უნეტარესმა ონოფრემ უკრაინელებს საშობაო მილოცვით მიმართა
წინამძღოლმა აღნიშნა, რომ 2024 წელს უმე-ს მრევლი შობას ტყვიების გრუხუნის ქვეშ და სხვა კონფესიათა წარმომადგენლების მხრიდან მტრული დამოკიდებულების განცდით ხვდება.
2024 წლის წინასაშობაო საღამოს უმე-ს წინამძღოლმა, უნეტარესმა ონოფრემ მორწმუნეებს საშობაო მილოცვით მიმართა. მიმართავის ტექსტი უმე-ს პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.
მან აღნიშნა, რომ ამ დიდ დღესასწაულს უკრაინელები ტყვიების გრუხუნის ქვეშ და სხვა კონფესიათა წარმომადგენლების მხრიდან მტრული დამოკიდებულების განცდით ხვდებიან. მაგრამ არანაირ გარემოებას არ ძალუძს, რომ ღვთის სიყვარულს განგვაშოროს. წარმოგიდგენთ მიმართვის სრულ ტექსტს.
„ქრისტე იშვება: ადიდებდეთ!
ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად!...
უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა!“
ქრისტეს შობის ძლისპირი
ამ წმინდა სიტყვებით გულითადად მოგილოცავთ ყველას, ღვთისმოყვარე მღვდელმთავრებო და მღვდლებო, ღვთივსათნო ბერებო და მონაზვნებო, საყვარელო ძმანო და დანო, ქვეყნიერების მაცხოვნებელ უდიდეს დღესასწაულს ხორციელად შობისა მაცხოვრისა ჩვენისა და ღვთისა, უფლისა იესო ქრისტესი.
ფრიად სამწუხაროა, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულს წელსაც სასიკვდილო ტყვიების გრუხუნის ქვეშ ვხვდებით, რითაც მტერი ჩვენს მიწას და ჩვენს ხალხს ანადგურებს. გარდა ამ წუხილისა, ჩვენ შიდა მტრობასაც განვიცდით, რომელიც ჩვენს ხალხში რელიგიურ ნიადაგზეა გაჩაღებული. ყოველ მტრობას, შიდა და გარეს, ერთი ეფექტი, ერთი მოქმედება აქვს - ის გვასუსტებს და გვანადგურებს.
მაგრამ ჩვენ მედგრად ვდგავართ, ვიცავთ საკუთარ მიწას და სიყვარულით ვადასტურებთ ჩვენს ქრისტიანულ ღირსებასა და პატივს. დიდი იმედით ვევედრებით უფალს, რომ შეგვიწყალოს, „მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და დამიცავი მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.“ (ფს. 58, 2).
არანაირ გარემოებებს არ ძალუძთ, რომ განგვაშოროს უფლის სიყვარულს, ამიტომ დღეს ჩვენ გონიერ მზერას მივაპყრობთ ზეცას და სიხარულით ვზეიმობთ ქრისტეს შობას.
ქრისტეს შობა - დღესასწაულია მშვიდობისა და ღვთის კეთილი ნებისა. ქრისტეს შობა - ქვეყნად უფლის ხორციელად მოვლინების უდიდესი საიდუმლოა. ქრისტეს შობა - ღვთიური სიყვარულის განხორციელებაა, რომელმაც ზეცა და მიწა შეაერთა.
წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი ქრისტეს შობას უწოდებს ახალ სასწაულს, სადაც მრავალსაუკუნოვანი ღმერთი ჩვილად იქცა, რათა ადამიანები ღვთის შვილებად ექცია, ხოლო ღირსი ეფრემ ასური ამბობს, რომ ქრისტეს შობაში ღვთაებამ კაცობრივი ბეჭედი მიიღო, რათა ადამიანი ღვთის ბეჭდით დაემშვენებინა. იგივე ღირსი მამა ჩვენს წინაპარ ევაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამზე საუბრისას ამბობს, რომ ევამ შვა მკვლელი, ხოლო ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა ცხოვრებისმომცემელი შვა. ევამ შვა ის, ვინც თავისი ძმის სისხლი დაღვარა, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მარიამმა შვა ის, ვინც საკუთარი სისხლი ძმათა გამო დაღვარა.
ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება იმას, თუ რამდენი სიკეთე, სითბო და ღვთის სიყვარული მოეფინა დედამიწას იმ კურთხეულს ბეთლემის ღამეს. ამას წმინდა ანგელოზებიც ვერ ჩაწვდნენ, რომლებიც კურთხეულ შობის ღამეს ბეთლემის მწყემსებს გამოეცხადნენ და აუწყეს, რომ ახლა ბეთლემში, დავითის ქალაქში, იშვა მაცხოვარი, რომელიც არის უფალი ქრისტე (ლკ. 2, 9-11). მწყემსები პირველები იყვნენ სულიერთა შორის, რომლებიც ბეთლემის გამოქვაბულში მივიდნენ, თაყვანი სცეს ჩვილ ქრისტეს, მოახსენეს ღვთისმშობელსა და იოსებს, თუ რა აუწყეს მათ ანგელოზებმა.
