რომის პაპმა განაცხადა, რომ ის უნდა შეხვდეს პატრიარქ კირილს
ვატიკანის მეთაურის თქმით, მისი შეხვედრა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან გასულ ზაფხულს არ შედგა უკრაინის ომის გამო, "მაგრამ ის უნდა შედგეს".
რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს შეხვდეს, იუწყება pap.pl.
ვატიკანის ხელმძღვანელის თქმით, მათი შეხვედრა, რომელიც 2022 წლის ივნისში ან ივლისში იყო დაგეგმილი, უკრაინაში ომის გამო არ შედგა, „მაგრამ ის უნდა შედგეს“.
„ომის დაწყებიდან პატრიარქ კირილთან მხოლოდ ერთხელ მქონდა ურთიერთობა - 40 წუთი Zoom-ზე“, - განაცხადა პონტიფიკმა.
მისი თქმით, ის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან არის კონტაქტში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მიტროპოლიტი ანტონის მეშვეობით.
როგორც მჟკ წერდა, რომის პაპმა განაცხადა, რომ ვატიკანი მონაწილეობს „არასაჯარო“ სამშვიდობო მისიაში, რომლის მიზანია „რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის“ დასრულება.