პატრიარქმა კირილმა ამბოხებულებს ,,დაფიქრებისკენ’’ მოუწოდა
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა რუსეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით მიმართვა გამოაქვეყნა.
2023 წლის 24 ივნისს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა გამოაქვეყნა მიმართვა რუსეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით. ტექსტი საპატრიარქოს ვებგვერდზეა განთავსებული.
„როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, მოვუწოდებ მათ, ვინც იარაღი აიღო და მზადაა იგი ძმების წინააღმდეგ მიმართოს, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდნენ“, - მოუწოდა პატრიარქმა.
მისი თქმით, დღეს რუსი ჯარისკაცები იღუპებიან "ფრონტზე, თავდაუზოგავად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას".
„როდესაც მტრები ყველა ღონეს ხმარობენ რუსეთის განადგურებისთვის, ქვეყნის შიგნით უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა არის უდიდესი დანაშაული, რომელსაც არ აქვს გამართლება“, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
მან მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინს ძალისხმევაში „ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან ასაცილებლად“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პატრიარქი კირილი უკრაინასა და რუსეთს შორის ომში გამარჯვებისთვის ლოცულობს.