უფალს მიებარა მიტროპოლიტი ბართლომე (ვაშჩუკი)
69 წლის ასაკში გარდაიცვალა როვენისა და ოსტროგის მიტროპოლიტი ბართლომე (ვაშჩუკი).
2021 წლის 15 სექტემბერს, 68 წლის ასაკში უფალს მიებარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, როვენისა და ოსტროგის მიტროპოლიტი ბართლომე (ვაშჩუკი), იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
მეუფე ბართლომე მეთაურობდა უმე-ს როვენის ეპარქიას საუკუნის მეოთხედზე მეტი ხნის მანძილზე. თუმცა ბოლო წლები ის მძიმედ ავადმყოფობდა, მაგრამ არ მიუტოვებია თავისი საეკლესიო მსახურება. ეპისკოპოსი გარდაიცვალა მშვიდად, ეზიარა ქრისტეს ხორცსა და სისხლს.
მიტროპოლიტი ბართლომე (დაბადებით- ვიქტორ ვლადიმირის ძე ვაშჩუკი) დაიბადა 1953 წლის 1 მარტს სოფელ გოროდნოეში ვოლინის ოლქის ლიუბომლსკის რაიონში, გლეხის ოჯახში. მშობლები ღრმა მორწმუნეები იყვნენ და ბიჭმა მიიღო ქრისტიანული აღზრდა.
ჯარში მსახურების შემდეგ, 1975 წელს მომავალი ეპისკოპოსი ჩაერიცხა ოდესის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1979 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1983 წელს მან დაიცვა დისერტაცია და მიიღო საღვთისმეტყველო კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამავე წელს 16 ოქტომბერს, ის აიყვანეს დიაკვანის ხარისხში, ხოლო 18 ოქტომბერს მღვდლად აკურთხეს. სამრევლო მსახურების პირველი გამოცდილება მომავალმა ეპისკოპოსმა მიიღო ფერისცვალების ტაძრის სამრევლოში დაბა ვიჟევკაში, ვოლინის ოლქში, სადაც ის დაინიშნა წინამძღვრად.
სამღვდელო მსახურებასთან ერთად ის ასევე საეპარქიო მდივნისა და ლუცკში სამების საკათედრო ტაძრის წინამძღოლობის მორჩილებას ასრულებდა.
1989 წლის 22 დეკემბერს მღვდელი ვიქტორ ვაშჩუკი მონაზვნად აღიკვეცა, სახელი ბართლომე დაერქვა წმინდა მოციქულ ბართლომეს საპატივცემულოდ. 1990 წლის 18 იანვარს ის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს.
საეპისკოპოსო მსახურებისთვის უფალმა არქიმანდრიტ ბართლომეს მოუწოდა 1990 წლის 24 თებერვალს. ის აკურთხეს ვოლინისა და როვენის ეპისკოპოსად. ამ დროს იწყება მართლმადიდებლობის აღორძინების პერიოდი ათეისტური აკრძალვების ათწლეულების შემდეგ, მეუფე ბართლომეს ძალისხმევით ვოლინში გაიხსნა ათობით ახალი ტაძარი. მისი შუამდგომლობის წყალობით 1990 წლის ოქტომბერში ლუცკში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომელმაც ერთი წლის შემდეგ მიიღო სემინარიის სტატუსი. მეუფე ბართლომე გახდა მაშინ ვოლინის აღორძინებული სემინარიის პირველი რექტორი.
მეუფე ბართლომეს მსახურება ვოლინის კათედრაზე დაემთხვა ეკლესიური განხეთქილების რთულ პერიოდს და რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტური დაჯგუფებების მხრიდან აგრესიას ეკლესიის წინააღმდეგ. 1992 წლის აგვისტოში ლუცკში განვითარდა ტრაგიკული მოვლენები, რომელიც ლუცკის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის, ვოლინის საეპისკოპოსო მმართველობის და ვოლინის უმე-ს სასულიერო სემინარიის კომპლექსის მიტაცებასთან იყო დაკავშირებული.
მალე ეპისკოპოსი ბართლომე გადაყვანილ იქნა ნიკოლაევსკის კათედრაზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ სუმის ხელმძღვანელად.
1995 წლის 27 ივლისს ის ისევ ხელმძღვანელობს როვენის ეპარქიას და იყო მისი მეთაური სიკვდილამდე.
მეუფე ბართლომემ გამოსცა რამდენიმე კრებული, რომელიც მიუძღვნა მართლმადიდებლობას როვენში. განსაკუთრებულ ყურადღებას ის იჩენდა მონაზვნობის აღორძინებისადმი თავის ეპარქიაში. მისი მმართველობის დროს გაისხნა და აღორძინდა 16 მონასტერი და სამონასტრო სკიტი.
"ბოლო წლები მეუფე ბართლომე გმირულად იტანდა მძიმე გამოცდას, დაკავშირებულს ავადმყოფობასთან,- აღნიშნულია ნეკროლოგში უმე-ს საიტზე. -მაგრამ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ის გულმოდგინებით მიიღწვოდა ჩაეტარებინა თავისი მწყემსმთავრული მსახურება, ლოცვითა და ქადაგებით დაეცვა მასზე მინდობილი სამწყსო ეკლესიური განხეთქილებებისა და სხვა ცოდვითი ცდუნებებისგან. მისი მარადისობაში წასვლა მოხდა მშვიდად და ეკლესიური საიდუმლოების ჩატარებისა და ქრისტეს წმინდა ზიარების მიღების შემდეგ".
როგორც მჟკ იუწყებოდა, როვენისა და ოსტროგის მიტროპოლიტმა ბართლომემ მორწმუნეებს მოუწოდა დაეყრდნონ მართლმადიდებლობას.