენ არა კანონიერი ქურდები ან სერიული მკვლელები. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გერმანული საზოგადოების ელიტა. უფრო მეტიც, ერთ-ერთ მათგანს (ერნსრ შიმანოვსკი) თეოლოგიური განათლება ჰქონდა და პასტორი იყო.

რა ამოძრავებდა ამ ადამიანებს? რა უნდა მომხდარიყო მათ სინდისთან მიმართებაში ისეთი, რომ მათ მოეწყოთ მასობრივი მკვლელობები ყოველდღიურად, როგორც რუტინული სამუშაო და ამასთან, არ ეგრძნოთ არანაირი მორალური წუხილი?

„ბავშვების მკვლელობა ჩვენი სამუშაო იყო, ჩვენ ბრძანებას ვასრულებდით“.

ბევრი ამ ადამიანებში დიპლომირებული იურისტი იყო, სპეციალისტი სამართლის დარგში და ამის მიუხედავად, არც ერთი მათგანი არ აღიარებდა თავის ბრალეულობას, თავს იმით იმართლებდნენ, რომ ბრძანებას ასრულებდნენ.

პროცესის შემდეგ გადის წლები და პროკურორი ბ. ფერენცი ერთ-ერთ ინტერვიუში სინანულით უსვამს ხაზს: „პროცესის დროს იმდენად არ დამამახსოვრდა, რამდენადაც გამაოცა მსჯავრდებულებში მონანიებაზე, მილიონობით მოკლული და დატანჯული ადამიანების მიმართ თანაგანცდაზე მინიშნების უქონლობამაც კი... ეს არასდროს დამავიწყდება“.

ასეთი ფორმულირება - ბრძანების შეუსრულებლობაზე უარის თქმის შეუძლებლობის გამო თავის უდანაშაულოდ ცნობა - ჩვენ ყველა სასამართლო განხილვაზე გვხვდება, რომელიც ნაცისტ დამნაშავეებს ეხება. ასეთი სასამართლო XX  საუკუნის მანძილზე ძალიან ბევრი იყო. ზოგიერთი მათგანის საქმეზე განხილვები ამ დრომდე გრძელდება. ერთ-ერთ ბოლო მათგანზე, რომელიც 2011 წელს შედგა, მსჯავრდებულ იქნა სობიბორის ზედამხედველი ივან დემიანიუკი. და ისევ სიძულვილის ან პიროვნული მტრობის არანაირი მოტივი. მხოლოდ ბრძანების შესრულება. სამუშაოა ასეთი.

ნაცისტური აინზაცჯგუფები:შეეძლოთ კი ნორმალურ ადამიანებს ბავშვების მკვლელობა? фото 5
ივან დემიანიუკი, რომელსაც სობიბორში „ივანე მრისხანე“ ეწოდა. ფოტო: kulturologia.ru

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს წინაშე გიჟები არიან. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი დამახინჯებული კანონებით. შეიძლება აქ მოქმედებდა რაიმე მასობრივი ფსიქოზი? იქნებ, ეს ფსიქიკის რაღაც შეუსწავლელი ანომალური რეაქციაა? რას საუბრობენ  ამ საკითხზე ფსიქოლოგები და ფსიქიატრები?

როგორც ვიცით, ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ ნებისმიერი სასამართლო განხილვის მუშაობაში. მათი ამოცანაა მსჯავრდებულის ქმედუნარიანობის დადგენა.  გასაკვირი ისაა, რომ იშვიათი შემთხვევების გარდა, თითქმის ყველა მსჯავრდებული ნაცისტი დამნაშავეების გარემოდან შერაცხადი და საკუთარ ქმედებებზე პასუხისგების უნარიანი იყო ანუ ისინი ნორმალური ადამიანები იყვნენ. მაგრამ როგორ? როგორ შეუძლია ადამიანს ასეთის ჩადენა?

ისინი ნორმალურები არიან თუ ფსიქოპათები?

ეს კითხვა პირველად წამოიწია ნიურნბერგის მთავარ პროცესზე ორი ამერიკელი ფსიქიატრის - დოქტორ დ.კელისა და დოქტორ გ.მ. გილბერტის მიერ. ისინი ბრალდებულებთან წელიწადზე მეტი მუშაობდნენ. თითოეულმა მათგანმა თავისი დეტალური ანგარიში შეადგინა. მოგვიანებით, მათ დაწერეს წიგნები - გ. მ. გილბერტის „ნიურნბერგის დღიური“ და დ. კელის „22 კამერა“.

