უმე-ს იერარქი მონაწილეობდა პოლონეთში სუპრასლსკის სავანის ტაძრის კურთხევაში
აღდგენილი ხარების ტაძრის კურთხევა სუპრასლში, რომლის რეკონსტრუქცია თითქმის 40 წელი გრძელდებოდა, ჩაატარა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა.
2021 წლის 27 ივნისს, ყოველთა წმინდანთა კვირას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ვლადიმერ-ვოლინსკისა და კოველსკის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (მელნიკი) მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სუპრასლსკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების მონასტრის მთავარი ტაძრის კურთხევაში. ამის შესახებ მონასტრის საიტი იუწყება.
კურთხევის წესი ჩაატარა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვან იერარქთან და სამღვდელოებასთან ერთად.
საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ უკრაინისა და საქართველოს ეკლესიების იერარქები - ვლადიმერ-ვოლინსკისა და კოველსკის მიტროპოლიტი ვლადიმერი და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.
ღვთისმსახურების დაწყების წინ პოლონეთის ეკლესიის წინამძღოლმა, რომელმაც ბელოსტოკსკო-გდანსკის ეპარქიაში თავისი მოღვაწეობის პირველი დღეებიდანვე ყურადღება მიაქცია ხარების ტაძრის აღდგენის აუცილებლობას, ხაზი გაუსვა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, რომელსაც ყველა ძალიან დიდხანს ელოდა.
ცერემონიას უამრავი მომლოცველი ესწრებოდა, აგრეთვე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღვთისმსაახურების შემდეგ წაიკითხეს პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მისალმების წერილი, სადაც აღინიშნა მოვლენის მნიშვნელობა და სიმბოლიზმი როგორც პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი აღორძინებისა და ზრდის დასტური.
სუპრასლის მონასტრის ხარების ტაძარი, რომელიც XVI საუკუნის დასაწყისში იყო დაარსებული, 1944 წელს გერმანიის ჯარების მიერ იყო აფეთქებული მათი უკან დახევის დროს. ომის დამთავრების შემდეგ მართლმადიდებელი ბერები გაძევებულები იყვნენ სავანიდან. სუპრასლსკის მონასტრის აღდგენა დაიწყო ბელოსტოკსკო-გდანსკის ეპარქიის არქიეპისკოპოსის საბას მოღვაწეობის წლებში, რომელიც ამჟამად ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტია. 1984 წელს მიიღეს გადაწყვეტილება აფეთქებული ხარების ტაძრის აღდგენის შესახებ, იგივე წელს, 4 ივნისს, არქიეპისკოპოსმა საბამ პირველი ქვა ჩადო მის საძირკველში. ტაძრის რეკონსტრუქცია დასრულდა მხოლოდ 2021 წელს.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მიულოცა ანგელოზის დღე უნეტარეს ონოფრეს.