„პიკასო“: სემინარიის ცხოვრების დასაწყისი

28 December 2023 06:46
592
პეტრე მოგილას ქანდაკება კიევის სემინარიის მთავარი კორპუსის წინ. ფოტო: huxley.media პეტრე მოგილას ქანდაკება კიევის სემინარიის მთავარი კორპუსის წინ. ფოტო: huxley.media

ნაწყვეტები ანდრეი ვლასოვის წიგნიდან „პიკასო. ნაწილი პირველი: მონა“. ეპიზოდი 15.

მოქმედების დრო: 1992 წელი

მოქმედების ადგილი: კიევი

მოქმედი პირები: მიშა კამინსკი, გიორგი, მიშას მეგობარი, სემინარისტები, პედაგოგები.

პირველ სექტემბრამდე ცოტა ხნით ადრე კიევის სასულიერო სემინარიაში დაიწყო აღსაზრდელთა ჩამოსვლა. მალევე საერთო საცხოვრებელი, სადაც თითქმის მთელი ზაფხული ცხოვრობდნენ მიშა, გიორგი და კიდევ ხუთამდე აბიტურიენტი, გაივსო ხმაურით, გუგუნით, ლაპარაკით და ამგვარი ქაოსით. როდესაც ყველა ორსართულიანი საწოლი დაკავებული აღმოჩნდა, მათ  მშვიდ განმარტოებას ბოლო მოეღო. ეს ნამდვილი შოკი იყო! თუ ადრე წვიმიან ამინდში ოთახში ჭერიდან მჟონავი წყლის წვეთების ხმა ისმოდა, ახლა ლაპარაკის დროსაც კი  ხმის აწევა იყო საჭირო. ხომრობა ხომ არ არის - სამოცი კაცი არც თუ ისე ბევრ კვადრატულ მეტრზე. და ყველგან ჩანთები, წიგნები, ფეხსაცმელები და ნივთები, ნივთები, ნივთები... საწოლებს შორის გასვლაც კი ჭირდა, ტუალეტში ან პირსაბანთან მოხვედრა კი უფრო რთული იყო.

თითქმის ყველა სემინარისტს სახლიდან წამოღებული ჰქონდა ჩანთა საკვებით, რომელიც მათ მზრუნველმა დედ-მამამ გამოატანეს. მათი უმრავლესობა სოფლებიდან იყო, და ძირითადად ატანდნენ ქონს, ძეხვეულს და ცხოველური წარმოშობის მსგავს პროდუქტებს. მაგრამ ვინაიდან გარეთ აგვისტოს სიცხე იყო და მიძინების მარხვა, საერთო საცხოვრებელში კი მაცივარი არ იყო, ეს ყველაფერი ჩაბარებული იყო სემინარიის სატრაპეზოში საერთო მოხმარებისთვის. მაგრამ ზოგიერთმა, გაუგებარია რისი იმედით, გადაწყვიტა თავისი სურსათი მიძინებამდე შეენახა. ბუნებრივია, სურსათს სუნი აუვიდა. გარდა ამისა, ყველა დროულად არ რეცხავდა წინდებს. ასე რომ, გიორგი უკვე აღარ წუწუნებდა მათ ცხოვრებაში არასაკმარისი ასკეტიზმის გამო.

მიუხედავად ყველაფრისა, პირველკურსელები თავიანთ უფროს ძმებს როგორც ზეციურ ანგელოზებს, ისე უყურებდნენ. მართლაც! ისინი ხომ უკვე რამდენიმე წელია ამ წმინდა ადგილის - სასულიერო სემინარიის თანაზიარნი არიან. ყოველ მათგანში ისინი მოსაგრეს, მლოცველს ხედავდნენ, ყოველ შემთხვევაში, მართალს მაინც. პედაგოგები კი მათთვის საერთოდ ნახევრადღმერთები იყვნენ.