დოქტორი კელი თავიდან დარწმუნებული იყო, რომ ყველა ბრალდებული ფსიქოპათი იყო, რამდენადაც სწორედ ფსიქოპათებში შეინიშნება სინდისის და დანაშაულის გრძნობის უქონლობა. ის გულდასმით ეძებდა „ნაციზმის ვირუსის“ ან „ნაცისტის პიროვნების“ გამოვლინებას - ასე უწოდა მან ახალ ფსიქიკურ გადახრას.

მათ მიერ სხვადასხვაგვარი ტესტი ჩატარდა, მათ შორის რორშახის ტესტი, ფსიქიკური არასტაბილურობის გამოსავლენად. საბოლოოდ დოქტორმა კელიმ ყველა მსჯავრდებულის IQ გამოიკვლია, რადგანაც არსებობს მოსაზრება, რომ დამნაშავეები ხდებიან უხეში, პრიმიტიული ადამიანები. როგორი იყო მისი გაკვირვება, როცა ბრალდებულთა უმრავლესობამ აჩვენა ინტელექტის საოცრად მაღალი დონე. ჰ. გერინგის IQ  დონე გენიალობასთან ახლოს იყო.

ის, რაც გამოარჩევდა ნიურნბერგის ტუსაღებს ჩვეულებრივი ადამიანებისგან - ემპათიის ანუ თანაგრძნობის სრული უქონლობა. რორშახის ტესტმა დაადასტურა განუვითარებელი წარმოსახვა და შემოქმედებითი პოტენციალის უქონლობა. ძალადობისადმი პათოლოგიური მიდრეკილება არ გამოვლინდა არც ერთ განსასჯელში.

როგორ არ ეცადა დ. კელი ეპოვა ფსიქოპათიის შტრიხები, მან ეს ვერ მოახერხა. ეს ძალიან აფიქრებდა მას. გამოდის, რომ ყველა, ვინც ნიურნბერგში მსჯავრდებულთა სკამზე აღმოჩნდნენ - ნორმალური ადამიანი იყო. აქედან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იგივეს გაკეთება, რაც მსჯავრდებულებს.

მსჯავრდებულთა უმრავლესობამ აჩვენა ინტელექტის ძალიან მაღალი დონე.  გერინგის IQ  დონე გენიალობასთან ახლოს იყო. ის, რაც გამოარჩევდა ნიურნბერგის ტუსაღებს ჩვეულებრივი ადამიანებისგან - ემპათიის სრული უქონლობა.

დუგლას კელი გაოცებული იყო. შემდეგი კითხვა, რომელიც დასვა -„რითი განვსხვავდები ადამიანებისგან, რომლებიც ნიურნბერგში გაასამართლეს?“ - უპასუხოდ დარჩა. გამოჩენილმა ამერიკელმა ფსიქიატრმა იგრძნო, რომ ჩიხში შევიდა. მას კვლავ აინტერესებდა ადამიანის უგულობის ბუნება, განსაკუთრებით ისეთ მასობრივ გამოვლინებებში, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ როგორ გაეაზრებინა ის, არ იცოდა.

ის მივიდა დასკვნამდე, რომ გერინგის ან ოსვენციმის კომენდანტის რ. ჰესის მსგავსი ადამიანების ქცევის ახსნა ფსიქიატრიის საშუალებებით შეუძლებელია. ასევე აფიქრებდა ის მის კოლეგას გუსტავ გილბერტსაც. ორივე ფსიქიატი მივიდა აზრამდე, რომ განსასჯელთა ქცევა უნდა განვიხილოთ ბოროტების კატეგორიის კონტექსტში. აკი „ბოროტება- წერდა დოქტორი გილბერტი, - ესაა ემპათიის სრული უქონლობა ანუ სხვისი ტკივილის შეგრძნების უუნარობა“. ერთი სიტყვით, ბოროტება იბადება სიყვარულის უუნარობიდან. თუმცა, სად უნდა ვეძებოთ ადამიანში ასეთი ბოროტების გამოვლენის მიზეზები?

