გარდაიცვალა ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე
79 წლის ასაკში გარდაიცვალა ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი ნეოფიტე.
2024 წლის 13 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე გარდაიცვალა, იუწყება ბულგარეთის საპატრიარქოს ვებგვერდი.
ბულგარეთის პატრიარქი სამხედრო სამედიცინო აკადემიაში (VMA-Sofia) 22:22 საათზე გარდაიცვალა. ის 2023 წლის ნოემბრის ბოლოს საავადმყოფოში გადაიყვანეს ფილტვების გართულებული ავადმყოფობით.
საპატრიარქომ მოუწოდა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ილოცონ გარდაცვლილი წინამძღვრის სულის მოსახსენიებლად. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ხელმძღვანელობას, ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს „გულმოდგინებისა და მზრუნველობისთვის, რომელიც მათ უწმინდეს პატრიარქს გაუწიეს“.
„მარადიული, კურთხეული და ნათელი იყოს ხსოვნა ჩვენი წმიდა მამა ნეოფიტეს, ბულგარეთის პატრიარქისა და სოფიის მიტროპოლიტისა! უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული! ცათა სასუფეველი მისია!’’ - ნათქვამია შეტყობინებაში.
ბულგარეთის პატრიარქი უწმიდესი ნეოფიტე (ერისკაცობაში - დიმიტროვი სიმეონ ნიკოლოვი) დაიბადა 1945 წლის 15 ოქტომბერს სოფიაში. იგი ბერად აღიკვეცა 1975 წელს ტროას მონასტერში. 14 წლის შემდეგ დაინიშნა სოფიის სასულიერო აკადემიის რექტორად. ბულგარეთის პატრიარქად 2013 წლის 24 თებერვალს სოფიაში საპატრიარქოს სახალხო საეკლესიო - საბჭოზე აირჩიეს.
როგორც მჟკ წერს, ბულგარეთის პატრიარქმა დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.