და აი - პირველი სექტემბერიც. ეს დღე ტრაპეზის ტაძარში პედაგოგებისა და მოსწავლეების სახელზე  პარაკლისით დაიწყო. მას თვით უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმერი სემინარიის მთელ სამღვდელოებასთან ერთად ატარებდა. პირველი ხმის დროს, როდესაც პასუხად სემინარიის გუნდის მრავალხმიანი „ამინ“ გაისმა, მიშამ განიცადა ზეცამდე სულიერი ამაღლება. ასეთი სიძლიერის ლოცვითი გალობა მას აქამდე არ მოუსმენია. კიევ-პეჩერის ლავრის გალობამ, ასობით (როგორც მას მოეჩვენა) მგალობლის შესრულებით, ვერავინ ვერ დატოვა გულგრილი. და რაც მთავარია, ახლა ის მთელი ამ წმინდა საძმოს ნაწილს წარმოადგენს.

პარაკლისის ბოლოს უნეტარესმა მიმართა მოსწავლეებს და დამოძღვრა ისინი. მიშამ ვერ დაიმახსოვრა ეს დამოძღვრა. ის მხურვალედ ლოცულობდა, რომ ოდესმე მისი ხმაც ისმოდეს  სემინარიის გუნდის ამ დასში.

პირველ გაკვეთილზე მათ კლასში რექტორი, მამა პავლე შემოვიდა. ის ტიპიურ პროფესორს ჰგავდა, ერისკაცს, მხოლოდ ანაფორით და ჯვრით. მოკლედ შეჭრილი შავი თმა, შეჭაღარავებული, მოკლე  სამკუთხედი წვერი.

მის გამოჩენისთანავე ყველა წამოხტა და მერხებთან გაიჭიმა. ის სწრაფად და წყვეტილად ლაპარაკობდა.

-        დასხედით, ძმანო, - მიუთითა მან ხელით და თავად მასწავლებლის ადგილი დაიკავა. - თქვენი სწავლის დასაწყისში მოკლე მითითებებს მოგცემთ. ყოველმა თქვენგანმა იცის, თუ რისთვის მოხვედით აქ. უფალი იმისთვის კი არ მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ, რომ იმსახუროს. და თქვენც, კეთილი ინებეთ და გაითავისეთ ეს აზრი. მღვდლობა სამსახური არ არის, ეს მსახურებაა. თქვენ აქ ამას იგრძნობთ. ვინც თანახმა არ არის, ძალით აქ არავის არ ვაჩერებთ. ვინც მიხვდება, რომ ეს მისი მოწოდება არ არის, სხვას დაუთმოს ადგილი. ჩვენ პირველ კურსზე სპეციალურად ვიღებთ იმაზე მეტ ხალხს, ვიდრე საჭიროა, შემდეგ გაგდება რომ შევძლოთ.

დღე და ღამე ღმერთს მადლობა უნდა შესწიროთ თქვენი აქ მოყვანისთვის. ეს კურორტი არ არის. მაგრამ მხოლოდ აქ თქვენ შეგიძლიათ იყოთ კიევ-პეჩერის წმინდანთა გვერდით. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, რომ გამოქვაბულებში მოხვდნენ, თქვენ კი ამის საშუალება ყოველ დღე გექნებათ. როდესაც სწავლას დაასრულებთ, მამები გახდებით და თქვენს სამრევლოებში გაემგზავრებით, ნოსტალგიით გაიხსენებთ სემინარიის წლებს და თქვენს ცხოვრებას ლავრაში. ვიმეორებ, მხოლოდ აქ შეძლებთ, რომ ყოველ დღე იაროთ გამოქვაბულებში, სამონასტრო მსახურებებზე, უსმინოთ ჩვენი ლავრის გუნდს. შემდეგ ეს ყველაფერი მოგენატრებათ. გაუფრთხილდით დროს.

გახსოვდეთ წესი: მორჩილება ლოცვაზე და მარხვაზე მნიშვნელოვანია. აქ ბევრი მორჩილება გექნებათ. და ისინი უსიტყვოდ უნდა შეასრულოთ. მთავარი მორჩილება კი სწავლაა. პედაგოგების მიმართ, სასულიერო თუ საერო პირებისადმი, უნდა გამოიჩინოთ პატივისცემა და მოწიწება. დისციპლინა აქ მკაცრია. დისციპლინას ვაკონტროლებ მე, ინსპექტორი, ინპექტორის თანაშემწე და მორიგე პედაგოგები. სამი შენიშვნა და  „დიდებას“ დაიმსახურებთ.