შემდეგი, ვინც ეცადა ამ ე.წ. „ნაცისტის პიროვნების“ გამოცანის ამოხსნას და ბოროტების ბუნებაში გარკვევას, გახლდათ ამერიკელი ფილოსოფოსი ჰანა არენდტი. 1962 წელს ის ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ კორესპონდენტის სახით ესწრებოდა იერუსალიმში სასამართლო განხილვას. განსასჯელი იყო „ჰოლოკოსტის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი“ - ა. ეიხმანი.

ნაცისტური აინზაცჯგუფები:შეეძლოთ კი ნორმალურ ადამიანებს ბავშვების მკვლელობა? фото 6
ადოლფ ეიხმანი სასამართლოს დარბაზში. ფოტოგრაფი მიხა ბარ-ამი. იერუსალიმი. 1961. ფოტო: lechaim.ru

ჰ. არენდტი, როგორც დარბაზში ყველა დამსწრე, ელოდა დაენახა ბოროტების ერთვარი ხორცშესხმა, ურჩხული ადამიანის სახით. და ძალიან გაკვირვებული დარჩა, როცა შეხვდა პიროვნებას, რომელიც არაფრით იყო გამორჩეული.

„როგორ შევათავსოთ ამ ადამიანის შოკისმომგვრელი ჩვეულებრიობა ურჩხულის საქციელთან, რომელსაც ის სჩადიოდა?“ - გაკვირვებით წერდა ის. სასამართლოს წინაშე წარსდგა ჩვეულებრივი ბიუროკრატი, „რომლის სინდისიც თავდაყირაა“ იმ იდეოლოგიით, რომელიც ნაცისტურ საზოგადოებაში არსებობდა.

ეიხმანზე დაკვირვებისას, ჰ. არენდტმა საოცარი დასკვნები გააკეთა: „ მსოფლიოში უდიდესი, საშინელი ბოროტება სრულდება მდაბიო ადამიანების მიერ, რომელთაც ხშირად არ გააჩნიათ არანაირი საკუთარი შეხედულება“. ასეთი ადამიანები პასიურად იღებენ, როგორც ნორმას მოცემულ საზოგადოებაში დადგენილ წესრიგს და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათთვის მოქმედი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. და თუ ეს კანონი ბრძანებს მოკვლას, ისინი კლავენ, არ გრძნობენ რა არანაირ მორალურ დისკომფორტს. ასეთ შემთხვევებში ადამიანი, თითქოსდა „უარს ამბობს მოუსმინოს სინდისის ხმას და სახეში შეხედოს სინამდვილეს“. ჰ. არენდტმა ამ ფენომენს „ბოროტების ბანალურობა“ უწოდა.

სასამართლო პროცესის დროს ეიხმანს ხშირად უსვამდნენ კითხვას სინდისზე. მთავარი ბრალმდებელი, მოსამართლე ჰაუზნერი, სულ გაკვირვებული იყო, როგორ შეიძლებოდა ათასობით ადამიანის სიკვდილზე გაშვება და ამასთან, არ იგრძნო არაფერი. „ეს ბრძანება იყო“, - პასუხობდა თავის მხრივ გაკვირვებული ეიხმანი. „და რომ ებრძანებინათ საკუთარი მამის მოკვლა? იგივეს გააკეთებდით?“ „დიახ. თუ მისი ბრალეულობა დამტკიცდებოდა“.

ეს სიტყვები საშინლად ჟღერს. თითქოს, შენს წინ არანორმალური ადამიანია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი, ა. ეიხმანი შერაცხადი გახლდათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა სხვა რამეშია. და მაინც სად უნდა ვეძებოთ ამ საშინელი ბოროტების ფესვები?

თუ ეს ადამიანები ნორმალურები იყვნენ, მაშ, რა არის მათთან ისე?

როგორც უკვე ვთქვი, ნაცისტების პიროვნებებზე ფსიქიატრების მთავარი დასკვნა არის მათში ემპათიის ანუ თანაგანცდის, სხვისი, როგორც საკუთარი თავის გრძნობის ატროფირებულობა. საიდან გაჩნდა ეს სიმახინჯე? როგორია მისი ბუნება?

