ეკლესია აღასრულებს წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას
მენელსაცხებლე დედები მოციქულებთან ერთად დაჰყვებოდნენ ქრისტეს სახარების ქადაგების დროს.
2024 წლის 19 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მენელსაცხებლე დედათა ხსოვნას, რომლებიც დაჰყვებოდნენ ქრისტეს და პირველებმა გაიგეს მისი აღდგომის შესახებ.
ეკლესია სახარებაში მოხსენიებულ რამდენიმე ღვთისმოსავ ქალს შორის მენელსაცხებლე დედებს მოიხსენიებს: მარიამ მაგდალინელი, მარიამ კლეოპასი, იაკობ და იოანე მოციქულების დედა - სალომე, სუსანა, მართა და მარიამი.
ეს ქალები, მოციქულებთან ერთად, ერთგულად დაჰყვებოდნენ ქრისტეს, როცა ის სახარებას ქადაგებდა. ისინი ასევე ემსახურებოდნენ ადრეულ ქრისტიანულ საზოგადოებას.
მენელსაცხებლე დედები იესო ქრისტეს განცხადებულად ტიროდნენ და იგლოვდნენ, უშიშრად იდგნენ ჯვარცმულის წინ, ხოლო განთიადისას საფლავისკენ მიიჩქაროდნენ, რათა ებრაელთა წესისამებრ, საყვარელი მოძღვრის ცხედრისათვის ნელსაცხებელი ეცხოთ.
ჯვარცმიდან მესამე დღეს, კვირა დილით, მენელსაცხებლე დედები მივიდნენ ქრისტეს საფლავთან, რათა გაეწმინდათ მისი სხეული სურნელოვანი ზეთით - მირონით. ახლო აღმოსავლეთში მიცვალებულის ცხედრის მირონით განბანვის ტრადიცია იყო.
როდესაც ქალები მივიდნენ საფლავთან, აღმოაჩინეს, რომ ქვა, რომელიც მღვიმის შესასვლელს ფარავდა, გადაწეული იყო, სამარხი ცარიელი იყო და შიგნით ანგელოზი იჯდა.
ღვთის მოციქულმა შეატყობინა ქალებს, რომ მაცხოვარი აღდგა, რის შემდეგაც ისინი სასწრაფოდ გაემართნენ ქალაქში, რათა მოციქულებს ახარონ.
იოანე და პეტრე მოციქულებთან ერთად გამოქვაბულში დაბრუნდა ერთ-ერთი წმინდა ქალი მარიამ მაგდალინელი. ვერც ქრისტე და ვერც ანგელოზი რომ იპოვეს, მოციქულები მალევე წავიდნენ, მაგრამ მარიამი საფლავთან დარჩა.
უეცრად მას მაცხოვარი გამოეცხადა, მაგრამ მან ვერ იცნო იგი. მხოლოდ მაშინ, როცა მაცხოვარმა მას სახელი უწოდა, მარიამ მაგდალინელმა შეიცნო მაცხოვარი. ქრისტეს აღდგომის წინასწარმეტყველება ახდა. რომის იმპერატორ ტიბერიუსამდე მიაღწია ამ ამბავმა.