მიშამ და ბევრმა სხვამ უკვე გაიგო, რომ სემინარიის ენაზე პირველ ოფიციალურ შენიშვნას „ტროპარს“ უწოდებდნენ, ის ფორმდებოდა რექტორის წერილობითი განჩინების სახით და სემინარიის კორპუსში განცხადებების დაფაზე თავსდებოდა.

მეორე შენიშვნას „კონდაკი“ ეწოდებოდა, და მესამე - სწორედ ეს „დიდება“, რომლის გამო წესრიგის დამრღვევი სემინარიიდან ირიცხებოდა.

მამა პავლე კი აგრძელებდა საუბარს:

„თქვენ, პირველკურსელები ახლა ყველაფერს ვარდისფრად ხედავთ. თქვენთვის ყველა ანგელოზია, ლავრა კი - მიწიერი სამოთხე. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თქვენც, ძმანო, დრტვინვას დაიწყებთ. საერთო საცხოვრებელში თქვენთვის სივიწროვეა, მორჩილება ბევრია, სატრაპეზოში საჭმელი უგემურია. ისეთი სუპი არ არის. და როდის ყოფილა უფასო სუპი ისეთი?!

სემინარისტებს გაეღიმათ.

- მოკლედ, - მამა რექტორი წამოდგა. - გისურვებთ ჯანმრთელობას და მუდმივ შრომასა და ლოცვას. კიდევ მორჩილებას და მოთმინებას. ახლა თქვენთან ინსპექტორის თანაშემწე შემოვა. ის მოგითხრობთ ქცევის აუცილებელ წესებზე და დღის განრიგზე.

ყველა ადგა. რექტორი გავიდა და კარი მიიხურა.

რამდენიმე წუთში კლასში ინსპექტორის თანაშემწე შემოვიდა. ის იყო სასულიერო აკადემიის ახალგაზრდა სტუდენტი სახელად ნიკოლაი. სემინარიის პირველ კურსზე ის უკრაინის ისტორიას ასწავლიდა და ინსპექტორს დისციპლინის დამყარებაში ეხმარებოდა. თავი ეჭირა როგორც უპირატესს. ყვებოდა დღის განრიგის შესახებ: როდის არის ადგომა, დაწოლა, როდის და სად ტარდება აუცილებელი დილის და საღამოს ლოცვები.

- ლოცვებს, ძმანო, ყველა აუცილებლად უნდა ესწრებოდეს. განსაკუთრებით საღამოს. მე ან მორიგე პედაგოგი ყველას აღვნიშნავთ სიის მიხედვით. ვინც არ გამოგვეხმაურება - „ტროპარი“. თუ არაადგილობრივი თვითნებურად წავა ქალაქში - „ტროპარი“. ვინც ბიბლიოთეკაში არ იქნება თვითმომზადებისთვის - „ტროპარი“.

ის კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა სხვადასხვა დარღვევებზე, რომელთა გამო იღებდნენ „ტროპარს“. ბევრი მათგანის შესახებ პირბელკურსელებს ჯერ არც სმენიათ. სინამდვილეში, ის ცოტა აჭარბებდა, შიშს გვრიდა გამოუცდელ ახალბედებს.

- ახლა თქვენ ყველანი წყნარად გამოიყურებით. როგორც ჩვენთან ამბობენ, „მონუკები“. ღვთის მონები... დიახ... ყველაფრის გეშინიათ, ყველაფერს ასრულებთ, ყველას ემორჩილებით, დისციპლინას არ არღვევთ. შემდეგ კი მოშინაურდებით და იწყება დაყოფა: ვიღაც რჩება „მონუკად“, ვიღაც კი „განგსტერი“ ხდება: გადის თვითნებურად, თავს არიდებს მორჩილებებს, მოიხმარს აკრძალულ სასმელს, - მან მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა. - ასე რომ, „განგსტერები“ პირად აღრიცხვაზე მეყოლება, - და მან რექტორის სიტყვები გაიმეორა, თან ცდილობდა მისი ინტონაციისთვის მიებაძა. - სამი შენიშვნა - და „დიდება“.