თანამედროვე სამყარო სავსეა საინფორმაციო გამოსხივებითა და ენერგიებით. Wi-fi, 4g, რადიო და ტვ-სიგნალები. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, მაგრამ ისინი არსებობენ და საბოლოო ჯამში, ზემოქმედებენ ჩვენს პიროვნებაზე. ყოველდღიურად ჩვენს სმარტფონებსა და გაჯეტებში სხვადასხვა შინაარსის ათეულობით შეტყობინება მოდის. ჩვენს ხელშია მათ წავიკითხავთ თუ არა.

„აზრი უბრალოდ არ მოდის და მიდის. ზოგ აზრს ადამიანის სულის დაღუპვა შეუძლია, ზოგი - აიძულებს ადამიანს საერთოდ შემოტრიალდეს ცხოვრებისუელ გზაზე და სრულიად სხვა მიმართულებით წავიდეს, ვიდრე ადრე მიდიოდა“.

ღირსი ვარსონოფი ოპტინელი

ეკლესია გვასწავლის, რომ ხილული ფიზიკური სამყაროს გარდა არსებობს სულიერი სამყაროც. ჩვენს ირგვლივ არსებობენ არსებები, რომელთაც საერთოდ არ შეუძლიათ სიყვარული და თანაგანცდა, რომლებსაც მართლმადიდებლურ ტრადიციაში უწოდებენ დაცემულ სულებს ანუ ეშმაკეულებს. ჩვენი თანამედროვეების უმრავლესობა მათ არსებობას „მღვდლების მონაგონს“ უწოდებს, მაგრამ ადამიანებზე მათი ზემოქმედების ფაქტების ურიცხვი რაოდენობა გვაიძულებს სხვაგვარად ვიფიქროთ. წმინდა მამების სწავლება აზრებზე გვასწავლის, რომ ნებისმიერი ადამიანი ყოველდღიურად ქეცევა აზრების (ფიქრების) ზეგავლენის ქვეშ, რომელიც ჩვენს მიერ აღიქმება, როგორც ჩვენი, მაგრამ ეს ასე არაა.

ღირსი ვარსონოფი ოპტინელი წერდა: „აზრი უბრალოდ არ მოდის და მიდის. ზოგ აზრს ადამიანის სულის დაღუპვა შეუძლია, ზოგი - აიძულებს ადამიანს საერთოდ შემოტრიალდეს ცხოვრებისუელ გზაზე და სრულიად სხვა მიმართულებით წავიდეს, ვიდრე ადრე მიდიოდა“.

თუ ადამიანი „მწვანე შუქს“ უნთებს ასეთ აზრებს რეგულარულად,  დროთა განმავლობაში ხდება იმის მსგავსი, რასაც აგზავნის. ასეთი ადამიანები ფსიქიკურად სრულიად ნორმალურები არიან, მაგრამ მათი სინდისი და ნება პარალიზებულია. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ განასხვავონ, სადაა ბოროტება და სად - სიკეთე.

***

მეორე მსოფლიო ომის მოვლენებმა გააშიშვლეს ადამიანის სულის ამ დრომდე უცნობი მხარეები და ასევე გამოავლინეს ადამიანის დაცემის საშინელი სიღრმე. თუმცა, ყველაზე საშინელი დასკვნა, რომლის გახმოვანებაც ვერავინ გაბედა - ამ საშინელ უფსკრულში თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. დოქტორმა კელიმ მხოლოდ ივარაუდა და შეძრწუნდა.

თუმცა, განა ამ აზრში არის რაიმე ახალი სამყაროსთვის? ჩავიხედოთ ბიბლიაში. იქ შავით თეთრზე წერია - ადამიანის სული ცოდვითაა დამძიმებული. ადამიანი, რომელსაც ავიწყდება თავისი მთავარი დანიშნულება - ღვთისადმი მსახურება, რაღაც მომენტში გარემოებების, რწმენის, ხასიათის რაღაც ჩამოყალიბებული მიდრეკილებების ძალით, შეიძლება გახდეს ურჩხული და ეს ვერც კი შენიშნოს.

ბევრი წმინდანის კვალდაკვალ შეიძლება ვთქვათ - სამოთხე და ჯოჯოხეთი ადამიანის სულშია და მხოლოდ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს ის, გაიგებს თუ არა უფლის ჩუმ სიტყვებს, მისკენ მომართულს: „სიცოცხლე და სიკვდილი შემოგთავაზე. გთხოვ, აირჩიე სიცოცხლე“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