ქრისტეს შობის იმ პირველ დღესვე ბეთლემის გამოქვაბულში სამი ბრძენი მოვიდა - მოგვები აღმოსავლეთიდან. მათ საოცარი ვარსკვლავი გამოეცხადა და ახლადშობილ ჩვილ ქრისტესთან მიიყვანა. მოგვებმა თაყვანი სცეს ჩვილს და წინასწარმეტყველური ძღვენი მიართვეს მას: ოქრო, გუნდრუკი და მური.
რა საოცარი ღვთის სიყვარულია ჩვენ, ცოდვილი ადამიანების მიმართ! შობისთანავე ძე ღვთისა უკვე მთელ კაცობრიობას თავისკენ იხმობს. ღირსი ეფრემ ასური ამტკიცებს, რომ წმინდა ანგელოზები, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ, ნიშანია ღვთისა, რომლის მეშვეობით ჩვილი იესო თავისთან იხმობს იუდეველ ხალხს, ხოლო აღმოსავლეთის ბრძენების წინაშე გამოცხადებული საოცარი ვარსკვლავი - ნიშანია, რომლის მეშვეობით უფალი მთელ კაცობრიობას უხმობს თავისთან. და დღეს, როდესაც ქრისტეს შობიდან ორი ათას წელზე მეტი გავიდა, უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე კვლავ გვიხმობს თითოეულ ჩვენთაგანს.
მიწიერი ცხოვრების პერიოდში ყოველი ადამიანი განსაცდელებში ვარდება და ამ დროს ის საკუთარი ღირსების სულიერ გამოცდას აბარებს. ცხოვრებისეული შეჭირვებებისა და განსაცდელთა დროს ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამოავლინოს თავისი გონივრული სიყვარული ღვთისადმი, შემოქმედისა და გამგებლისადმი და იმ ხალხისადმი, რომლებიც მარადიული ღმერთის სახიერების მატარებლები არიან. ადამიანი, რომელიც განსაცდელებში და შეჭირვებებში არ კარგავს ღვთისადმი და მოყვასისადმი გონივრულ სიყვარულს, მოწმობს, რომ ის ღმერთთან მიდის და მას სურს თანაზიარი იყოს იმ მაცხოვნებელი დღესასწაულისა, რომელიც დაუსაბამო ღმერთმა თავისი შობით მოგვიწყო ჩვენ და რომლითაც გვიხმობს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქვენ.“ (მთ. 11, 28).
ზოგიერთი თვლის, რომ სულის მშვიდობისა და სიმშვიდის მიღწევა შესაძლებელია სიმდიდრით, გართობით და ადამიანური დიდებით. როგორც წესი, ასეთი ხალხი ყველა ხერხით ცდილობს სიმდიდრის დაგროვებას და კაცობრივი დიდებით შემოფარგვლას იმ იმედით, რომ ამით შესაძლებელია სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერების მოპოვება. რა ტრაგედიაა, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ სიმდიდრე და დიდება მოიპოვა, ხოლო სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება ვერ ჰპოვა. სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება ღვთის მადლია, რომელიც არც სიმდიდრეზე და არც დიდებაზე დამოკიდებული არ არის. ნეტარია ადამიანი, რომელმაც შეძლო ამის გაგება და რომელიც, მსგავსად უძღები შვილისა, იპოვის თავის თავში ძალას, რომ ადგეს და მამის სახლში დაბრუნდეს.
ყოველი ადამიანის სულს სწადია ლოცვა, სინანული, მორჩილება და სიყვარული, რომელიც კეთილი საქმეებით მყარდება. და ის ხალხი, რომელთა სულები აღვსილია ლოცვითა და ქმედითი სიყვარულით, მიუხედავად იმისა, მდიდრები არიან თუ ღარიბები, ცნობილები, დიდებულები თუ შეუმჩნეველნი, ტკბებიან ბედნიერებით და მშვიდობით, რომელიც დედამიწაზე ჩვილმა იესომ მოიტანა და რაზეც წმინდა ანგელოზები შობის ღამეს გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება (ლკ. 2, 14).
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ყველას, საყვარელო ძმანო და დანო, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხორციელად შობის დღესასწაულს. გისურვებთ ყველას მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ცხონებას, რათა ჩვენ ყველანი ღირს ვიქმნეთ მაცხოვნებელი ღვთიური დღესასწაულის ღირსეული თანაზიარებისა, რომელიც მოგვმადლა უფალმა ჩვენმა ჩვილმა იესო ქრისტემ, რომლისა თანა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დაე, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი უკრაინის მიწა და მთელი მსოფლიო. ქრისტეშობას გილოცავთ! მდაბალი ონოფრე, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი. ქრისტეშობა, 2024 წ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მართლმადიდებლებს წინასაშობაო საღამო - „სოჩელნიკი“ დაუდგა.