მეორე გაკვეთილი იყო კატეხიზმო. ასწავლიდა დაბალი და მსუქანი მამა ბენიამინე, წვრილი და ტკბილი ხმით. ის შემოვიდა კლასში, მიმართა კუთხეში დაკიდებულ ხატებს და რაღაც ნოტების წამღერებით, მისცა ტონი. კლასმა გუნდურად დაიწყო: „მეუფეო ზეცათაო...“ მღეროდნენ არეულად, არასწორად, როგორც ჩვევია პირველ კურსს სასწავლო წლის დასაწყისში.

ლოცვის დასრულებისთანავე, მამა ბენიამინმა წაიმღერა:

- დასხედით, ძმანო.

მან მოკლედ წარიდგინა თავი და დაიწყო მასალის გადმოცემა, უფრო სწორად კი კარნახი.

- გადავშალოთ რვეულები, ჩავიწეროთ... რა არის მართლმადიდებლური კატეხიზმო? მართლმადიდებლური კატეხიზმო არის მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენის მოძღვრება, რომელიც  ყოველი ქრისტიანისთვის ღვთის სათნოებისთვის და სულის გადარჩენისთვის ისწავლება. ... ჩაიწერეთ? ვაგრძელებთ. რა არის საჭირო ღვთის სათნოებისთვის და სულის გადარჩენისთვის? ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება და მისი ჭეშმარიტი რწმენა; მეორე, ცხოვრება რწმენაში და კეთილი საქმეები... რა არის რწმენა? წმინდა მოციქულ პავლეს განმარტებით, „ხოლო არს სარწმუნოებაი მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა“, ე.ი. რწმუნება არახილულისა - როგორც ხილულისა, სასურველისა და მოსალოდნელისა - როგორც აწმყოსი.

მოკლედ, ეს და კატეხიზმოს ყველა შემდგომი გაკვეთილი ტარდებოდა წმინდა ფილარეტ (დროზდოვის) „მართლადიდებლური კათოლიკე აღმოსავლური ეკლესიის ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმოს“ კარნახით და წერით. ძალზე იშვიათად მამა ბენიამინე რამეს ხსნიდა ან ყვებოდა. გაკვეთილის ბოლოს, მომაბეზრებელი წერის შემდეგ, ყველა კვდებოდა დაღლილობისგან. 

მაგრამ მერე უარესი ხდებოდა. მართლაც,  შუადღის ტრაპეზის შესვენების შემდეგ.

მესამე გაკვეთილი იყო რუსეთის ეკლესიის ისტორია. მას კითხულობდა საკმაოდ ახალგაზრდა არქიმანდრიტი, მამა ნესტორი.

- გახსოვდეთ, ძმანო, ისტორია არის თარიღები, სახელები და მოვლენები. გასაგებია? გადავშალოთ კონსპექტები, ჩავიწეროთ. ამრიგად, თარიღი პირველი...

და კიდევ ერთი უფრო მოსაწყენი გაუთავებელი წერის გაკვეთილი. ამჯერად პროფესორ ზნამენსკის „რუსეთის ეკლესიის ისტორიის“ გადაწერა.

- სქოლასტიკა, - უიმედოდ დაასკვნა შესვენებაზე ერთ-ერთმა პირველკურსელმა. - გამაგრდით, ძმანო. წინ კიდევ ერთი გაკვეთილი გვაქვს.

ბოლო გაკვეთილი იყო ძველი აღქმის საღმრთო ისტორია. ყველა ელოდებოდა უკვე ნაცნობს: „ისტორია არის თარიღები, სახელები და მოვლენები... ჩავიწეროთ“.

მართლაც, კვლავ შემოვიდა პედაგოგი, კვლავ „მეუფეო ზეცათაო...“, „დასხედით, ძმანო“ და მოკლე წარდგინება.

- მე მქვია მამა ლავროსი. ღვთის შეწევნით, წაგიკითხავთ ძველი აღქმის საღმრთო ისტორიას.

