საფრანგეთში მე-12 საუკუნის ტაძარი აუქციონზე 70 000 ევროდ გაიყიდება
პავლე მოციქულის სახელობის ტაძარი პუატიეში დიდი ხანია გამოიყენებოდა როგორც სამუზეუმო ექსპონატების სათავსო.
საფრანგეთის ქალაქ პუატიეს საქალაქო ხელისუფლებამ გადაწყვიტა აუქციონზე 70 000 ევროდ გაყიდოს მე-12 საუკუნეში აშენებული პავლე მოციქულის სახელობის ტაძარი, იტყობინება საიტი riposte-catholique.fr.
ეს ყოფილი სამრევლო ეკლესია საფრანგეთის რევოლუციის დროს გაიყიდა. შემდგომში გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით - ბეღლად, შემდეგ ფეხსაცმლის დუქნად და საწყობად.
როდესაც ეკლესია ქალაქის მმართველობამ იყიდა, მასში განთავსებული იყო მუზეუმის სათავსოები, კერძოდ, იყო მძიმე ქანდაკებები, ასევე შუა საუკუნეების ზარები, რომლებიც შემდგომში გადაიტანეს ფონუი-სოუს-ბიარის ახალ სათავსოში.
პავლე მოციქულის ეკლესია პუატიეში არაერთხელ იქნა გადაკეთებული (მისი აგების აქტიური ეტაპი იყო მე-12-დან მე-15 სს-მდე) და ატარებს რამდენიმე ეპოქის კვალს: რომაული კაპიტელები, ასევე გოთური ელემენტები. ამის წყალობით შენობა დაცულია როგორც ისტორიული ძეგლი.
2014 წელს ქალაქის ხელისუფლებამ ის იყიდა "მაგრამ რაიმე კონკრეტული გეგმის გარეშე", - აღიარა ყოფილმა მერმა ალენ კლეისმა საკრებულოს სხდომაზე და ნანობდა შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას.
თუმცა, ქალაქ პუატიეს ამჟამინდელმა მერმა, ლეონორ მონკონდჰუიმ განაცხადა, რომ „ჩვენ აღარ გვაქვს საშუალება შევინარჩუნოთ შენობები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებია კონკრეტული დანიშნულების გარეშე“.
„განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სახურავი დაზიანებულია და ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ მოქმედი შენობების შეკეთებას“, - დასძინა ნატალი რიმბო-ერიგომ, მერის მოადგილემ, რომელიც პასუხისმგებელია მუნიციპალურ მემკვიდრეობაზე.
მანამდე მჟკ წერდა, რომ თურქეთში რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია აუქციონზე იყო გასაყიდად გამოტანილი.