უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრეს სააღდგომო ეპისტოლე

29 April 2021 00:30
51
უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრემ სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართა მღვდელმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებსა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნე შვილს.

კიევისა და სრულიად რუსეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ ყველას მიულოცა მთავარი ქრისტიანული დღესასწაული - იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის სააღდგომო ეპისტოლე უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ გამოაქვეყნა.

ქვემოთ მოგვყავს უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის სააღდგომო ეპისტოლეს სრული ტექსტი.

„ქრისტე აღსდგა!

მთელი გულით გილოცავთ ყველას: ღვთისმოყვარულო მღვდელმთავრებო და მოძღვრებო, ღვთისმოსაო ბერებო და მონაზვნებო, ძვირფასო ძმებო და დებო - ჩვენს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.

ქრისტეს აღდგომა მუდმივი აღდგომაა, ესაა დღესასწაულთა შორის უდიდესი და ზეიმთა შორის უდიადესი. ქრისტეს აღდგომა ნამდვილად წარმოადგენს ყველაზე დიდი ქრისტიანულ დღესასწაულს. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული  „იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. ქმნილებები. სპბ., 1912. ტ.1. გვ.662).

ქრისტეს აღდგომა არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების ტრიუმფი, ესაა სიცოცხლის დღესასწაული, ხოლო რამდენადაც სიცოცხლე წარმოადგენს ყველაზე ფასეულ მადლს, რითაც ადამიანია დაჯიდლოებული, ქრისტეს აღდგომაც არის ყველაზე დიდი დღესასწაული, რამეთუ დიდებულ აღდგომაში ღვთის ძემ, ჩვენმა მხსხნელმა, კვლავ მოგვანიჭა ჩვენს მიერ დაკარგული საუკუნო ცხოვრება.

რაოდენ სასწაული და მშვენიერია უფლის სიყვარული ადამიანის მიმართ! ადამიანმა შესცოდა და ვერ შეძლო სამოთხეში ცხოვრება, მაშინ უფლის სიყვარული ზეციდან მიწაზე დაეშვა, დაცემულ ადამიანთან, მიიღო ადამიანის სახე და აღასრულა ის, რაც ჩვენ, ცოდვილებს უნდა აღგვესრულებინა. უფლის სიყვარული ახდენს ჩვენს განწმენდას და გვაახლოებს უფალთან. ის ჩვენს გამო მსხვერპლად სწირავს თავს. უფლის სიყვარული ჯვარზე სპობს ჩვენს ცოდვებს, ადამიანთან ერთად ჯოჯოხეთს სტუმრობს და უფლის დიდების ბრწყინვალებით ანადგურებს მას. უფლის სიყვარული აღადგენს ადამიანის ბუნებას და უბრუნებს მას დაკარგულ სამოთხეს. ღირსი თეოდორე სტუდიტი ამბობს, რომ ქრისტეს აღდგომამ სიხარული მოუტანა მთელს სამყაროს, რადგანაც თავისი აღდგომით „ქრისტემ გახსნა სამოთხე და ის ყველასთვის მისაწავდომი გახადა. ჰოი, სიღრმევ გაუცნობიერებელო! ჰოი, სიმაღლევ განუჭვრეტელო! ჰოი, საიდუმლოვ... აღემატები გონების ძალას!“ (თეოდორე სტუდიტი, ქად. საჯარო სიტყვა აღდგომის წმინდა და დიდ კვირას// ქმნილებები. მ., 2011. ტ.2. გვ.379). ეშმაკის სიბოროტე ვერ ჩასწვდა დაცემული ადამიანისადმი უფლის სიყვარულს; მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტე აღსდგა, მიხვდა ეშმაკი, რომ ის დამარცხდა, მაგრამ გვიანი იყო, ყველაფერი აღსრულდა: ჯოჯოხეთი დაინგრა, სიკვდილს წაერთვა ძალა, ადამიანს დაუბრუნდა სამოთხე, ხოლო ის, მზაკვარი მაცდუნებელი, წყვდიადის ჯურღმულებს გადაეცა (2 პეტ. 2,4).

ამ უდიდეს გამარჯვებას სიცოცხლის გამარჯვება ჰქვია და რაც ამ გამარჯვებაში არის საოცარი, ესაა ის, რომ ეს გამარჯვება ღმერთმა ადამიანს უბოძა. განმანათლებელი ნიკოლოზ სერბელი ამბობს, რომ „არცერთ მიწიერ გამარჯვებულს, მეფეს თუ ვოევოდას არ სურს, რომ მისი გამარჯვება მისგან გამოყონ და სხვას მიაწერონ; მხოლოდ მკვდრეთით აღმსდგარი უფალი ორივე ხელებით გვიწოდებს თავის გამარჯვებას თითოეულ ჩვენთაგანს და არ ბრაზობს, არამედ უხარია, როცა მისი გამარჯვება ჩვენ გამარჯვებულებს გვხდის“ (ნიკოლოზ სერბელი, წმ. საუბრები წმინდა სახარებაზე. მ., 2018. წიგ. 1. გვ.186).

