ლონდონში ჩარლზ III კორონაციის ცერემონია გაიმართა
ანგლიკანური ეკლესიის მეთაურმა, გვირგვინის დადგმისას, წარმოთქვა სიტყვები „ღმერთო, დაიფარე მეფე“, რაც ცერემონიის 2,2 ათასმა სტუმარმა გაიმეორა.
2023 წლის 6 მაისს ლონდონში გაიმართა ჩარლზ III და დედოფალ-კონსორტ კამილას კორონაციის ცერემონია, იუწყება bbc.com. კორონაცია ჩატარდა ვესტმინსტერის სააბატოში, სადაც მსგავსი ცერემონიები უკვე 900 წელია იმართება.
პირველი ბრიტანელი მონარქი, რომლის კორონაციის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა ვილჰელმ დამპყრობელი იყო, ჩარლზ III მეორმოცე მონარქი გახდა.
კორონაციის ცერემონიას უძღვებოდა ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, კენტერბერიის არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი.
კორონაციისთვის წმინდა ედუარდის გვირგვინი იყო გამოყენებული, რომელსაც ედუარდ აღმსარებლის პატივსაცემად მიანიჭეს ეს სახელი. მისი წონა 2,2 კგ-ია. გვირგვინი მორთულია 400-ზე მეტი ძვირფასი თვლით. სწორედ ამ გვირგვინით მოხდა ყველა ბრიტანელი მონარქის კორონაცია, დაწყებული ჩარლზ II-დან (1630–1685).
კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა, გვირგვინის დადგმისას, წარმოთქვა სიტყვები „ღმერთო, დაიფარე მეფე“, რაც ცერემონიის ყველა, 2,2 ათასმა სტუმარმა გაიმეორა.
ლონდონში კორონაციის ცერემონიაზე ასობით უცხოელი ლიდერი ჩამოვიდა, დაპატიჟებულები არ იყვნენ რუსეთის, ბელორუსის, სირიის, ავღანეთის, ვენესუელის და მიანმარის წარმომადგენლები.
ჩარლზ III-თვის ტახტის გადაცემის ცერემონია უკვე ჩატარდა 10 სექტემბერს ლონდონის ცენტრში სენტ-ჯეიმსის სასახლეში. ელისაბედ II-ის ვაჟი ყველაზე ხანდაზმული მონარქი გახდა, ტახტზე ის 73 წლის ასაკში ავიდა.
დიდ ბრიტანეთში კორონაცია 1953 წლიდან პირველად ტარდება, როდესაც ტახტზე ელისაბედ II ავიდა. ბრიტანელი მონარქების კორონაცია ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ასეთი ცერემონიით იმართება.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, მეფე ჩარლზ III გახდა ანგლიკანური ეკლესიის ახალი მეთაური.