მამა ლავროსი იყო საშუალო ასაკის, საშუალო სიმაღლის, საშუალო სიმსუქნის, საშუალო სიგრძის თმით და წვერით. და საერთოდ, მას ყველაფერი საშუალო და შეუმჩნეველი ჰქონდა: გარეგნობა, სიარული, ხმა. ის იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვისაც შეხედავ და უცებ გავიწყდება როგორ გამოიყურება. მხოლოდ ერთ ლოყაზე  რამდენიმე ღრმა ნაყვავილარი ჰქონდა.

პირველკურსელებმა ამოიოხრეს და რვეულები ჩასაწერად გადაშალეს. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

- დღეს, ძმანო, ჩვენ ქრისტეზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე ღმერთკაცია. როგორც ღმერთი, ის ყოვლისშემძლეა, რომელი ყოველგან არს, ყოველსავე უწყის... ამ ყველაფრის შესახებ თქვენ მოგიყვებათ მამა ბენიამინე კატეხიზმოში და შემდეგ მამა სერგი დოგმატურ ღვთისმეტყველებაში. დღეს კი ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ქრისტე არის ძე კაცისა და როგორც ადამიანი ის განსაკუთრებით ახლოს არის თითოეულ ჩვენგანთან.

ყველამ გადადო საწერი, ისინი  ყურადღებით უსმენდნენ.

- რა შეგვიძლია ვთქვათ მასზე, ადამიანის ძეზე, ჩვენს ღმერთზე, ქრისტეზე?

ეტყობა, ეს კითხვა იყო, მაგრამ პასუხს არავის არ სცემდა. ყველა  მასწავლებელს უსმენდა.

- აი, ვინმე გვკითხავს... მაგალითად, ურწმუნო ადამიანი: როგორია თქვენი ღმერთი? მოგვიყევით მის შესახებ. როგორია ის? აბა, რას ვეტყვით მას?

მამა ლავროსი გაჩუმდა და კლასს გადახედა. სიჩუმე... ბოლოს ერთ-ერთმა ხელი ასწია და ბოლო მერხიდან გაისმა მორიდებული ხმა:

– ის კეთილია.

ვიღაცას თითქოს გაეცინა ამ უბრალოებაზე. ჩვენ ხომ სერიუზული ღვთისმეტყველები შევიკრიბეთ აქ. მაგრამ მამა ლავროსმა ჟესტით შეაჩერა სიცილი.

- მართალი ხარ, ძმაო... გავიხსენოთ იესო ქრისტეს სიცოცხლის ბოლო დღეები, მისი ტირილი იერუსალიმის გამო, - მან დახუჭა თვალები და აუჩქარებლად დაიწყო სახარებიდან ზეპირი კითხვა. – „იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.“ წარმოიდგინეთ, ძმანო, რა კარგად არიან ბარტყები დედის ფრთებქვეშ.

მან კვლავ კლასს გადახედა.

- კიდევ ვინ გაიხსენებს, რა სიკეთე გაუკეთებია ქრისტეს ამქვეყნად კონკრეტული ადამიანებისთვის? რა ვიცით სახარებიდან?

ყველა ერთმანეთს ასწრებდა და იხსენებდა. გაიხსენეს, როგორ შეიწყალა უფალმა ღარიბი ახალდაქორწინებულები და წყალი ღვინოდ აქცია, როგორ განკურნა მრავალი ადამიანი, როგორ იწყალებდა ცოდვილებს და არც საყვედურობდა მათ, არამედ ფრთხილად სინანულისკენ მიჰყავდა. მამა ლავროსი თითქმის არაფერს ამბობდა. მხოლოდ მსურველებს იძახებდა და სიტყვას აძლევდა მათ. ძალიან საინტერესო და სახალისოც კი იყო.

- ახლა კი, ძმანო, გავიხსენოთ, რა სიკეთე გაუკეთა ქრისტემ თითოეულ ჩვენგანს?

კითხვამ ყველა გააკვირვა. გარკვეული დროით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ყველა მიხვდა, რომ ქრისტე მართლაც ზრუნავს ყველაზე და ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც შეიძლება ზუსტად ითქვას: აი, ეს ღმერთია, ეს მისი ქმედებაა, მისი ზრუნვაა ჩვენზე.