რაოდენ ნეტარნი იყვნენ მენელსაცხებლე წმინდა დედები, რომლებმაც პირველებმა მიიღეს ცნობა ქრისტეს აღდგომაზე. მათი ღვთიური მოძღვრის ჯვარცმის ტრაგიკული მოვლენების, მისი სიკვდილისა და დასაფლავების შემდეგ, მენელსაცხებლე დედები დილით ადრე მივიდნენ უფლის სამარხთან.

ისინი დაბნეულები იყვნენ და მათი გული ღრმა დარდს მოეცვა. მოულოდნელად მათ მიწისძვრა იგრძნეს და დაინახეს ანგელოზი, რომელმაც ქვა გადააგორა უფლის სამარხის კარიდან და მასზე ჩამოჯდა. წმინდა დედების შიშის დანახვისას, ანგელოზმა დაამშვიდა ისინი და უთხა: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა!...დაყოვნებლივ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას“ (მათ. 28, 5-7).

წმინდა მენელსაცხებლე დედები მიხვდნენ, რომ მათ ღვთიური მოძღვარი არის მესია, უფალი, რომელიც დედამიწაზე ადამიანების სახსნელად მოვიდა და რომელიც მკვდრეთით აღსდგა. მენელსაცხებლე დედებმა სიხარულით აუწყეს ამის შესახებ მოციქულებს, ხოლო შემდეგ წმინდა მოციქულებმა აუწყეს ეს ცნობა მთელს სამყაროს. მოციქულების ქადაგებამ მკვდრეთით აღმსდგარ ქრისტეზე, სამყარო შეცვალა. მიიღეს რა რწმენად მკვდრეთით აღმსდგარი ქრისტე, ადამიანებმა დაიწყეს ახალი ცხოვრების აგება არა თავიანთი ვნებების, არამედ უფლის ხმის მიხედვით, რომელიც მკვდრებს აცოცხლებდა. მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეში ადამიანებმა უკვდავების წყლის ღვთიური წყარო დაინახეს, რომელიც კლავს სულიერ წყურვილს და მარადიულ ცხოვრებაში მიედინება. მკვდრეთით აღსმდგარ ქრისტეში ადამიანებმა იპოვეს ღვთიური ძალა, რომელიც გარდაქმნის ადამიანს და ცუდიდან და დამახინჯებულიდან მას ლამაზად, ძლიერად და კეთილშობილად, სასარგებლოდ აქცევს არა მხოლოდ მისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც მის ირგვლივაა.

ამ წმინდა აღდგომის დღეებში ჩვენ განსაკუთრებით გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი მაცხოვრისა და უფლის მიმართ იმის გამო, რომ ის ჩვენთვის და ჩვენი ხსნისთვის ზეციდან მოევლინა ქვეყნიერებას, შეისხა ხორცი, იტანჯა და აღსდგა მკვდრეთით; იმის გამო, რომ უფალმა გვიბოძა მისი რწმენისა და ქრისტიანის საპატიო სახელის ტარების პატივი. ჩვენ მორჩილად ვლოცულობთ, რათა მკვდრეთით აღმსდგარმა ქრისტემ მოგვცეს გამბედაობა და ვაჟკაცობა ავაგოთ ცხოვრება მის წმინდა მცნებებსა და კანონებზე, რომლებიც თავისი არსით გამოიხატება სიყვარულის ორ მცნებაში: უფლისადამი და მოყვასისადმი სიყვარულში - რათა ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ წოდებით, არამედ ცხოვრებითაც.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ძვირფასო ძმებო და დებო, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღეს. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ხსნას. დაე, მკდვრეთით აღმსდგარმა ქრისტემ, ჩვენმა მაცხოვარმა და უფალმა, დაგიცვათ და აგავსოთ სულიერი ძალით, რომელიც სწყურია ყველა ადამიანს, მაგრამ რომელიც მხოლოდ უფალს გააჩნია; ძალით, რომელიც აუცილებელია სირთულეების, ავადმყოფობებისა და შიშების დასაძლევად, რომლითაც დღეს სავსეა სამყარო და რომელიც ჩვენი მიწიერი არსებობის გზაზე გვხვდება.

წმინდა აღდგომის სახელით მივუტევოთ ერთმანეთს, როგორც უფალმა მიგვიტევა ჩვენ, გადავეხვიოთ ერთმანეთს სიყვარულით, როგორც უფალმა ჩაგვიხუტა და აღვავლინოთ სააღდგომო გამარჯვების გალობა: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (აღდგომის ტროპარი). ამინ.

ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა!

თქვენი მონა-მორჩილი

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრე.''

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