პატრიარქმა კირილმა მსახურება აუკრძალა მღვდელს, რომელმაც ნავალნის წესი აუგო
მღვდელ დიმიტრი საფრონოვს, რომელმაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წესი აუგო, პატრიარქმა კირილემ მღვდელმსახურება აუკრძალა.
მოსკოვის ეპარქიის საიტზე გამოქვეყნებული იყო ბრძანება პატრიარქ კირილეს ხელმოწერით, სადაც ნათქვამია, რომ „მღვდელი დიმიტრი საფრონოვი, ქ. მოსკოვის ლიშჩიკოვის მთაზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის კლირიკოსი განთავისუფლებული იყოს მღვდელმსახურებისგან სამი წლის ვადით, კურთხევის გაცემის, ანაფორისა და სამღვდლო ჯვრის ტარების უფლების გარეშე“.
მღვდელი გაამწესეს „სამი წლით ქ. მოსკოვში ნოვი ვოროტნიკში მდებარე ღირსი პიმენ დიდის ტაძარში მედავითნედ და იმ მორჩილებების შესასრულებლად, რომლებსაც მას წინამძღვარი დაუწესებს“.
„ეპიტიმიის ვადის ამოწურვისას, მორჩილების ადგილიდან დახასიათების მიხედვით, მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი შემდგომი მღვდელმსახურების შესაძლებლობის შესახებ“, - ნათქვამია პატრიარქ კირილეს ბრძანებაში.
ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დოკუმენტში არაფერი არ არის ნათქვამი.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მოსკოვში ნავალნის წესის აგების დროს ხალხი სკანდირებდა „არა ომს“.