ყველას გაახსენდა საკუთარი ცხოვრება და ღვთის ქმედება მასში. გაახსენდათ და არ შეეძლოთ არ ეთქვათ ხმამაღლა, თითქოს ყველას მიმართავდნენ: „გიხაროდენ, მეც არ დამტოვა უფალმა! ასე და ასე იყო“. ვიღაც მოყვასის ჯანმრთელობისთვის ლოცულობდა და ქრისტემ განკურნა ის, ვიღაც მანქანით დამგზავრებას ითხოვდა, რომ სადღაც მისულიყო და ღმერთმა მოუვლინა, ვიღაც დაუძლურდა დარდისგან და ღმერთმა გააძლიერა. ვიღაც კი ოდესღაც იდგა ეკლესიაში და შეიგრძნობდა, ქრისტე როგორ უყურებდა მას. ყველას რაღაც ჰქონდა.

- ახლა კი, ძმანო, წარმოიდგინეთ, - თქვა მამა ლავროსმა, - როგორც ქრისტე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მოქმედებს, ასევე მოქმედებს ის მთელი კაცობრიობის ცხოვრებაში, სამყაროს შექმნიდან საშინელ სამსჯავრომდე. ამიტომ, რაც არ უნდა ვთქვათ ძველი ან ახალი აღთქმის შესახებ, ჩვენ მაინც ქრისტეზე ვილაპარაკებთ. მისი სიყვარულის, მისი სიკეთის და მისი განგების შესახებ.

ვიღაცამ ხელი ასწია:

- მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ახალ აღთქმაშია. ძველში ბევრი არაფერია.

- ცდები, ძმაო. თვით უფალმა უთხრა ფარისევლებს: „წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის.“ და კვლავ, მინდა, რომ დაიმახსოვროთ: ქრისტე და მისი მაცხოვნებელი მისია მთელი წმინდა წერილის მთავარი თემაა. რა წიგნებიც არ უნდა წავიკითხოთ, მოსეს ხუთწიგნეული, წინასწარმეტყველური თუ ისტორიული, მთავარი მათში ქრისტეა. ახალ აღთქმაზე აღარ ვლაპარაკობ. გარდა ამისა, თუ კაცობრიობის მთელ ისტორიას ყურადღებით შევისწავლით, ჩვენ ღვთის ქმედებას დავინახავთ მასში. ზოგიერთი წმინდა მამა წერდა ამის შესახებ. დიახ... ქრისტე ღმერთი არ ტოვებს ადამიანს, ის ყოველთვის მასთან არის. მას შემდეგ, რაც მან მიწის მტვერისგან შექმნა ის და საბოლოო საშინელ სამსჯავრომდე, როდესაც ძე კაცისა მოვა, რომ ადამიანის ყველა საქმე, სიტყვა და განზრახვა განსაჯოს. და ერთ ნაწილს მარჯვნივ გაამწესებს, მეორეს კი - მარცხნივ. მწყემსივით, რომელიც ცხვრებს თხებისგან განასხვავებს. დიახ...

ის ცოტახნით გაჩუმდა და წვერზე ხელი ჩამოისვა. 

- ახლა კი ვისაუბროთ ზოგიერთ მარტივ წესზე, რომლებიც უნდა დავიცვათ წმინდა წერილის კითხვისას. ეს წესები ასეთია...

მაგრამ უცებ კარი გაიღო და კლასში სწრაფად შემოვიდა ინსპექტორი, მამა ვიქტორი. სემინარისტები სწრაფად წამოხტნენ მერხებიდან.

ინსპექტორმა თავი დაუკრა მამა ლავროსს და ამით აგრძნობინა, რომ გაკვეთილი დამთავრებულია, თუმცა ზარი ჯერ არ ყოფილა. შემდეგ ის  შუა რიგთან დადგა და ხელები განზე გაშალა.

- ახლა, ძმანო, ისინი, ვინც მარჯვენა მხარეს არის...

ყველამ ამოისუნთქა...

- ... მიდის ტერიტორიის დასალაგებლად. და ვინც მარცხენა მხარესაა - მანქანიდან ბოსტნეული უნდა ჩამოტვირთოს.

გაგრძელება იქნება...

პიკასოს სერიის პირველი ორი წიგნი შეგიძლიათ შეუკვეთოთ მისამართზე [email protected]

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