ბულგარულმა მასმედიამ გამოაქვეყნა პატრიარქ ნეოფიტეს წერილი პეტრე პოროშენკოსადმი უმე-ს შესახებ
პატრიარქმა ნეოფიტემ განაცხადა, რომ ანტისაეკლესიო კანონები „იწვევენ გაკვირვებას და აღშფოთებას, რადგან ისინი ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპს ეწინააღმდეგებიან“.
ბულგარულმა მასმედიამ გამოაქვეყნა გარდაცვლილ პატრიარქ ნეოფიტეს წერილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და უმაღლესი რადის სპიკერ ანდრეი პორუბის მისამართით, სადაც პატრიარქი ყვება, თუ რა დამოკიდებულება აქვს ბულგარეთის ეკლესიას უმე-ს მიმართ.
2017 წლის 12 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა პატრიარქმა ნეოფიტემ ოფიციალური წერილი გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაზრდილ განხეთქილებასთან დაკავშირებით.
მოგვყავს წერილის სრული ტექსტი:
„მის აღმატებულებას ბ-ნ პეტრე პოროშენკოს, უკრაინის პრეზიდენტს (ასლი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს ანდრეი პორუბს):
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო და სამღვდელოება, მონასტრები და ყველა მორწმუნე ადამიანი მგზნებარე და გულწრფელი სიყვარულის განწყობით არიან თავიანთი მართლმადიდებელი ძმების მიმართ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
ყოველი მართლმადიდებელი ბულგარელის გულში ცოცხალია მოციქულთასწორი ძმების კირილე და მეთოდეს გმირობის ხსოვნა; ყოველი ჩვენთაგანისთვის ძვირფასია ხსოვნა იმისა, რომ სწორედ ბულგარელმა მისიონერებმა, თესალონიკელი ძმების მოწაფეებმა, ათასზე მეტი წლის წინ საფუძველი ჩაუყარეს წმინდა რუსეთის საწყისს, როდესაც მათ დნეპრის სანაპიროებზე მართლმადიდებელი რწმენა მოიტანეს.
ერთიანი გულით და ერთიანი ბაგეებით ჩვენ ვართ საერთო /ერთი/ რწმენის აღმსარებლები მის უნეტარესობასთან, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრესთან და უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებთან ერთად.
კიევ-პეჩერის ლავრა, პოჩაევოს მიძინების ლავრა და უკრაინის სხვა უდიდესი მართლმადიდებლური სიწმინდეები უაღრესად ძვირფასია ჩვენთვის.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შეშფოთებით და ტკივილით ვაკვირდებით უკრაინაში გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომს.
განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ რთულ პირობებში განხეთქილების “კიევის საპატრიარქო” - თვითმარქვია არაკანონიკური სტრუქტურა, რომელსაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს მსოფლიო კანონიკურ მართლმადიდებლობასთან, - ექსტრემისტებთან ერთად ხელყოფს მთელი უკრაინელი ხალხის წმინდა მონაპოვარს.
2015 წელს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკვე მიმართა თქვენს აღმატებულებას თხოვნით, რომ არ დაუშვათ განხეთქილების მომხრეებისთვის წმინდა საღმრთო სავანეთა გადაცემა.
დღეს წუხილით აღვნიშნავთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თავზე ახალი ღრუბლები გროვდება. უკრაინის უმაღლეს რადაში შეტანილია განსახილველად ორი, თავისი არსით ანტიეკლესიური კანონპროექტი, რომლებიც ითვალისწინებენ ცვლილებებს უკრაინის მოქმედ კანონმდებლობაში.
ჩვენი აზრით, შეთავაზებულ შესწორებებს აქვთ შეუნიღბავი დისკრიმინაციული ხასიათი - ისინი აშკარად არღვევენ უკრაინის რელიგიური ორგანიზაციების კანონის წინაშე თანასწორობას და მრევლის ბედს უცხო ხალხის ხელში გადასცემენ, ქმნიან სამართლებრივ საფუძველს სეპარატისტთა და ექსტრემისტთა მიერ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცებისთვის.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ძალზე საშიშია ჩვენს ქვეყანაში რელიგიათშორისი შეთანხმებისთვის რომელიც ძალზე არამყარია.
უკრაინის კანონმდებლობაში შემოთავაზებულ ცვლილებებს თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ანალოგი არ გააჩნიათ. ჩვენი ეკლესიის მორწმუნეებს, რომელთა შორის არა მარტო ბულგარეთის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეც არის, ზემოთხსენებული კანონპროექტები გაკვირვებას და აღშფოთებას იწვევენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპს და მორწმუნეთა უფლებების უხეში დარღვევის პირობებს ქმნიან.
გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი კანონიკური ეკლესიაა უკრაინაში - ის მრავალმილიონიანი უკრაინელი მართლმადიდებელი ხალხის მომთმენი, მოსიყვარულე და მრავალტანჯული დედაა.
მისი ინტერესების ნებისმიერი ხელყოფა შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი და დამანგრეველი მთელი უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინული სახელმწიფოებრიობისთვის.
ბულგარეთის ეკლესიამ განხეთქილების საშინელება გამოიარა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით მძაფრად აღვიქვამთ ჩვენთვის და მთელი მართლმადიდებლობისთვის ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს, ვალდებულები ვართ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ჩვენს კანონიკურ ძმებს - უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას.
მოგმართავთ თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, თხოვნით, რომ გამოიჩინოთ პოლიტიკური სიბრძნე და გამოიყენოთ თქვენი ძალაუფლება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ უკრაინის უმაღლეს რადაში დისკრიმინაციული კანონპროექტების მოხსნას, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები თვლიან, რომ იერარქებმა, რომლებიც ფანარიონში მეუ-სთან თანამსახურებდნენ, ეკლესიის კანონები დაარღვიეს.